ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2022

თენგიზ ფხალაძე - “დღეს ახალი ევროპა იბადება და საქართველოს ამოცანაა არ აღმოჩნდეს ამ პროცესის მიღმა”
რა მოხდა კიევში გამართულ საიდუმლო ფორუმზე და რატომ არ ენდობა უკრაინა “პარტნიორების საუბარს მშვიდობაზე”
თინა ხიდაშელი - “ისე ჩანს, რომ “ნაცმოძრაობა” თვითლიკვიდაციის რეჟიმშია”
რატომ დაარტყა “ოთხეულმა” გახარიას და რატომ იხსენებენ ძველ ამბებს, რომელიც დღეს აქტუალური აღარაა
ხათუნა ლაგაზიძე - “დაწყებულია სამიზნე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოსახლეობის რუსიფიკაცია”
* * *
თენგიზ ფხალაძე - “დღეს ახალი ევროპა იბადება და საქართველოს ამოცანაა არ აღმოჩნდეს ამ პროცესის მიღმა”
“საქართველო-ევროკავშირის საბჭოს სხდომა მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. დასავლელ პოლიტიკოსებს დიპლომატიურ ენაზე გაკეთებული და მოზომილი განცხადებები ახასიათებთ, ისინი ჩვენსავით ემოციურად არ აკეთებენ შეფასებებს. ამიტომაც ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მათი საუბრის კილოს, არამედ შინაარსს. მათი მოზომილი კრიტიკა არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს. ითქვა, რომ ევროკავშირი ერთგულია საკუთარი პირობის, რომ საქართველოს დაუდგეს გვერდში, მაგრამ ასევე განაცხადეს, გვესმის ქართველი ერის ამბიცია გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ ეს ამბიცია უპირველესად უნდა უკავშირდებოდეს პასუხისმგებლობასო. დიახ, ჩვენს ქვეყანას აქვს აღებული პასუხისმგებლობა როგორც ასოცირების ხელშეკრულებით, ასევე იმ 12 პუნქტით, რომლებიც ევროკომისიამ რეკომენდაციების სახით მოგვცა. ჩვენი პასუხისმგებლობაა რეფორმების გატარება. ჯოზეფ ბორელმა პირდაპირ დაასახელა სასამართლოს რეფორმა, დეპოლარიზაცია და სხვა საკითხები, რომელთა შესრულებაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის გზაზე. ვფიქრობ, გამგებმა ეს უნდა გაიგოს”, - აცხადებს ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პუტინი ბოლომდე გადაიხდის იმ დანაშაულების ფასს, რაც მისმა რეჟიმმა ჩაიდინა”.
“ბორელმა ასევე განაცხადა, რომ რეფორმების გატარება შესაძლებელია მხოლოდ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, თუმცა მთავარი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება. ჩვენ გვაქვს სერიოზული ვალდებულებები, რომელთა დროული შესრულებაც უპირველესად ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. ეს საქართველოს განვითარებას და წინსვლას სჭირდება. რაც შეეხება “მაკკეინის ინსტიტუტის” კონფერენციას, ასეთი ტიპის ფორუმები უმნიშვნელოვანესია, რათა ვილაპარაკოთ იმ საფრთხეებზე, რომლებიც საქართველოს ემუქრება. დღეს, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიმართულია უკრაინისკენ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ჩვენი პრობლემატიკა ჩაიკარგოს. ნამდვილად მისასალმებელია, რომ ჩვენი პარტნიორები ყველანაირად ცდილობენ საქართველოს გვერდში დგომას. ისინი ჩავიდნენ საოკუპაციო ხაზთან და კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს მხარდაჭერა. მადლობა მათ ამისთვის. დისკუსია, რომელიც იქ მიმდინარეობდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქ რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, უფრო მეტი საშუალება იქნებოდა უფრო სრულყოფილად გველაპარაკა ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემურ საკითხებზე. ძალიან დასანანია, რომ ასე არ მოხდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.
“ჩვენ უკვე კარგა ხანია ვცხოვრობთ ორპოლუსიან პარადიგმაში, რომელსაც ვერა და ვერ ვაღწევთ თავს. ეს ნიშნავს, რომ ორივე დაპირისპირებული მხარე საკუთარ თავს მიიჩნევს საუკეთესოდ და ფიქრობს, რომ მის მხარეს არის აბსოლუტური სიმართლე. პოლარიზაციის დასრულებაზე ჩვენი პარტნიორები იმიტომაც გველაპარაკებიან, რომ ორად გახლეჩა ჭამს ქვეყანას. საქართველოსთვის არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამგვარი დაყოფა ქვეყანას საფრთხეს უქმნის, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი ისტორიიდან მაინც ხომ უნდა ვისწავლოთ რამე. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი საკუთარი, პირადი ამბიციების იქით ვერ იხედება. დღევანდელი პოლიტიკური წონასწორობა აგებულია იმაზე, რომ ერთი ძალა შეიძლება ცუდია, მაგრამ მეორე მასზე უარესია. ამ ვითარებაში აღარ რჩება ადგილი შეთანხმების მისაღწევად. ლაპარაკი იმაზე, რომ შუა უნდა გაიკრიფოს, დამღუპველია ქვეყნისთვის. თუ არ არსებობს ორ დაპირისპირებულ ძალას შორის ხიდი, ბოლოს ეს ორი პოლუსი აუცილებლად შეეჯახება ერთმანეთს და ვითარება აუცილებლად მწვავე კონფლიქტამდე მივა. პოლიტიკოსების დიდ ნაწილს ეს პარადიგმა ხელს აძლევს, იმიტომ, რომ ამაზე დგას მათი პოლიტიკური კარიერა - იმ შემთხვევაში, თუ შუა არ გაიკრიფება და შეიქმნება საფუძველი თანამშრომლობისთვის, მაშინ ხომ რადიკალიზმზე დაფუძნებული და მხოლოდ საკუთარი დღის წესრიგიდან მომზირალი პოლიტიკოსების დროც დასრულდება. აი, ამისი ეშინიათ”, - განმარტავს ექსპერტი.
“დაუჯერებელია დღეს “ქართული ოცნების” წევრთა მტკიცება, რომ ამხედრებული ოთხეული მათთან კავშირში არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი პარტნიორების ლანძღვა-გინება, შეურაცხყოფა, ვიოლა ფონ კრამონს თუ სხვა ევროპარლამენტარებს ვეუზრდელოთ, ისე, როგორც კობახიძე, მაგრამ ამით მათ ვერაფერს დავაკლებთ. ამით მხოლოდ ჩვენს თავს ვვნებთ, რადგან ვკარგავთ იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში უჭერდნენ და ჯერ კიდევ უჭერენ მხარს საქართველოს. ჩვენ შეურაცხვყოფთ იმ ადამიანებს, რომლებმაც მომავალშიც უნდა განიხილონ საქართველოს საკითხები, იმსჯელონ და მიიღონ გადაწყვეტილებები. შესაბამისად, თუ ჩვენ გვსურს ევროინტეგრაცია და დასავლეთის ნაწილად განვიხილავთ თავს, მაშინ უნდა მივხვდეთ, ბოლოს და ბოლოს, რომ ეს ხალხი ჩვენი პარტნიორია, პარტნიორებთან კი ასე არ ლაპარაკობენ. ასე ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან არ ლაპარაკობს, ოკუპანტ სახელმწიფოსთან ურთიერთობისას “სტრატეგიული მოთმინებისკენ” მოგვიწოდებენ, სიტყვებს არჩევენ, მაგრამ როდესაც საქმე შეეხება მეგობრებს, მათთან ლაპარაკობენ იმ რიტორიკით, რომელიც სრულიად მიუღებელია საერთაშორისო ურთიერთობებში”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ხშირად მესმის ასეთი კითხვა, რადგან ჩვენი მეგობრები არიან, ყველაფერში უნდა დავეთანხმოთო? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ აქ დათანხმება-არდათანხმებაზე არ არის ლაპარაკი. ლაპარაკია იმაზე, რომ ნებისმიერი განსხვავებული პოზიციის გამოთქმას თუ კრიტიკას აქვს თავისი წესი და ფორმა. მით უფრო, მეგობრებს ასე არ ელაპარაკებიან და არ ადანაშაულებენ ისეთ აბსურდში, რომ თურმე მათ საქართველოს ომში ჩათრევა სურთ. ერთია განცხადებები, რომ თურმე გვინდა ევროპასთან ინტეგრაცია, მაგრამ მეორეა საქმე. საქმით ჩვენი ხელისუფლება მხოლოდ გზას გვიღობავს იმ მიზნის მიღწევაში, რასაც ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაცია ჰქვია.... UშAID-ის ანგარიში არ არის მხოლოდ განცხადება, ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტო არის ფედერალური მთავრობის ნაწილი. ორგანიზაცია სრულად სარგებლობს ინფორმაციის იმავე წყაროებით, რომლებითაც აშშ-ის სახელმწიფო და მისი დოკუმენტი “თაროზე შემოსადები ბროშურა” ნამდვილად არ არის. მას ყურადღებით ეცნობიან აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები. როდესაც ამგვარი ორგანიზაციის შეფასებაზე ამბობ, რომ არ გაინტერესებს, მაშინ ძალაუნებურად აღვივებ აზრს, რომ არ გაინტერესებს პარტნიორის შეფასება. თუ არ გაინტერესებს მისი შეფასება, გამოდის, არც პარტნიორად მიიჩნევ. როგორ შეიძლება გინდოდეს ევროკავშირში ინტეგრაცია და არ გაინტერესებდეს ამ ორგანიზაციის წარმომადგენელთა აზრი, ან აშშ-თან თანამშრომლობის გაღრმავება გსურდეს და მისი სააგენტოს ანგარიშს არაფრად აგდებდე!” - დაასკვნის თენგიზ ფხალაძე.
“ჩვენი მთავარი უბედურება ისაა, რომ პოლიტიკური პროცესი საერთოდ აცდენილია იმ რეალობას, რაც ქვეყანაშია. პოლიტიკოსები გაგებაში არ არიან, საზოგადოებას რა დაკვეთა აქვს, რა აწუხებს და რა უხარია. სამწუხაროდ, ოპოზიცია ნაკლებს ლაპარაკობს ხალხის პრობლემებზე, ან თუ ლაპარაკობს, მხოლოდ და მხოლოდ იმ კონტექსტში, რაც მისთვის პოლიტიკურად მომგებიანი იქნება”, - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე - “ბოლო დღეებში უკრაინიდან სასიხარულო ცნობები ვრცელდება, წარმატებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევები, ოკუპანტები უკან იხევენ”, - პასუხობს:
“ნამდვილად სასიხარულოა. რეალურად დაიწყო ის პროცესი, რომელზეც აქამდეც ვლაპარაკობდით, რომ უკრაინა ემზადებოდა კონტრშეტევებისთვის. მასშტაბი მართლაც შთამბეჭდავია, თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ ერთ თვეში სრულად ამოქმედდება ამერიკული ლენდ-ლიზი, რაც კიდევ მეტ შესაძლებლობას მისცემს უკრაინას. ომში მყოფი ქვეყანა თვეების განმავლობაში იღებდა სამხედრო დახმარებას, მისი სამხედრო მოსამსახურეები კი გადიოდნენ უმნიშვნელოვანეს სწავლებას და ითვისებდნენ ყველზე თანამედროვე იარაღს. დღეს ამ ყველაფრის შედეგს ვხედავთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს უპირველესად იმიტომ, რომ უკრაინა არ არის მარტო. პუტინი ბოლომდე გადაიხდის იმ დანაშაულების ფასს, რაც მისმა რეჟიმმა ჩაიდინა. ომი ერთ-ორ კვირაში ნამდვილად ვერ დასრულდება, სამწუხაროდ, ბრძოლები კიდევ კარგა ხანს გასტანს და სულ უფრო და უფრო გაუჭირდება რუსეთს. რუსეთზე წნეხი უფრო გაიზრდება, უკვე მომავალი თვიდან უფრო მწარედ იგრძნობენ სანქციების ძალას”...
“დღეს ახალი ევროპა იბადება და საქართველოს ამოცანაა არ აღმოჩნდეს ამ პროცესის მიღმა და კიდევ უფრო უარესი, არ აღმოჩნდეს ახალი ევროპული და მსოფლიო წესრიგის არასწორ მხარეს. მერე სწორ მხარეს გადასვლას დიდი დრო დასჭირდება. ახლა ჩვენ ვართ ისტორიულ მომენტში, როდესაც საჭიროა ქმედება, აქტიურობა, როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ. საჭიროა რეფორმების გატარება, ქვეყნის გაძლიერება და არა ერთმანეთთან ქიშპი. ისედაც ბევრი შანსი გავუშვით ხელიდან. წარმოიდგინეთ, რა წინ ვიქნებოდით, რომ გვქონდეს ანაკლიის პორტი, რამდენად დიდი იქნებოდა საქართველოს მნიშვნელობა მსოფლიო გეოპოლიტიკურ კონტექსტში; რამდენად წინ ვიქნებოდით, გაზსაცავი რომ აგვეშენებინა. ამაზე წლებია ვლაპარაკობთ, არაერთხელ ავიღეთ კრედიტიც, მაგრამ ჯერაც არაფერი დაგვიწყია. მეტი შეცდომის დაშვების უფლება არა გვაქვს, რადგან ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავალს განსაზღვრავს”, - დასძენს თენგიზ ფხალაძე.
რა მოხდა კიევში გამართულ საიდუმლო ფორუმზე და რატომ არ ენდობა უკრაინა “პარტნიორების საუბარს მშვიდობაზე”
“უკრაინა არ გაითვალისწინებს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თხოვნას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობასთან დაკავშრებით. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. კიევში კი აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები შეიცვალა - თუკი აქამდე სამშვიდობო მოლაპარაკების გასამართად უკრაინა ითხოვდა, რომ რუსულ არმიას დაეტოვებინა 24 თებერვლის შემდეგ დაკავებული ტერიტორიები, ახლა ყირიმისა და დონბასის სრულ დეოკუპაციას ითხოვენ. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი კი “რეზონანსთან” იმაზე საუბრობს, თუ როდის და რა ვითარებაში იქნება შესაძლებელი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა მოხდა კიევში გამართულ საიდუმლო ფორუმზე და რატომ არ ენდობა უკრაინა “პარტნიორების საუბარს მშვიდობაზე”.
“უკრაინული მედიის ცნობით, კიევში გაიმართა საიდუმლო ფორუმი “იალტა - ევროპული სტრატეგია”, რომელში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც და უკრაინულ მხარეს გააცნო აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გზავნილი ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობასთან დაკავშირებით. მედიის ცნობით, რამდენიმე უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა უარი განაცხადა მსგავსი მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობაზე. ერთ-ერთი არის უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი. მისი თქმით, ისინი არ ენდობიან არანაირ საუბრებს მშვიდობაზე. “ჩვენ (ომის პერიოდში) ბევრი რამ ვისწავლეთ, მათ შორის ვისწავლეთ არ ვენდოთ არანაირ საუბრებს მშვიდობაზე, რომელსაც ჩვენი პარტნიორები გვთავაზობენ”, - განაცხადა რეზნიკოვმა. მანვე დაასახელა უკრაინის ახალი პოზიცია რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების დაწყების პირობებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ კიევი აღარ დასთანხმდება იმას, რაც მან ადრე რუსებს შესთავაზა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“გავამხელ საიდუმლოს - (ბელარუსსა და სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე) ჩვენ რუსებს ვუთხარით: მოლაპარაკებების გასაგრძელებლად და შესათანხმებლად, თქვენ უნდა გაიყვანოთ ჯარები 23 თებერვალს არსებულ მდგომარეობამდე. მაშინ ეს შესაძლებელი იყო. მაგრამ მათ უკვე არაერთხელ გადალახეს უკან არდაბრუნების წერტილი და ეს ვარიანტი დიდი ხანია შეუძლებელია. 24 თებერვლის ვარიანტი არ არსებობს, მხოლოდ 1991 წლის პირველი დეკემბრის“, - თქვა რეზნიკოვმა. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მოლაპარაკებები, თუ რუსეთი დათანხმდება უკრაინის მოთხოვნას საოკუპაციო ძალების გაყვანის შესახებ”, - დასძენს გამოცემა.
“დიდი ხნის წინ დააფიქსირა თავისი პოზიცია უკრაინამ - ჯერ საოკუპაციო ძალები უნდა გაიყვანოს რუსეთმა მათი ტერიტორიიდან და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი მოლაპარაკებების მაგიდასთან. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ დაადასტურა, რომ აღნიშნული პირობა აუცილებელია საზავო შეთანხმების მისაღწევად. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს იწყებს რუსეთთან დათმობების ხარჯზე, რაც სრულიად მიუღებელია. ის განცხადებები, რაც გაჟღერდა უკრაინის მაღალჩინოსნებისგან, არის ამ პრინციპული ხაზის კიდევ ერთხელ დადასტურება და მეტი არაფერი. ამ ეტაპზე შეუძლებელია ისე შეიცვალოს ვითარება, რომ უკრაინა ამ მოთხოვნის გარეშე დათანხმდეს მოლაპარაკებას კრემლთან. მაშინ უპირატესობა უნდა აიღოს რუსეთმა და კიდევ უფრო წაიწიოს წინ ფრონტის ხაზზე, ხოლო უკრაინის არმია სრული დამარცხების წინაშე აღმოჩნდეს. როგორც ვხედავთ, ამას ვერ მიაღწევს რუსეთი, რადგან ფაქტობრივად უკვე განიცადა სამარცხვინო მარცხი. სრულიად ბუნებრივია, რომ ახლა არავითარ მოლაპარაკებებზე არ წავა უკრაინა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.
“წინასწარ მიჭირს საუბარი, მაგრამ, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია გაჩნდეს სერიოზული პრობლემები კრემლში. ბატონი პუტინის პოლიტიკურ კარიერას ფაქტობრივად ესმევა წერტილი. ამ პირობებში კი არა მარტო ჯარს გაიყვანს პუტინი, არამედ იძულებული გახდება დათანხმდეს ყველა პირობას, რასაც წამოაყენებენ უკრაინელები. მათ კი უამრავი ასეთი პირობა აქვთ. პირველ რიგში რეპარაცია, ანუ იმ დანაკარგების საფასურის გადახდა, რაც განიცადა უკრაინამ. ეს კი უზარმაზარ ფინანსებთან არის კავშირში. ამაზე რუსული მხარის დათანხმება შეიძლება მხოლოდ მარცხის პირობებში და დღეს ვხედავთ, რომ მარცხდებიან კიდეც”, - დაასკვნის მენაღარიშვილი.
თინა ხიდაშელი - “ისე ჩანს, რომ “ნაცმოძრაობა” თვითლიკვიდაციის რეჟიმშია”
“სრულიად არაადეკვატურია ახლა ვადამდელ არჩევნებზე ლაპარაკი, ამ მატარებელმა უკვე ჩაიარა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ლოჯისტიკური მიზეზებით არის არაადეკვატური. ვინმეს თუ ჰგონია, რიგით არჩევნებამდე დიდი დროა, ძალიან ცდება. წელიწადნახევარზეა ლაპარაკი და ის კონკრეტული პარტია, რომელიც ამ მოთხოვნით გამოდის, ნაცვლად იმისა, იმ პროცესში იყოს ჩართული, რომელიც რეალურ ცვლილებამდე მიგვიყვანს, რაღაც არასერიოზულით არის დაკავებული. "ნაციონალური მოძრაობაში” ისე იქცევიან, თვითლიკვიდაციის რეჟიმში ჩანან. ჩემი აზრით, ძალიან არასწორი სვლაა ახლა ამის მოთხოვნა”, - აცხადებს ანალიტიკოსი თინა ხიდაშელი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ისე ჩანს, რომ “ნაცმოძრაობა” თვითლიკვიდაციის რეჟიმშია” / “დედამიწის ზურგზე არსად მასობრივი პროტესტი დაანონსებით არ აგორებულა”.
“ამ მოთხოვნას არც ჰყავს ბევრი მხარდამჭერი და ეს ძალიან ცხადია. პარტიებმა კონკრეტულ საკითხებზე უნდა ითანამშრომლონ, მაგრამ ელექტორალური თვალსაზრისით პოზიციური გამიჯვნა ერთმნიშვნელოვანი უნდა იყოს. ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რა ხაზს ატარებს ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც მხარს უჭერს. მაგალითად, მე უნდა ვიცოდე, რა ხაზს ატარებს “ლელო”, რათა შემდეგ არჩევნებში ისევ მომინდეს მისი მხარდაჭერა. მაგრამ ეს არ გამორიცხავს სიტუაციურ საკითხებზე პარტიებთან თანამშრომლობას, ხშირ შემთხვევაში აუცილებელიც კია. ამიტომ როცა ვამბობ, თუ ვინმეს ჰგონია, არჩევნებამდე დიდი დროა, ძალიან ცდება-მეთქი, ამასაც ვგულისხმობ, რომ ამ განმასხვავებელი ხაზების გამოკვეთას დიდი დრო სჭირდება. ასე მარტივი არ არის უცბად სხვა რეალობაში გავიღვიძოთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინა ხიდაშელი.
“სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას არასოდეს ჩამოსცილდება, არავის არ უნდა ჰქონდეს ამის მოლოდინი. მე რომ მკითხოთ, მისი ჩამოსვლა კონტრპროდუქტიული იყო, მაგრამ მოახერხა და გარკვეულწილად ისევ ყურადღების ცენტრში დაბრუნდა, პოლიტიკური პროცესი ცოტა ხნით, მაგრამ მაინც მის გარშემო დატრიალდა. მისი ამოცანა ყოველთვის ეს იყო, მის გარეშე მიმდინარე პროცესები კი სააკაშვილისთვის საინტერესო არასოდეს ყოფილა. ასეთი მოქმედებები შეუნარჩუნებს თუ დააკარგვინებს მხარდამჭერებს, მისი პასუხისმგებლობაა. მე ვფიქრობ, რომ ამგვარი მოქმედებებით ის ასუსტებს საკუთარ თავსაც, საკუთარ ფლანგსაც და საკუთარ პარტიასაც. ჩემი აზრით, კონტრპროდუქტიულია მათი ამოცანებისთვის და ასეთი გზით ისინი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან, რაც სულაც არ არის ცუდი ქვეყნისთვის”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ჩემი აზრით, პრობლემა “ნაცმოძრაობაში” კი არ არის, პრობლემა დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტებშია, რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარი ხაზის, საკუთარი თავის, არჩევანის სრულფასოვნად წარმოჩენას. თუ ეს მოხერხდა, მაშინ ყველაფერი ნორმალურად წარიმართება. თუ ვერა, 2024-ში ისევ “ქართულ ოცნებას” მივიღებთ. რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია საკუთარი ხაზის პოზიციონირებას არ ვიცი. ამის გამოსასწორებლად რამეს რომ აკეთებდნენ, ჯერ არ ჩანს. იმედია, რაღაც პროცესი მიმდინარეობს, რაც ჯერ საჯარო არ არის და შეიძლება ამ საშემოდგომო სეზონზე დავინახოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ისევ ორსუბიექტიანი გველეშაპის დაპირისპირებას”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “ოპოზიციის ნაწილი აქციების გამართვას აპირებს. ზურაბ ჯაფარიძე ხალხს აგროვებს საყოველთაო დაუმორჩილებლობისთვის. თქვენი აზრით, შედეგიანი იქნება ასეთი პოლიტიკა?” - პასუხობს:
“ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვის გამოყენებისთვის, მაგრამ ჩვენ პოლიტიკური უმწიფრობის ყოველდღიურ გამოვლინებებს ვუყურებთ და ძალიან მიკვირს, იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ტრიბუნასთან დგანან და ამას ამბობენ, არ არიან გამოუცდელები, გუშინ არ დაუწყიათ პოლიტიკური საქმიანობა. რევოლუციურ განწყობებს არსად არ აანონსებენ, პირიქით, ჯერ პროცესი უნდა მიიყვანო იქამდე, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს საპროტესტო მუხტი და ამას შემდეგ შეიძლება გაუკეთო ორგანიზება. ზაფხულის სეზონის შემდეგ, მაშინ, როცა ყველაზე სუსტი და მკვდარი პოლიტიკური სეზონია, პირველ განცხადებას იმას რომ გააკეთებ, ხალხმრავალ აქციას გავმართავო, კარგ შემთხვევაში დაგცინებენ”...
“დედამიწის ზურგზე არსად მასობრივი პროტესტი დაანონსებით არ აგორებულა. მასობრივ პროტესტს მოჰყვება ხოლმე პოლიტიკური ელიტის რეაგირება. მას შემდეგ, რაც “ვარდების რევოლუცია” გამოვიარეთ, 2006-7-8 წლები გამოვიარეთ, 2011-12-ის მოვლენები გამოვიარეთ, უცბად 2022 წელს პოლიტიკოსების ნაწილმა აღმოაჩინა, რომ პროცესი იმ ყველაფრის საპირისპიროდ უნდა წარმართონ, რაც ოდესმე წარმატებული ყოფილა. ასე არ ხდება, მოწოდებით ადამიანი არ ბრაზდება. ჯერ ბრაზდება და მოწოდებაზე მერე გამოგეხმაურება, რადგან შენი და მისი ბრაზი ემთხვევა ერთმანეთს”, - ამტკიცებს თინა ხიდაშელი.
“რაც შეეხება ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებას, კოლექტიური ალეკო ელისაშვილი ერთნაირად იქცევა, “ნაცმოძრაობა” მეორენაირად, დანარჩენები - სხვანაირად. ეს არის, ასე ვთქვათ, სამი სხვადასხვა ტიპის სამოქმედო ხაზი. საბოლოოდ ვისი გზა გაამართლებს, ვინ უფრო მეტად მოახერხებს იმას, რომ რაც შეიძლება შედეგიანი იყოს ეს პროცესი, ამას მომავალი გვიჩვენებს. მაგრამ პროცესიდან ჩახსნა, ბოიკოტზე ლაპარაკი, რაც ზოგიერთმა პარტიამ გააკეთა სესიის გახსნამდე, არაპროდუქტიულია, უშედეგოა ამ ეტაპზე. ვისურვებდი ზოგჯერ მაინც შეთანხმებულად წარმართონ პროცესი. მშვენიერი პლატფორმაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზა. საზოგადოების განწყობაც ნათელია. ეს არ არის რომელიმე პარტიის დღის წესრიგის ამოცანა. ის გაცილებით დიდია, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგი. ამიტომ ყველამ უნდა გადააბიჯოს პერსონალურ სიბრაზეებს, გუშინ მე ასე ვთქვი და ახლა სხვანაირად როგორ მოვიქცეო და ყველაფერი გააკეთოს, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებლით დასრულდეს 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობა პარლამენტში. თუ არ გაჩნდა განცდა, რომ ეს ჩვენი, ყველას პროცესია, ყველას გამარჯვებაა, არაფერი გამოვა”, - დასძენს ხიდაშელი.
რატომ დაარტყა “ოთხეულმა” გახარიას და რატომ იხსენებენ ძველ ამბებს, რომელიც დღეს აქტუალური აღარაა
“ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების კიდევ ერთი, ახალი სამიზნე ყოფილი პრემიერი და პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერ გიორგი გახარია გახდა. მათი ცნობით, შს მინსტრობისას გახარია “უცხო ქვეყნის სამსახურში” იმყოფებოდა და მიზანიმართულეად ცდილობდა პოლიციის დისკრედიტირებას. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ამ განცხადების უკან შესაძლოა გარკვეული კვლევის შედეგები იდგეს, რომელიც შემაშფოთებელი აღმოჩნდა ხელისუფლებისათვის. “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები განცხადებას ავრცელებენ, სადაც წერენ, რომ გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობა, უცხო ქვეყნის სამსახურში ჩადგომის შემდეგ, პოლიციის იმიჯისა და რეპუტაციის შესალახად მოითხოვა. დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის წერილს, საქართველოს პარლამენტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ დაარტყა “ოთხეულმა” გახარიას და რატომ იხსენებენ ძველ ამბებს, რომელიც დღეს აქტუალური აღარაა.
“გახარიას “ბასიანში” შესვლას თავის დროზე გუნდშიც სერიოზული კრიტიკა მოჰყვა, განსაკუთრებით კახა კალაძის მხრიდან, რომელიც თავის სამართლიან აღშფოთებას ყველაზე აქტიურად გამოხატავდა. რაც თავიდან ავანტიურისტული შეცდომა გვეგონა, სრულიად შეგნებული დანაშაული აღმოჩნდა. როგორც ჩანს, “ბასიანში” შესვლის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში პოლიციის იმიჯის შელახვა და პოლიციელების მიმართ აგრესიის გაჩენა იყო და ეს დავალება გახარიამ პირნათლად შეასრულა. პოლიციის იმიჯის შესალახად და დასაკნინებლად ჩატარდა პანკისის სპეცოპერაციაც, სადაც გახარიამ სპეცრაზმი არასწორ დროს შეიყვანა და არასწორი დავალებებით ამოქმედა. ყველას კარგად გვახსოვს უმძიმესი სურათი მძიმედ დაშავებული პოლიციელებითა და განადგურებული სპეცტექნიკით. რაც შეცდომა გვეგონა, ამ შემთხვევაშიც შეგნებული დანაშაული აღმოჩნდა, რომელიც ასევე პოლიციის სისუსტის ხელოვნურად წარმოჩენასა და მისი რეპუტაციის შელახვას ემსახურებოდა. რატომ ასროლინა გახარიამ დამიზნებით რეზინის ტყვიები ჟურნალისტებზე და შტურმიდან მოშორებით მყოფ ადამიანებზე, ეს ცალკე განხილვას საჭიროებს. რა თქმა უნდა, მიზანი აქაც პოლიციის იმიჯის დაზიანება და მის მიმართ მოსახლეობაში აგრესიის გაჩენა იყო. საბოლოოდ, როგორც გაირკვა, უცხო ქვეყნის სამსახურში ჩადგომის შემდეგ, გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობა სწორედ პოლიციის დაზიანებისა და მოშლის მიზნით მოითხოვა”, - წერენ დეპუტატები შაბათს გავრცელებულ წერილში”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რატომ გადაერთო „ოთხეული" აშშ-ის ელჩიდან ყოფილ პრემიერზე და რატომ იხსენებენ გასული წლების მოვლენებს, რომლებსაც დღეს აქტუალურობა დაკარგული აქვს? რამაზ საყვარელიძის შეფასებით, "ოთხეული" მმართველი პარტიის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს, თუმცა, რთული სათქმელია რატომ ჩაითვალა საჭიროდ გახარიაზე თავდასხმა... ოთხეულის წერილში ნახსენებია აშშ-ის საელჩოც. ისინი მიიჩნევენ , რომ “იქ, სადაც სამართალდამცავი სტრუქტურები სუსტდება, ხელისუფლებაც ადვილი მოსარყევი ხდება” და ამიტომ ხელისუფლება უკომპრომისო უნდა იყოს კრიმინალთან ბრძოლაში და არ შეეპუოს საელჩოს განცხადებებს”, - დასძენს გამოცემა.
“რთულია ამაზე გააკეთო კომენტარი, მით უმეტეს გვახსოვს, რომ ეს ჯგუფი მუშაობდა მხოლოდ აშშ-სა და ელჩ კელი დეგნანზე. ცოტა უცნაურია ახლა რატომ შეიცვალეს მიმართულება. სავარაუდოა, რომ ეს არის კვლავ “ქართული ოცნების” ინტერესებიდან გამომდინარე გადადგმული ნაბიჯი. მათ იციან, რომ ხელისუფლებიდან წამოსვლისას გახარიას რეიტინგი ამაღლდა და დაიწყო საუბრები იმის შესახებ, რომ ის არის როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ალტერნატივა. როგორც ჩანს, ოთხეული ისევ ”ოცნების” ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს. არ ვიცი რა მდგომარეობაა დღეს, მაგრამ მმართველი გუნდიდან გამოყოფის პერიოდში გახარიას ჰქონდა საკმაოდ კარგი რეიტინგი, არჩევნებშიც არც ისე ცოტა ხმა მიიღო. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ნელ-ნელა საყურადღებო გახდა გახარიას ფაქტორი. ვფიქრობ, ბოლომდე არ ვიცით რა მოხდა. ჯერ ძალიან ადრეა წინასაარჩევნო კამპანიისთვის. ახლა რომ დაიწყეს გახარიას იმიჯის დაზიანება, შესაძლოა ამომრჩეველმა ყველაფერი დაივიწყოს არჩევნებამდე. მე მაინც ვთვლი, რომ შიდა მოვლენების სრული სურათი ჯერ არ გვაქვს. ჩემი ვარაუდით, ამის უკან დგას რაღაც გამოკვლევები, რომელმაც შეაშფოთა ხელისუფლების მხარდამჭერები. ეს ოთხეული კი არც მალავს, რომ მხარს უჭერს “ოცნებას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ხათუნა ლაგაზიძე - “დაწყებულია სამიზნე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოსახლეობის რუსიფიკაცია”
“შეიძლება ითქვას, ეს საქართველოს მშვიდობიანი ოკუპაციის დაანონსებაა, თუმცა ახალი არაფერია. უკვე დიდი ხანია, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების დაცვა პუტინის იმპერიის გაფართოების ხედვის შემადგენელი ნაწილია. უბრალოდ, ახლა არეალი გააფართოვა, რუსეთის მოქალაქეები აღარ იკმარა და მთლიანად რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის უფლება მისცა საკუთარ თავს. მით უფრო იმ ქვეყნებში, რომლებიც ახალ კონცეფციაშია მოხსენიებული. ფაქტობრივად, პუტინმა მოხაზა ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომელთა ერთობლიობითაც რუსული იმპერიის აღდგენას აპირებს. როდესაც პუტინი საუბრობს რუსეთის მოქალაქეების თუ რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვაზე, ის პირდაპირ სამხედრო ოპერაციასაც გულისხმობს”, - აცხადებს უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დაწყებულია სამიზნე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოსახლეობის რუსიფიკაცია”.
“არ არის გამორიცხული, რომ ის დესანტი, რომელიც წელს ასიათასობით გადმოსხეს რუსეთიდან საქართველოში, სწორედ ასეთ საბაბს ელოდებოდეს. რა თქმა უნდა, იმ ათასეულობით რუსიდან, რომლებმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს, ყველა დესანტი ვერ იქნება, მაგრამ პროცესი იმდენად უკონტროლოა, დამშვიდების უფლება ნამდვილად არა გვაქვს. არა მგონია, საქართველოს ხელისუფლება ახდენდეს დიფერენციაციას, თუ ვინ გამოექცა პუტინის რეჟიმს, ვინ ომში წასვლას აარიდა თავი და ვინ სპეცსამსახურის თანამშრომელია. უკონტროლოა არა მარტო რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა, არამედ მათ მიერ საბანკო ანგარიშების გახსნა, საცხოვრებელი ფართობების შეძენა და ბიზნესების რეგისტრაცია. ეს არის საქართველოში ჩადებული ნაღმები, რომელთა აფეთქება რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია. სხვათა შორის, პუტინის ამ კონცეფციაში არანაკლებ საშიშია სხვა პუნქტები, რომლებზეც ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას. ეს არის სამიზნე ქვეყნების რუსიფიკაციის დაანონსება. ანუ ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, მოლდოვისა და რაც მთავარია, საქართველოს დაბრუნების ცდა რუსულ კულტურულ და ენობრივ სივრცეში. შეიძლება ითქვას, უკვე დაწყებულია სამიზნე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოსახლეობის რუსიფიკაცია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.
“აქ მხოლოდ კულტურული ღონისძიებები არ იგულისხმება. გადამწყვეტი ფაქტორი ექნება რელიგიას, ერთმორწმუნეობას. სამწუხაროდ, ბევრს არ გაახსენდება, რომ რუსეთი ერთმორწმუნე უკრაინას დაესხა თავს და რუსმა ჯარისკაცებმა ერთმორწმუნე ქალები და ბავშვები გააუპატიურეს, აწამეს, ამოხოცეს. რელიგიურ ექსპანსიასთან ერთად მთავარი მიმართულება იქნება ასევე პროპაგანდისტული და ფსიქოლოგიური დივერსია საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რადგან აქ საინფორმაციო ომი, ანუ “ტვინების გამორეცხვა”, რუსებს უკვე კარგად აქვთ აპრობირებული. კამპანია “აბა, ომი გინდათ?!” ამის ნაწილია. ახლა ხელისუფლება ელოდება, ვინ გაიმარჯვებს ომში. ალბათ, ფიქრობენ, რომ უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში რუსული პრობლემების კვანძი თავისთავად გაიხსნება და მოასწრებენ ისევ დასავლურ ნავზე შეხტომას, თავის გადარჩენას. თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენს ხელისუფლებაში ბევრია ისეთი, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი შეძლებს უკრაინის უკვე ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებას და უკრაინის დათანხმებას ზავზე”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“შეიძლება ზოგიერთს იმის მოლოდინიც კი აქვს, რომ მოსკოვი კიევს მთელ ზღვისპირეთს წაართმევს. ამ ილუზიების ტყვეობაში მყოფი მმართველი პარტიის დიდი ნაწილი რუსებისთვის ნებისმიერი სახის წინააღმდეგობის გაწევას აზრს მოკლებულად მიიჩნევს. ხელისუფლების ვითომ “გააზრებული პოლიტიკა” იმაში მდგომარეობს, რომ ელოდება, ვის სასარგებლოდ გადაიხრება ომის სასწორი, მანამდე კი პროცესი თვითდინებაზე აქვს მიშვებული. სხვაგვარად წარმოუდგენელია, უზარმაზარი გამოწვევებით სავსე რეგიონში სახელმწიფოს არ ჰქონდეს უსაფრთხოების სტრატეგია, კონცეფცია, რისკების შეფასების დოკუმენტი და ბნელში ხელის ცეცებით დადიოდეს. მე არ ვამბობ, რომ რუსულ პროვოკაციას თვალდახუჭული უნდა წამოვეგოთ. იმას ვამბობ, რომ არასწორია თავადვე შექმნა ის ბომბები, რომელთა განეიტრალების რესურსი შენ არა გაქვს - მაგალითად, “ქართულმა ოცნებამ” თავად გაუხსნა კარი რუსულ პროპაგანდას, თავად შეუწყო ხელი ქართველი საზოგადოების უკიდურეს პოლარიზებას, თავად აწარმოა ისეთი პოლიტიკა, რომ საკუთარი ამომრჩევლის ერთი ნაწილი ყალყზე დააყენა დასავლეთის წინააღმდეგ. რუსეთისთვის არც მოლდოვას დაუწესებია სანქციები, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით ამით არ ამაყობს”, - ამტკიცებს ექსპერტი.
“ჩემი შეხედულებით, პრემიერმა ღარიბაშვილმა დასავლეთის მხარდამჭერი განცხადებები იმიტომ გააკეთა, რომ ბრიუსელში, კეთილგანწყობილ გარემოში უნდოდა ჩასვლა. პრემიერის ვიზიტის პარალელურად, მისმა თანაგუნდელებმა პირდაპირ მტრად შერაცხეს საქართველოში საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები. არადა, იქ წარმოდგენილი იყო თითქმის ყველა გავლენიანი დასავლელი პოლიტიკოსი. ისინი, ვინც პოლიტიკურ ამინდს ქმნიან და ვინც საქართველოს როლს მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ახალ მსოფლიო წესრიგში. მათ შორის იყვნენ ისინი, ვინც საქართველოს ინტერესების დასაცავად წლების განმავლობაში საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე გაცილებით მეტი გააკეთა. მათი მტრებად და ექსტრემისტებად გამოცხადება საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ სვლაა”, - დაასკვნის ხათუნა ლაგაზიძე და შეკითხვაზე - “ყველაფრის მიუხედავად, ბრიუსელში საქართველოზე საკმაოდ კეთილგანწყობილი განცხადებები გააკეთეს”, - პასუხობს:
“ბრიუსელში საქართველოს ხელისუფლება პოზიტიური მესიჯებით წარდგა და შესაბამისად, კრიტიკაც არ იყო მძაფრი. პოზიტიურ მესიჯებში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება მზად არის ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების პროცესში კარი გაუხსნას მთელ პოლიტიკურ სპექტრსა და სამოქალაქო საზოგადოებას. გონივრულად მოქმედებს “ქართული ოცნება”, ყველანაირად ცდილობს შექმნას ისეთი მოცემულობა, რომ თუ ქვეყანა ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებს, ყველაფერი ოპოზიციას დაჰბრალდეს. მმართველი გუნდის ლიდერებმა უკვე არაერთხელ განაცხადეს, რომ თავად ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია უარს ამბობს პროცესში მონაწილეობაზე. მეტსაც გეტყვით: უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში “ქართული ოცნება” იმასაც შეეცდება საზოგადოებას უთხრას: აი, ხომ ხედავთ, ომსაც აგარიდეთ და გამარჯვებულის მხარეზეც დავდექიო. რას აკეთებს ამ დროს ოპოზიცია?! ერთი და იგივე გატკეპნილი ფრაზები და ტაქტიკა. საქართველოში ქარიზმატული ლიდერების დრო წავიდა. ამიტომაც, და ეს ძალიან კარგია, დადგა დიდი სახელმწიფოებრივი იდეების დრო. ოპოზიციამ ასეთი იდეა თუ ვერ იპოვა - როგორ ააშენებს ქვეყანას, რომელიც მოქალაქეების ღირსების საგანიც იქნება, კეთილდღეობის წყაროც და იმავდროულად ექნება უნიკალური ფუნქცია საერთაშორისო არენაზე - უფრო გაღრმავდება ნიჰილიზმი ქართული პოლიტიკური სპექტრის მიმართ”.

























