უკრაინა სლოვენიიდან 28 ერთეულ M-55S ტანკს მიიღებს

სლოვენიის პრემიერ-მინისტრი, რობერტ გოლობი და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინაში M-55S ტიპის 28 ტანკის გადაცემაზე შეთანხმდნენ, რის სანაცვლოდაც სლოვენია 40 ერთეულ გერმანულ სამხედრო აღჭურვილობას მიიღებს, - ამის შესახებ სლოვენიის მთავრობის პრესსამსახური იუწყება.
მათი ინფორმაციით, რობერტ გოლობმა და ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბრის დროს სხვა საკითხებთან ერთად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაც განიხილეს.
„უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის სულისკვეთებით, პრემიერ-მინისტრი გოლობი და კანცლერი შოლცი ერთობლივ ქმედებებზე შეთანხმდნენ, რათა უკრაინულმა მხარემ 28 სლოვენიური M-55S ტიპის ტანკი მიიღოს. სლოვენია კი 40 ერთეულ გერმანულ სამხედრო სატრანსპორტო მანქანას მიიღებს“, - აცხადებენ სლოვენიის მთავრობაში.

























