ირაკლი კობახიძე - არ ვიცი, რატომ ხდება რეგულარულად შეცდომების გაპარვა აშშ-ს საელჩოს განცხადებაში - იმედი გვაქვს, საელჩო შემდეგში უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდება საკუთარ პოზიციებს

ასეთი განცხადებები, დეზინფორმაციული ჩანაწერები წაახალისებს საქართველოში პოლარიზაციას - იმედი გვაქვს, საელჩო შემდეგში უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდება საკუთარ პოზიციებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით აშშ- ის საელჩოს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, საელჩოს განცხადებებში რეგულარულად „იპარება“ ტყუილები.

„ძალიან დასანანი და სამწუხაროა ეს განცხადება. ის შეიცავს ორ არასწორ მინიშნებას: პირველი - საუბარია იმაზე, თითქოს არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს ეს კანონი, რაც არის ტყუილი. ჩვენ როგორც საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს შევთავაზეთ, ასევე პოლიტიკურ პარტიებს (წარმოედგინათ სამართლებრივი არგუმენტები), შემდეგ პრეზიდენტი ჩაერთო ამ საქმეში, ვეტო დაადო, შემდეგ ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, ვერავინ სამართლებრივი შენიშვნა ვერ წარმოადგინა, მითუმეტეს, არავის არ უთქვამს, რომელი სტანდარტია დარღვეული. კითხეთ ნებისმიერ მათგანს, რომელი ერთი სტანდარტია დარღვეული, საელჩოს კითხეთ მათ შორის, ვერავინ დაგისახელებთ. დღემდე ვერ დაასახელეს, 6 თვე გავიდა, რაც დაინიცირდა და ერთი სამართლებრივი შენიშვნა ვერ გამოთქვეს. ეს არის ერთი სამწუხარო ტყუილი, რომელიც გაიპარა საელჩოს განცხადებაში და მეორე - ერთი სამწუხარო რამ წერია, არ ვიცი, ტყუილი თუ რაც გინდათ, ის დაარქვით, მძიმედ უნდა შეფასდეს. ეს არის ის, თითქოს მიზანმიმართულად იქნა მიღებული ეს კანონი მოქალაქეების გაკონტროლებისთვის. ესეც გაუგებარია, რადგან ინგლისურად წერია მონიტორინგი, ქართულად - კონტროლი. თარგმანშიც კი განსხვავებაა, ინგლისურშიც იმიჯნება ეს ტერმინები. მოქალაქეების კონტროლი არის ის, რასაც სინამდვილეში არ ეხება ეს კანონი, ის ეხება დამნაშავეების კონტროლს და როცა ამერიკის საელჩოს განცხადება ერთმანეთთან აიგივებს დამნაშავეებს და საქართველოს მოქალაქეებს, ეს არის ჩვენთვის რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი. ძალიან მკაცრად არის გაწერილი ეს კანონი, ზუსტად არის გაწერილი ყველაფერი, მათ შორის, ვადები, ვადების გახანგრძლივების წესი, დანაშაულის კატეგორიები და საკმაოდ მძიმე დანაშაულის კატეგორიას ეხება ეს კანონი. როცა ხდება მძიმე დამნაშავეების და პოტენციური დამნაშავეების გაიგივება საქართველოს მოქალაქეებთან, ეს ძალიან რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაში შეყვანის შედეგია. რატომ ხდება რეგულარურად ასეთი შეცდომების გაპარვა საელჩოს განცხადებაში, არ ვიცი. ძალიან მძიმეა ჩვენთვის. ასეთი განცხადებები, დეზინფორმაციულო ჩანაწერები წაახალისებს საქართველოში პოლარიზაციას. თუ ჩვენი პარტნიორების მიზანია საქართველოში დეპოლარიზაცია, რა თქმა უნდა, ასეთი მაპოლარიზებელი განცხადებების გაკეთებას ..., მითუმეტეს, ვხედავთ, რადიკალური ოპოზიცია მაშინვე იყენებს ხოლმე ასეთ განცხადებებს ვითარების პოლარიზაციისთვის. ეს არის სამწუხარო და დასანანი და იმედი გვაქვს, საელჩო შემდეგში უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდება საკუთარ პოზიციებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ის საელჩოს დეზინფორმაციის და ტყუილების გავრცელებაში ადანაშაულებს და მაშინ როგორ ფიქრობს, რა მიზანი აქვს ამას, კობახიძე ამბობს, რომ ფაქტებზე საუბრობს.

„მე მტკიცებულება მოგიყვანეთ, ფაქტს გეუბნებით, მე ხომ არ ვადანაშაულებ არავის?...

შედგა არაერთი შეხვედრა, მათ შორის საელჩოს წარმომადგენლებთან და ამ თვეების განმავლობაში არაერთხელ ვთხოვეთ, წარმოგვიდგინეთ ერთი არგუმენტი. არცერთი არგუმენტი, არცერთი სამართლებრივი შენიშვნა არ წარმოუდგენიათ, ამის მერე რატომ კეთდება ასეთი განცხადება, არ ვიცით“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, აშშ-ის საელჩოს შეფასებით, ე.წ.მოსმენების კანონი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას აშორებს და უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები. „პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა“,-აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო