ხერსონში, ფრონტის ხაზთან საბრძოლო მოქმედების გაშუქებისას იტალიელი ჟურნალისტი დაიჭრა

ხერსონში დამოუკიდებელი იტალიელი ჟურნალისტი მატია სორბი დაიჭრა, როდესაც ის ფრონტის ხაზთან ბრძოლას აშუქებდა.
როგორც იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ჟურნალისტი საოპერაციოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. მათივე ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამასთან, იტალიის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ისინი სორბისთან კავშირზე არიან და მუშაობენ მის იტალიაში მალე დაბრუნებაზე.
მატია სორბი რამდენიმე იტალიური გაზეთის თანამშრომელია.
შეგახსენებთ, უკრაინამ გასულ კვირას განაცხადა, რომ ხერსონში რამდენიმე მიმართულებით შეტევა წამოიწყო და სტრატეგიული მიზეზების გამო აგრძელებს "დუმილის რეჟიმს", ჟურნალისტებს კი დროებით აეკრძალათ სამხრეთის ფრონტზე გამგზავრება.

























