თენგიზ ცერცვაძე - შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს საქართველოში მოსახლეობის COVID უსაფრთხოება საიმედოდ არის დაცული და პანდემია არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ცხოვრების ხარისხზე

კორონავირუსის პანდემიიდან თითქმის სამი წელი გადის. გადაიარა თუ არა პიკმა, მოსალოდნელია თუ არა შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ინფიცირების ახალი „ტალღები“ და ზოგადად, როგორ გაიარა მთავრობამ გასული 3 წელი პანდემიის მართვის თვალსაზრისით - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "ინტერპრესნიუსს" ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ესაუბრა.

- ბატონო, თენგიზ, თითქმის სამი წელი გავიდა უკვე, რაც ქვეყანა კორონავირუსის მართვაშია ჩართული. თქვენ რამდენჯერმე გაავრცელეთ მიმართვა, სადაც შეაფასეთ უშუალოდ მართვის პროცესი და აღნიშნავდით, რომ საქართველოში ყველა პირობაა შექმნილი, რათა თავიდან იქნეს აცილებული COVID-ის ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხზე და ქვეყნის ეკონომიკაზე. რამდენად არის შექმნილი ამის წინაპირობა, უნდა ჰქონდეს საზოგადოებას იმედი, რომ კორონავირუსი ისე იმართება ქვეყანაში, რომ მართლაც არ ექნება გავლენა მათი ცხოვრების ხარისხზე?

- ყველას აინტერესებს, დამთავრდება თუ არა COVID-ის პანდემია. დარჩება თუ არა კორონავირუსი ჩვენს ცხოვრებაში. მართალია, პიკის პერიოდები უკვე გავიარეთ, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ პანდემია უახლოეს დროში არ დამთავრდება და კორონავირუსი მალე არ გაქრება. ბოლო თვეებში მსოფლიოშიც და საქართველოშიც ეპიდვითარება დასტაბილურდა კლების ტენდენციით. თუ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, მსოფლიოში COVID-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა დღეში 1 მილიონზე მეტი იყო, ახლა დაახლოებით 500-700 ათასის ფარგლებშია. მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, მაინც არ არის სწორი ის აზრი, რომ იგი საფრთხეს არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის. მსოფლიოში ბოლო თვეებში, ყოველდღიურად, COVID -ით 1000-დან 2000-მდე გარდაცვალება ფიქსირდებოდა, რაც „დელტა“ შტამით გამოწვეულ სიკვდილობაზე ბევრად ნაკლებია, მაგრამ ცოტა მაინც არ არის. მსგავსი ტენდენციაა საქართველოშიც. თუ ჯერ კიდევ 1 თვის წინ ყოველდღიურად საშუალოდ COVID-ის დაახლოებით 1800 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ახლა ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა განახევრებულია შემდგომი კლების ტენდენციით.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში ბოლო თვეებში COVID-ით გარდაცვალების შემთხვევებს მინიმალურ ნიშნულზე ვინარჩუნებთ, თანაც კლების ტენდენციით. თუ წინა თვეებში 1 კვირაში COVID-ით გარდაცვალების საშუალოდ 5-8 შემთხვევა ფიქსირდებოდა (სხვა ქვეყნებზე ბევრად ნაკლები), ა.წ. სექტემბრის თვეში 1 კვირაში მხოლოდ 3-5 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს, ანუ დღეში საშუალოდ 1-ზე ნაკლები გარდაცვალება, რაც თითქმის არ განსხვავდება (ან მხოლოდ ცოტათი მეტია) გრიპის ეპიდემიების დროს არსებულ სიკვდილობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე მაღალი სანდოობის მქონე საერთაშორისო ინსტიტუტების ოფიციალური მონაცემებით, ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით, ბოლო 6 თვის მანძილზე, საქართველოში COVID-ით გარდაცვალების შემთხვევები ბევრად, შეუდარებლად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის ისეთ ქვეყნებშიც, რომლებიც COVID-ის მართვაში ყველაზე წარმატებულად ითვლება (სკანდინავიის ქვეყნები, გერმანია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, იაპონია და სხვ.). ასევე, შემცირდა დაავადების დამძიმების და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები. თუ 1-2 თვის წინ, ქვეყანაში 1000-ზე მეტი ჰოსპიტალიზებული COVID პაციენტი იყო, ახლა მხოლოდ 500-მდე გვყავს. სწორედ ამ დინამიკამ მოგვცა იმის თქმის უფლება, რომ სადღეისოდ ჩვენ COVID-ს თითქმის ისე ვმართავთ, როგორც რიგით რესპირაციულ ინფექციას. ეს დიდი მიღწევაა. კერძოდ, თუ ადრე COVID პანდემია ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენდა ადამიანის სიცოცხლეზე და ცხოვრების ხარისხზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკაზე, ახლა ასე აღარ არის. COVID-ის, როგორც რიგითი რესპირაციული ინფექციის მართვა ნიშნავს, რომ COVID გარდაცვალების შემთხვევები არ აღემატება ან მხოლოდ ცოტათი აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციების, მაგალითად, გრიპის დროს გარდაცვალების შემთხვევებს, რომ თუ კორონავირუსით დაინფიცირდებით, დროულად მიმართავთ ექიმს და შეასრულებთ მის რეკომენდაციებს, COVID-ს გადაიტანთ, როგორც რიგით რესპირაციულ ინფექციას. სწორედ ეს არის სადღეისოდ მთელ მსოფლიოში ძირითადი მიზანი და საქართველომ ეს ერთ-ერთმა პირველმა გააკეთა. ეს იმას ნიშნავს, რომ აღარ იქნება საჭირო ის შეზღუდვები და რეგულაციები, რომლებიც უდიდეს პრობლემებს უქმნიდა მოსახლეობას და ქვეყნის ეკონომიკას. ეს ნიშნავს სავსე სტადიონებს, საკონცერტო დარბაზებს, რესტორნებს, სავაჭრო ცენტრებს, ცოცხალ (და არა ონლაინ) სწავლებას უნივერსიტეტებში, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. ეს ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას და ა.შ. შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს საქართველოში მოსახლეობის COVID უსაფრთხოება საიმედოდ არის დაცული და COVID-ი პრაქტიკულად არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ცხოვრების ხარისხზე.

ეს რომ ნამდვილად ასეა და არაფერს ვაჭარბებთ, იქიდანაც ჩანს, რომ ბოლო თვეებში პრაქტიკულად არ გამოჩენილან ოპონენტები, რომლებიც საწინააღმდეგოს იტყოდნენ.

- თქვენ პასუხისმგებელი ხართ კლინიკურ მართვაზეც. რა ვითარება იყო უშუალოდ კლინიკური მართვის თვალსაზრისით?

- დიახ, მე პასუხისმგებელი ვარ COVID-ის კლინიკურ მართვაზე და არა ზოგადად პანდემიის მართვაზე. საქართველოს, ისევე როგორც პრაქტიკულად ყველა ქვეყანას, ჰქონდა მძიმე პერიოდები, როდესაც რიგი მიზეზების გამო (ვაქცინაციით დაბალი მოცვა, პირბადეების არასაკმარისი გამოყენება, ხალხმრავალი შეკრებები, მიტინგები და სხვ.) ძალიან მაღალი იყო COVID-ის ახალი შემთხვევების (დღეში 20-25 ათასი) რაოდენობა და შესაბამისად, მაღალი იყო COVID-ით გარდაცვალების შემთხვევები, მაგრამ მაშინაც კლინიკური სექტორი გამართულად (თუმცა დიდი გადაძაბვით) მუშაობდა. ყოველთვის ვახერხებდით, რომ არცერთი ავადმყოფი არ დარჩენილიყო ექიმის და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე. პრაქტიკულად უზრუნველყოფილი იყო ყველა მძიმე ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია დაუყოვნებლივ ან ძალიან მცირე დაყოვნებით, პაციენტების პროაქტიული მკურნალობა და მართვა თანამედროვე მედიკამენტებით და მეთოდებით. არც ერთხელ არ შექმნილა საწოლების, მათ შორის რეანიმაციული საწოლების, მედიკამენტების, სუნთქვის აპარატების, ჟანგბადის და სხვ. დეფიციტი. თითქოს ეს ასეც უნდა იყოს და ამაში არაჩვეულებრივი არაფერია, მაგრამ ასე არ არის. ძალიან ბევრი განვითარებული და საქართველოზე ბევრად უფრო ძლიერი ჯანდაცვის მქონე ქვეყნები ამას ყოველთვის ვერ ახერხებდნენ. პიკის პერიოდებში ყველაზე განვითარებული ქვეყნებისათვისაც კი ჩვეულებრივი მოვლენა იყო საწოლფონდის ნაკლებობა, გრძელი რიგები კლინიკებთან, ავადმყოფების პრიორიტიზება, სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა და ასე განსაჯეთ ჟანგბადის ნაკლებობაც კი. მაღალი იყო ბინაზე გარდაცვალების შემთხვევები და ა.შ. საქართველოში მსგავსი რამ პრაქტიკულად არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით შეფერხებების 2-3 კვირიან პერიოდს.

მაშინ, როდესაც საქართველოში პირველ წელს COVID-ის ახალი შემთხვევები და გარდაცვალება ძალიან დაბალი იყო, ზოგიერთები იმას კი არ ამბობდნენ, რომ ეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გამართული მუშაობის დამსახურება იყო, არა! ამბობდნენ, რომ საქართველოს უბრალოდ გაუმართლა. იცით, ასეთი გამართლება არ არსებობს. უმართლებს მას, ვინც ამას იმსახურებს.

- თქვენ აღნიშნეთ კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტები. როგორ მიმდინარებს მათი ადმინისტრირება ქვეყანაში, რა ხელშესახები შედეგები დავინახეთ პაციენტების მკურნალობისას?

-- საქართველომ პირველმა, ან ერთ-ერთმა პირველმა დანერგა COVID-ის სამკურნალო ყველა ის ახალი მედიკამენტი, რომელიც დღეს სიცოცხლის გადამრჩენ მედიკამენტად ითვლება. მაშინ, გამოცდილება პრაქტიკულად არ არსებობდა, ათეულობით მედიკამენტი გადიოდა კლინიკურ კვლევებს და სწორი არჩევანის გაკეთება იოლი არ იყო, გინდათ პროფესიული ალღო დაარქვით, გინდათ სხვა რამ, მაგრამ ფაქტია, რომ მოვახერხეთ და საქართველოში უმოკლეს დროში დაგვენერგა სწორედ ის მედიკამენტები, რომლებმაც შემდგომში გაამართლეს და სიცოცხლის გადამრჩენ მედიკამენტებად იქცა. ეს არის - „პაქსლოვიდი“, „რემდესივირი“, „ტოცილიზუმაბი“, მონოკლონური ანტისხეულები, „ბარიციტინიბი“ და სხვ.

ასე მაგალითად, იყო მედიკამენტი „ტოცილიზუმაბი“, რომელიც ერთ-ერთმა პირველმა ჯერ კიდევ 2020 წელს გამოვიყენეთ მაშინ, როდესაც კლინიკური კვლევები ჯერ არ იყო დამთავრებული და შესაბამისად, ოფიციალური რეკომენდაცია არ არსებობდა. ამაზე კრიტიკაც შეგვხვდა, თითქოს ექსპერიმენტს ვატარებთ. 2021 წელს ბრიტანელებმა დადეს დიდი კლინიკური კვლევის შედეგები და ნახეს, რომ „ტოცილიზუმაბი“ კრიტიკულად მძიმე COVID ავადმყოფებში 24%-ით ამცირებს სიკვდილობას. ამის შემდეგ „ტოცილიზუმაბი“ უმოკლეს დროში დაიტაცეს და მსოფლიო დეფიციტიც კი შეიქმნა. ასევე დიდი ბრძოლა მოგვიწია „რემდესივირზეც“. სკეპტიკოსები ამბობდნენ, რომ ეს მედიკამენტი არაეფექტიანია და ტყუილად ვაძლევთ პაციენტებს. არადა, დღეს ეს მედიკამენტი აღიარებულია მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული მარეგულირებლების და ინსტიტუციების (ჯანმო-ს ჩათვლით) მიერ და ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადია. სწორედ „რემდესივირმა“ გადაგვირჩინა სულ ცოტა რამდენიმე ათასი COVID ავადმყოფი! მათ შორის ასაკოვანი და უმძიმესი თანმხლები დაავადებების, მათ შორის ონკოლოგიური და იმუნოდეფიციტის მქონეპაციენტები. „რემდესივირი“ სიცოცხლისგადამრჩენია, ისეთიპაციენტებიგადაგვირჩინა, სადაც პროგნოზი ძალიან პესიმისტური იყო. ვფიქრობ, ბევრი COVID გადატანილი პაციენტი ამ სიტყვებში თავის თავს ამოიცნობს.

რაც შეეხება „პაქსლოვიდს“, ჩვენ მასზე განსაკუთრებულ იმედებს ვამყარებდით. საქართველომ მოახერხა და ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში და პირველმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემოიტანა ეს მედიკამენტი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალიან ძვირი ღირდა. მახსოვს თავის დროზე მაშინდელმა მინისტრმა, ქ-ნმა ეკატერინე ტიკარაძემ ძალიან იყოჩაღა. ხელშეკრულება მაშინ გაფორმდა, როდესაც ეს მედიკამენტი ჯერ კიდევ კლინიკურ კვლევებს გადიოდა და ოფიციალურ გაყიდვაში არ იყო. აქაც ჩვენი სტრატეგია სწორი აღმოჩნდა და „პაქსლოვიდი“ ერთ-ერთმა პირველებმა მივიღეთ.

„პაქსლოვიდი“ ტაბლეტირებული პრეპარატია, რომელიც სწორი და დროული გამოყენების შემთხვევაში 89%-ით ამცირებს დამძიმების და გარდაცვალების რისკებს. მოქალაქეს მოეთხოვება მხოლოდ ერთი რამ - როგორც კი სიმპტომები ექნება, პირველივე დღეებში გაიკეთოს სწრაფი ტესტი. შედეგი აიტვირთება ელექტრონულ ბაზაში, ნახავს ოჯახის ექიმი, დაგიკავშირდებათ და გირჩევთ გჭირდებათ „პაქსლოვიდი“ თუ - არა.

გაიდლაინის მიხედვით, „პაქსლოვიდი“ ენიშნება 60 წელს გადაცილებულ პირებს და მათ, ვისაც დამძიმების და გარდაცვალების მაღალი რისკები აქვს. დანარჩენ პაციენტებს კი ძირითადად მხოლოდ დაკვირვება და სიმპტომური მკურნალობა სჭირდებათ.

- აქვს თუ არა ქვეყანას რესურსი, რომ კიდევ უფრო შევამციროთ COVID პაციენტების დამძიმების და გარდაცვალების შემთხვევები?

- ასეთი რესურსი ნამდვილად არსებობს. COVID-ით გარდაცვალების ის ერთეული შემთხვევები, რომელიც ახლა გვაქვს, ძირითადად მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც პაციენტი არ არის ვაქცინირებული და/ან დროულად არ გაიკეთა COVID ტესტი, არ მიმართა ან დაგვიანებით მიმართა ექიმს ან არ შეასრულა მისი რეკომენდაციები. შენი თავის მტერი უნდა იყო, რომ დღევანდელ პირობებში ვერ მოახერხო პირველ სამ დღეში COVID ტესტის გაკეთება და ექიმთან კომუნიკაცია. უნდა ვიცოდეთ, რომ „პაქსლოვიდი“ ინიშნება COVID-ის სიმპტომების დაწყებიდან პირველი 5 დღის მანძილზე. „რემდესივირი“ კი - სიმპტომების დაწყებიდან პირველი 8 დღის განმავლობაში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რესურსი COVID ვაქცინაციით მოცვის გაზრდაა, ე.წ. ბუსტერ დოზების ჩათვლით.

- ბოლოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ოჯახის/ონლაინ კლინიკების ექიმების ნაწილი და ზოგიერთი COVID კლინიკაც სათანადო (პირდაპირი) ჩვენებების დროსაც კი არ უნიშნავს პაციენტსპაქსლოვიდსანრემდესივირს“, რასაც თქვენ სერიოზული შეცდომად მიიჩნევთ. ზრდის თუ არა აღნიშნული ქმედება დაავადების დამძიმების რისკს? რით ხსნიან თავად მედიკოსები იმ ფაქტს, რომ საჭიროების შემთხვევაშიც კი პაციენტს ამ მედიკამენტს არ უნიშნავენ? მიუთითებს თუ არა ეს მედპერსონალის კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე?

- დიახ, გარკვეული თვალსაზრისით ასეც არის. ამას ემატება ინერტულობა და სკეპტიციზმი ახალი მედიკამენტების მიმართ. არის სხვა მიზეზებიც. საქართველოში ტრადიციულად ითვლებოდა, რომ პირველადი ჯანდაცვა (ოჯახის ექიმები და სხვ.) ერთ-ერთი სუსტი რგოლი იყო ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში. ჯანდაცვის სამინისტრომ უზარმაზარი სამუშაო ჩაატარა ამ რგოლის გასაძლიერებლად და შედეგიც სახეზეა, თუმცა ჯერ კიდევ ყველა ექიმი არ არის სათანადო სიმაღლეზე და გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ველოდებით, რომ „პაქსლოვიდის“ გამოყენება გაიზრდება. ძალიან სერიოზული სამუშაოები ჩატარდა COVID კლინიკებთანაც და მივაღწიეთ იმას, რომ 2-3 კლინიკის გარდა, ყველგან ინიშნება „რემდესივირი“ და სხვა თანამედროვე მედიკამენტები, მაგრამ ჯერ კიდევ ყველა ვერ გადაერთო მუშაობის იმ მოდელზე, როდესაც მკურნალობის პროტოკოლში სავალდებულოდ შესასრულებელი პუნქტებია, რომლებიც უნდა შესრულდეს. უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპებით და არა სუბიექტური მოსაზრებებით, თუმცა ექიმის გადაწყვეტილება რჩება მნიშვნელოვან მომენტად და სწორედ აქ არის საჭირო მაღალი კვალიფიკაცია და პასუხისმგებლობა.

ყველა ექიმმა უნდა იცოდეს, როდის უნდა ვიმოქმედოთ მკაცრად გაწერილი პროტოკოლით, როდესაც ის მტკიცებულებებს ეყრდნობა, ასევე როდის შეგვიძლია მივცეთ თავს უფლება, რომ ვიხელმძღვანელოთ საკუთარი გამოცდილებით და ინდივიდუალური მიდგომით.

ბოლო 5-6 თვის განმავლობაში მე არ მახსენდება, რომ ჩვენებების შემთხვევაში ვინმემ პირველივე დღეებში მიიღო „პაქსლოვიდი“ ან „რემდესივირი“ და ის დამძიმდა, ან გარდაიცვალა. თუ ასეთი შემთხვევები მაინც იყო, ეს გამონაკლისია.

- რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებების მზაობას. როგორც ცნობილია, შემცირდა იმ კლინიკების რაოდენობა, სადაც კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობდნენ, ასევე გადაიხედა კოვიდტარიფებიც. რა ვითარებაა ახლა კლინიკებში. რამდენად ზედმიწევნით ხდება მკურნალობის პროტოკოლის შესრულება? შეგიძლია ვთქვათ, რომ პაციენტების მკურნალობის კუთხით ხარვეზები სრულად არის აღმოფხვრილი? ასევე, რამდენად ემხრობით კოვიდ კლინიკების რაოდენობის შემცირებას? თვლით, რომ ქვეყანა მაინც უნდა რჩებოდეს მზადყოფნის რეჟიმში და აუცილებელია საწოლფონდი მუდმივად იყოს მობილიზებული?

- რა თქმა უნდა, საწოლფონდი, გარკვეული მედიკამენტები, სუნთქვის აპარატები, სამედიცინო პერსონალი მზადყოფნის რეჟიმში უნდა იყოს. მოულოდნელი მატება რომ მოხდეს, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. როგორც ამბობენ, მეხანძრე მუდმივად უნდა გვყავდეს და არა მხოლოდ ხანძრის დროს. ის, რაც საქართველოში პიკის პერიოდებში (როცა ყოველდღიურად 200 ათასზე მეტი აქტიური COVID ავადმყოფი გვყავდა) გაკეთდა, სწორი იყო. ჯანდაცვის სისტემას მობილიზებული ჰქონდა 103 COVID კლინიკა და ძალიან დიდი საწოლფონდი - 9000 საწოლი და ამან გადაგვარჩინა. ამის გაკეთება იოლი არ იყო. უფრო მეტიც - ეს გმირობის ტოლფასი იყო. ახლა, COVID კლინიკების რაოდენობა შემცირებულია და მხოლოდ 40-მდე კლინიკა იღებს COVID ავადმყოფებს. ამასთან ეს კლინიკებიც ე.წ. ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობენ ანუ COVID ავადმყოფებსაც იღებენ და სხვა დაავადებებით პაციენტებსაც. დღევანდელ პირობებში ეს სავსებით საკმარისია და ყველა პაციენტი, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, დაუყოვნებლივ და შეუფერხებლად ჰოსპიტალიზდება. მატების შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა მზად არის უმოკლეს დროში შესაბამისი რეაგირებისთვის.

