სალომე სამადაშვილი - ლილუაშვილი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი არ არის, ის ივანიშვილის ოჯახის უსაფრთხოებისთვის არის დაქირავებული - სუს-ი უნდა გაუქმდეს

„ლელოს“ პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის უსაფრთხოებისთვის დაქირავებული ადამიანია, რომელიც ასრულებს იმ დავალებებს, რასაც ივანიშვილი აძლევს.

როგორც სალომე სამადაშვილმა პალიტრანიუსისგადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის მოსმენაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, რადგან ის კითხვებს მაინც არ უპასუხებს.

„არ ვაპირებ, რომ პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის მოსმენაში მონაწილეობა მივიღო იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ამას არანაირი აზრი არ აქვს, მითუმეტეს, როდესაც გადაწყვიტეს, რომ სხდომა ნაწილობრივ დახურონ. შეკითხვები თუ იქნებოდა, მასზე პასუხები არ აქვთ. ამ ქვეყანაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია, სხვა ფუნქცია არ გააჩნია. რეალურად, ლილუაშვილი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი არ არის, ის არის ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის უსაფრთხოებისთვის დაქირავებული ადამიანი, რომელიც ასრულებს იმ დავალებებს, რასაც ივანიშვილი აძლევს. თავის მოჩვენება არის, თითქოს ის სახელმწიფო უწყებას წარმოადგენს და ქვეყანაზე ზრუნავს. მგონი ყველას გვესმის, რომ ეს უბრალოდ სპექტაკლია“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ გრიგოლ ლილუაშვილისთვის კითხვების დასმას აზრი არ აქვს, რადგან პასუხს მაინც ვერ მიიღებს.

„რა შეკითხვა უნდა დავუსვა ლილუაშვილს უკანონო მოსმენებსა და მიყურადებაზე, როდესაც იმ პოლიტიკურმა გუნდმა, ვისაც პარლამენტში უმრავლესობა ჰქვია, დაძლია პრეზიდენტის ვეტო, მიიღო კანონპროექტი, რომელზეც აშშ-ის საელჩომ გააკეთა ცალსახა შეფასება, რომ ეს ჩვენი ქვეყნის ევროპულ დღის წესრიგს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

კითხვაზე, მაშინ რა აზრი აქვს ოპოზიციის პარლამენტში ყოფნას, თუ სხდომებში მონაწილეობას არ მიიღებს და კითხვებს არ დასვამს, სალომე სამადაშვილმა უპასუხა, რომ „ლელო“ პარლამენტში საქმიანობას აპირებს იმ მთავარი ამოცანით, რასაც ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება ჰქვია.

„დღეს ბიძინა ივანიშვილის თანაშემწე მართავს პოლიტიკური დევნის ორგანოს, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჰქვია. მისი სიტყვით გამოსვლის ტექსტში ფაქტობრივად ჩადებულია მუქარა, მათ შორის ოპოზიციის და თავისუფალი მედიის მიმართულებით, ამ კაცისთვის შეკითხვის დასმას რა აზრი აქვს უბრალოდ არ ვიცი. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში, აზრი აქვს ერთადერთ რამეს - მოვითხოვოთ, რომ ის გადადგეს. მიმაჩნია, რომ სუს-ი ასეთი სახით არ უნდა არსებობდეს და ხელისუფლება როცა შეიცვლება, ერთ-ერთი რეფორმა, სწორედ ამ სფეროს უნდა შეეხოს. სუს-ი უნდა გაუქმდეს იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

გარდა ამისა, მან ასევე საპროტესტო აქციების ჩატარებაზეც ისაუბრა და ქუჩის აქციები არ გამორიცხა. სალომე სამადაშვილის თქმით, 20 სექტემბერს დაიწყება საპროტესტო აქციები თუ სხვა დროს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ის, რომ საქართველო დემოკრატიულ პროცესს შორდება.

„რაც შეეხება ქუჩის აქციებს და დემონსტრაციებს, დემონსტრაციები ამ ქვეყანაში ყოველთვის იმართებოდა და მომავალშიც გაიმართება. დემოკრატია და ქუჩის აქცია არის დემოკრატიის განუყოფელი ნაწილი. ამიტომ, სუს-ის და „ქართული ოცნების“ პროპაგანდას, თითქოს აქციის გამართვა არის დანაშაული, ნუ ავყვებით. დემოკრატია თუ გვინდა, დემოკრატიის ნაწილი არის ქუჩის აქციები“, - განაცხადა სამადაშვილმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნები რაც უფრო მალე ჩატარდება, მით უკეთესი, მაგრამ მთავარია, როგორ და რა სისტემით.

„ვადამდელი არჩევნები არის სასურველი იმიტომ, რომ რაც უფრო სწრაფად დასრულდება „ქართული ოცნება“, მით უფრო სწრაფად იქნება ამ ქვეყნისთვის შანსი, რომ ევროკომისიის მოთხოვნები შესრულდეს“,-განაცხადა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო