ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი - პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია ხელს შეუწყობს ახალი საზარბაზნე ხორცის მომარაგებას თითქმის განადგურებული შენაერთების შესავსებად

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, არვიდას ანუსაუსკასის განცხადებით, რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია იმის ნიშანია, რომ მოსკოვი სავალალო სიტუაციაშია.
მისი თქმით, უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნილი რეზერვისტები „საზარბაზნე ხორცები“ იქნებიან.
„პუტინის „გამარჯვების სამდღიანმა ომმა“ მობილიზაციის ეტაპს მიაღწია. ასე რომ, საკმაოდ ცუდი სიტუაციაა“, - დაწერა მინისტრმა „ფეისბუქზე“.
„პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია დღეიდან ხელს შეუწყობს ახალი საზარბაზნე ხორცის მომარაგებას თითქმის განადგურებული შენაერთების შესავსებად და ძველი ტანკებით ცუდად გაწვრთნილი ჯარების ახალი ტალღის გაგზავნას“, - აცხადებს ლიეტუვის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი არის რუსეთის მცდელობა, შეინარჩუნოს ზეწოლა უკრაინულ ძალებზე.
„საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების პასუხი უნდა იყოს მოწინავე სამხედრო აღჭურვილობის უწყვეტი ნაკადი იმ ერისთვის, რომელიც იცავს თავს გენოციდისგან”, - აღნიშნა არვიდას ანუსაუსკასმა.

























