უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ე.წ. რეფერენდუმები დღეს სრულდება

უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ე.წ. რეფერენდუმებზე „ხმის მიცემის პროცესი“ დღეს სრულდება. 27 სექტემბერი „კენჭისყრის“ ბოლო და ერთადერთი დღეა, როდესაც „ხმის მიცემის“ პროცესი სტაციონარულ საარჩევნო უბნებზე გაიმართება. წინა ოთხი დღის განმავლობაში ხმები „საველე საარჩევნო კომისიამ“ შეაგროვა.
საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „რეფერენდუმი“ ოთხივე ოლქში ჩატარებულად გამოცხადდა, ვინაიდან „ამომრჩეველთა აქტივობამ“ 50-პროცენტიან ბარიერს ყველგან გადააჭარბა.
მათივე ცნობით, ორშაბათის ღამის მდგომარეობით, „ამომრჩეველთა აქტივობამ“ დონეცკში 86.89%-ი, ლუგანსკში - 83.61%-ი, ხერსონში - 63.58%-ი, ზაპოროჟიეში კი - 66.43%-ი შეადგინა.
შეგახსენებთ, უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები ე.წ. რეფერენდუმებს უკანონო პროცესად აფასებენ და აცხადებენ, რომ მათ შედეგებს არ აღიარებენ.

























