მამუკა მდინარაძე - გიორგი ვაშაძე გავიდა მომსახურების ზონიდან, ჭკუა აღარ მოეკითხება

გიორგი ვაშაძე გავიდა მომსახურების ზონიდან, ჭკუა აღარ მოეკითხება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გადაწყვეტილებას, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესში არ ჩაერთვება.

მდინარაძის თქმით, გიორგი ვაშაძის განცხადებები რადიკალიზმის გაღრმავებას ემსახურება.

„ეს არის რადიკალიზმის გაღრმავების მცდელობა, არანაირ ხუთი პარტია, რომლებიც ამ რადიკალურ მოძრაობაშია ჩართული, არ არსებობს. არსებობს ერთი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც შედგება შემდეგი პარტიებისგან: „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, პარლამენტს გარეთ - „დროა“ და ზურა ჯაფარიძის „გირჩი“. ეს ხუთი პარტია აანონსებს შენობებში შეჭრას, არეულობას, რევოლუციურ სცენარს, რაც გამორიცხულია. ვერ მიხვდნენ, რომ არ არის 2003 წელი და სახელმწიფო შედგა. ვაშაძის პოზიცია არის რადიკალიზაციის გაღრმავების კიდევ ერთი დასტურიც და მცდელობაც“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საკითხზე საუბრისას მდინარაძემ პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით ვაშაძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებაც ახსენა და თქვა, რომ „რაც ვაშაძემ იკადრა, არაფერში ჯდება“.

„ვაშაძე პირად შეურაცხყოფაზეა გადასული და რაც, მაგალითად, პირადად პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით იკადრა, არაფერში ჯდება - არც ეთიკაში, არც ზრდილობაში, შეუძლია გააკრიტიკოს ნებისმიერი ჩვენგანი, ოღონდ პირადი შეურაცხყოფა რაში სჭირდება, არ ვიცი, რადიკალიზმის ხარისხს ამძაფრებს ამით, ალბათ, თავისი ჭკუით“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება თავად სახალხო დამცველის არჩევის პროცესს, მდინარაძე ამბობს, რომ კონსულტაციების დროს ამ საკითხზე არსებითი წინააღმდეგობა არ ყოფილა. მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ 9-კაციანი კომისიის დაკომპლექტებისა და მათი შეფასების შემდეგ სახალხო დამცველის კანდიდატზე შეჯერდებიან.

„რაც შეეხება სახალხო დამცველთან დაკავშირებით ევროკავშირის მე-12 რეკომენდაციას, სამწუხაროა, რომ მის აღსრულებაში სამმა რადიკალურმა პარტიამ მონაწილეობა არ მიიღო. მათ პირველი მოსმენისგან განსხვავებით მხარი აღარ დაუჭირეს, შემდეგ ორმა მათგანმა ალბათ იფიქრა, რომ ეს ძალიან დამაზიანებელი იყო მათთვის (ქვეყნისთვის დამაზიანებლობაზე ისინი დიდად არ შფოთავენ) და კარგია, რომ შემოვიდნენ კონსულტაციაზე, სადაც 9-კაციანი სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტებას განვიხილავდით. იქ რაიმე არსებითი წინააღმდეგობა არ ყოფილა. ამას ხშირად იმას ვაბრალებ ხოლმე, რომ სადაც კამერები არაა, იქ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების მეტი შანსია. ვფიქრობ 9-კაციანი კომისიის შექმნის და მათი შეფასების შემდეგ, შევძლებთ შევჯერდეთ კანდიდატზე. ეს ოპტიმიზმი გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ არ წარვადგენთ კანდიდატს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, თუ ყველა ოპოზიციური პარტია გადაწყვეტს, რომ საბოტაჟი მოუწყოს ამ პროცესს, რაც, ჩემი აზრით, გამორიცხულია. ამიტომ „ქართული ოცნება“ პრინციპულად არ წარადგენს კანდიდატს, რათა ევრორეკომენდაციის შესრულების და საერთო კანდიდატზე შეთანხმების მეტი გარანტია იყოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებელი" სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით პროცესში მონაწილეობას არ აპირებს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლების მიერ ინიცირებული ცვლილებები არ შეესაბამება ევროპული რეკომენდაციის პრინციპებს.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, მან პაპუაშვილს „არაფრის მაქნისი მარიონეტი“ უწოდა და განაცხადა, რომ ის „ელემენტარულ გადაწყვეტილებებსაც კი ვერ იღებს“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო