კრივოი როგის ორ რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

რუსული ძალების მიერ კრივოი როგის დაბომბვის შედეგად მდინარე ინგულეცში წყლის დონის აწევის გამო ორ რაიონში მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ ვილკულზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსებმა მორიგი ტერორისტული აქტი ჩაიდინეს. კრივოი როგში 8 ფრთოსანი რაკეტით დიდ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს დაარტყეს. ვაკონტროლებთ სიტუაციას, ავარიის ლიკვიდაცია გრძელდება, ყველა შესაბამისი სამსახური ჩართულია და ადგილზე იმყოფება. მდინარე ინგულეცში წყლის დონემ მოიმატა. ზედმეტი რისკებისგან თავის დაღწევის მიზნით, რამდენიმე ქუჩის მცხოვრებლებს ევაკუაციის თხოვნით მივმართავ“, - აღნიშნა ვილკულმა.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა გუშინ საღამოს კრივოი როგზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, მტერმა ქალაქის კრიტიკულ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას დაარტყა, რის შედეგადაც ჰიდროტექნიკური ნაგებობები სერიოზულად დაზიანდა.

























