ანგარიში - 2021 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ ქვეყნის მშპ-ს 13% შეადგინა - ბოლო ათწლეულში რუსეთი რჩება ფულადი გზავნილების მთავარ კონტრიბუტორად, რომელსაც მოჰყვება იტალია, აშშ და საბერძნეთი

2021 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 13% შეადგინა - ბოლო ათწლეულში რუსეთი რჩება საქართველოში ფულადი გზავნილების მთავარ კონტრიბუტორად, რომელსაც მოჰყვება იტალია, აშშ და საბერძნეთი, - ამის შესახებ პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) მიერ საქართველოს ეკონომიკაზე ემიგრაციისა და ფულადი გზავნილების ეფექტის შესახებ მომზადებული ანგარიშშია აღნიშნული.

კერძოდ, ანგარიშის თანახმად, 2021 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ 2.35 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 13%-ია. ამასთან, 2020 წელს საქართველომ 23-ე ადგილი დაიკავა მსოფლიოში ფულადი გზავნილების მშპ-სთან თანაფარდობით და მეორე ადგილი - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, მოლდოვას შემდეგ.

„ქვეყნების მიხედვით ფულადი გზავნილების ანალიზი ცხადყოფს, რომ ბოლო ათწლეულში რუსეთი რჩება საქართველოში ფულადი გზავნილების მთავარ კონტრიბუტორად, რომელსაც მოჰყვება იტალია, აშშ და საბერძნეთი. თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან გზავნილების ოდენობა და წილიც, საქართველოში ფულადი გზავნილების მთლიან ოდენობაში, მცირდება. 2012-2021 წლებში რუსეთიდან გზავნილების მოცულობა 45%-ით შემცირდა და 0.41 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, გაიზარდა გზავნილები სხვა წამყვანი ქვეყნებიდან, განსაკუთრებით აშშ-დან 284%-ით. საგრძნობლად მოიმატა გზავნილების მოცულობამ სხვა სახელმწიფოებიდანაც (310%). ბოლო ათწლეულში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ქართველი ემიგრანტების რაოდენობის კლებასთან ერთად ფულად გზავნილებში მათი წილიც შემცირდა. ამასთან, გაიზარდა ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების წილი. 2012 წელს პოსტსაბჭოთა ქვეყნების წილი ფულად გზავნილებში 59%-ს შეადგენდა, ხოლო 2021 წელს - 27%-ს. იმავდროულად, ევროკავშირის წილი 25%-დან 41%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების შემდეგ ევროკავშირიდან ფულადი გზავნილები, მნიშვნელოვნად - 11 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

საქართველოს ეკონომიკაზე ფულადი გზავნილების ეფექტის უკეთ წარმოსაჩენად მნიშვნელოვანია მისი შედარება ისეთ ინდიკატორებთან, როგორებიცაა: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და ექსპორტი. ბოლო ათწლეულში საშუალოდ ფულადი გზავნილები წელიწადში 1.53 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 18%-ით მეტია ამავე პერიოდის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. თუმცა 23%-ით ჩამორჩებოდა საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, ხოლო ექსპორტის მოცულობას - 49%-ით. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება ფულად გზავნილებზე აშკარა გახდა, როდესაც COVID-19-ის კრიზისის დროს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები - 88%-ით, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 53%-ით შემცირდა და ჯამში 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. ხოლო, ფულადი გზავნილების მოცულობა 8.8%-ით გაიზარდა, 1.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და საქართველოში ექსპორტის შემდეგ, უცხოური ვალუტის შემოდინების მთავარი წყარო გახდა“,- ნათქვამია ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო