ხარკოვის მიმართულებით უკრაინელი სამხედროები წარმატებულ კონტრშეტევას ახორციელებენ და სამ დღეში თითქმის 50 კმ-ით წაიწიეს წინ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
„ოსტატური და კარგად კოორდინირებული მოქმედებების წყალობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით, 3 დღეში თითქმის 50 კმ-ით წაიწიეს წინ“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, დაზვერვის თანახმად, მტრის ცალკეულმა ნაწილებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს.
„ოკუპანტები ცდილობენ დაჭრილი პერსონალისა და დაზიანებული სამხედრო ტექნიკის ევაკუაციას ოლხოვატკასა და ბოროდოიარსკოეს დასახლებების ტერიტორიებზე. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული საოკუპაციო ჯარების პერსონალი მიმართავს დეზერტირობას და ცდილობს დაბრუნდეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. დღის განმავლობაში 15-ზე მეტი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.