მსოფლიო ბანკისგან უკრაინა 529.9 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს

მსოფლიო ბანკისგან უკრაინა 529.9 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს

უკრაინა მსოფლიო ბანკისგან 530 მილიონ აშშ დოლარამდე მიიღებს. უკრინის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეთანხმებას ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა) არუპ ბანერჯიმ მოაწერეს ხელი.

“მოზიდული სახსრები ხელს შეუწყობს უკრაინის სახელმწიფო მმართველობის სისტემის ფუნქციონირების ეფექტურობასა და მდგრადობას, შემდგომში კი სამხედრო მდგომარეობის პირობებში გადაუდებელი სოციალური საჭიროებების დაფინანსებას”, - აღნიშნა მარჩენკომ.

სესხის თანხა გადაიგზავნება უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის საერთო ფონდში საჯარო სექტორის თანამშრომლების ხელფასების ასანაზღაურებლად, საპენსიო გადასახადებისა და ცალკეული სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამების უზრუნველყოფისთვის, დაბალშემოსავლიანი ოჯახების, შშმ ბავშვებისა და დევნილების მხარდასაჭერად.

შეთანხმების თანახმად, უკრაინას 529.9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გადაეცემა შეღავათიანი პირობებით, დიდი ბრიტანეთისა და დანიის გარანტობით. სესხის დაფარვის ვადა 19 წელია, ხუთწლიანი შეღავათიანი პერიოდით.