ანრი ოხანაშვილი - სამართლებრივი არგუმენტების გარეშე გაკეთებული აშშ-ის საელჩოს განცხადება რადიკალურ ოპოზიციას აძლევს უფრო მეტი რადიკალიზაციის საბაბს, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს პარტიებს შორის პოლარიზაციის გაღრმავებას

სამართლებრივი არგუმენტების გარეშე გაკეთებული აშშ- ის საელჩოს ასეთი განცხადება რადიკალურ ოპოზიციას აძლევს კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაციის საბაბს, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს პარტიებს შორის პოლარიზაციის გაღრმავებას,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ე.წ. მოსმენის კანონთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, მათი ვალდებულებაა, დანაშაულთან ბრძოლისა და მოქალაქეების დაცვის მექანიზმები გააუმჯობესონ.

"ამრიგად, აღნიშნული ცვლილებები სწორედ რომ ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვას ემსახურება.

ამასთანავე ხაზგასასმელია, რომ ამ ცვლილებებით სრულად არის შენარჩუნებული “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ 2014 წელს გატარებული რეფორმის ძირითადი პრინციპები, რომლითაც ფარული საგამოძიებო მოქმედების დასაბუთების უმაღლესი სტანდარტი იქნა შემოტანილი საქართველოს კანონმდებლობაში, რაც 2014 წელს პოზიტიურად შეაფასა ევროსაბჭომ!"- აღნიშნავს ოხანაშვილი.

მისივე თქმით, კანონმდებლობა სრულად შეესაბამება სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილ პირადი ცხოვრების უფლების დაცვის სტანდარტს.

"ვინაიდან სათანადო საპროცესო გარანტიები და კონტროლის მექანიზმები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით უზრუნველყოფილია, 2022 წლის 7 ივნისს მიღებული კანონით გათვალისწინებული, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის განსაზღვრის წესი შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პირადი ცხოვრების უფლების დაცვის სტანდარტს.

ასეთი არგუმენტების საპირისპიროდ, სამწუხაროდ, ვერც ერთმა ჩვენმა ოპონენტმა და კრიტიკოსმა ვერ დაასახელა სტრასბურგის სასამართლოს ერთი საქმეც კი, რომელთანაც შეიძლებოდა წინააღმდეგობაში მოსული ეს ცვლილებები.

ასევე სამწუხაროა, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშიც არ არის დასახელებული სტრასბურგის ერთი საქმეც კი და ამის ნაცვლად მითითებულია, რომ თურმე ამ ცვლილებებით მოქალაქეების კონტროლის შესაძლებლობა გაუჩნდა მთავრობას.

ფაქტია, რომ სამართლებრივი არგუმენტების გარეშე გაკეთებული ასეთი განცხადება რადიკალურ ოპოზიციას აძლევს კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაციის საბაბს, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს პარტიებს შორის პოლარიზაციის გაღრმავებას!"- განაცხადა ოხანაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს