ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ეკონომიკის გაუარესებას, პრორუსული ძალების გააქტიურებას, რუსეთის სამხედრო აგრესიასა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესებას ელის.
კერძოდ, გამოკითხული მოსახლეობის 66% საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას ელის; ეს მოლოდინი არ აქვს 7%-ს; 18% ამბობს, რომ ეს ნაკლებად მოსალოდნელია; 9%-მა კი არ იცის.
კვლევის თანახმადვე, გამოკითხული მოსახლეობის 58%-ის აზრით, მოსალოდნელია საქართველოში პრორუსული პოლიტიკური ძალების გააქტიურება; 18% ამბობს, რომ ეს ნაკლებად მოსალოდნელია; 8%-ს ამის მოლოდინი არ აქვს; 16%-მა კი პასუხი არ იცის.
ამასთან, გამოკითხული მოსახლეობის 49% ფიქრობს, რომ რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოს მიმართ მოსალოდნელია; 23%-ის აზრით, ეს ნაკლებად მოსალოდნელია; 15% ამბობს, რომ ამის მოლოდინი არ არის; 13%-ის თქმით, არ იცის.
გამოკითხულების 44%-ის აზრით, მოსალოდნელია, ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესება/გაფუჭება; 23% ფიქრობს, რომ ნაკლებადაა მოსალოდნელი; 14%-ის აზრით, არ არის მოსალოდნელი; 19% კი ამბობს, რომ არ იცის.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"