რაც შეეხება მკურნალობის პროტოკოლის ზედმიწევნით შესრულებას და მკურნალობაში არსებულ ხარვეზებს, ამ მხრივ ქვეყანაში სერიოზული პროგრესია, თუმცა გარკვეული ხარვეზები რჩება და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

- როგორც ცნობილი გახდა, 2023 წლის ბიუჯეტში კოვიდის მართვის მიმართულებით ხარჯები მცირდება. კერძოდ, თუ 2022 წელს ნახევარ მილიარდზე მეტი გვქონდა, 2023 წელს მნიშვნელოვნად მცირდება და 100 მილიონი ლარის ფარგლებშია. როგორ ფიქრობთ, სწორია ამ მიმართულებით ფინანსების შემცირება?

დიახ. სავსებით სწორია, რადგან მაშინ ყოველდღიურად 200 ათასზე მეტი აქტიური COVID ავადმყოფი და 8000-ზე მეტი ჰოსპიტალიზებული ავადმყოფი გვყავდა. ახლა კი შეუდარებლად ნაკლები გვყავს და შესაბამისად, ხარჯებიც გაცილებით ნაკლებია საჭირო. ტარიფების ოპტიმიზაციაც მოხდა. ჯანდაცვის სისტემის რეაგირება არსებული მდგომარეობის შესაბამისი უნდა იყოს და ასეც არის.

- როდესაც პანდემიის მართვაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს იმუნიზაციის პროცესი. ჩვენ ბოლო რამდენიმე თვეა ვხედავთ, რომ იმუნიზაციის კამპანიის კუთხით ინერტულობა შეინიშნება. ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია ფაქტობრივად შეჩერებულია, აცრის სამიზნე მაჩვენებელიც რამდენჯერმე შეიცვალა. როგორ შეაფასებთ ამ კუთხით არსებულ ვითარებას? რატომ არ დგას სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს, რომ იმუნიზაციის პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდეს? აღნიშნული მიმართულებით, თქვენ არ გაქვთ კითხვები, ან მოწოდებები ხელისუფლების მიმართ?

- დადასტურებულია, რომ COVID ვაქცინა დაახლოებით 45-47%-ით იცავს ადამიანს ინციფირებისგან, მაგრამ საიმედოდ - 75%-ით იცავს დამძიმებისა და გარდაცვალებისგან.

საქართველოში ვაქცინაციით მოცვა სხვა ცივილიზებულ ქვეყნებთან შედარებით მართლაც დაბალია. სულ ჩატარებულია 2 900 000 აცრა, აქედან 1,300 000-მდე ადამიანია სრულად ვაქცინირებული. ეს საერთო მოსახლეობის დაახლოებით მესამედია და ზრდასრული მოსახლეობის 40-45%. კიდევ უფრო დამაფიქრებელია, რომ სულ 200 ათასამდე ადამიანია ე.წ. ბუსტერ დოზით აცრილი. ამერიკასა და ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, სულ ცოტა 2/3 მაინც არის ვაქცინირებული. რა თქმა უნდა, ჯამში ამაზე პასუხისმგებელი ჯანდაცვის სამინისტრო და ქვეყნის ხელმძღვანელობაა, მაგრამ ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. არცერთ ქვეყანაში ვაქცინაციის უკეთესი პირობები არ არის შექმნილი, ამიტომ პასუხისმგებლობა მოსახლეობასაც ეკისრება.

კერძოდ სახელმწიფომ შემოიტანა შუზღუდავი რაოდენობით მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა „ფაიზერი“, რაც მოსახლეობის მოთხოვნა და მე ვიტყოდი გარკვეულწილად კაპრიზიც იყო. ქვეყანაში ვაქცინაციის იმდენი პუნქტია გახსნილი, რომ გაიარო, სადმე ფეხს წამოკრავ. უსაფრთხოება გარანტირებულია. 3 მილიონამდე აცრიდან მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო ლეტალური. სხვა მძიმე, სერიოზული გართულება არ ყოფილა ან თუ იყო, კარგად იმართებოდა. ესეც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ვაქცინაცია უფასოა და ყველასთვის იოლად ხელმისაწვდომია. უფრო მეტიც, დიდი ხნის მანძილზე ქვეყნის ხელმძღვანელობა ვაქცინაციის წასახალისებლად მატერიალურ (ფულად) ჯილდოსაც იყენებდა, რომელიც ა.წ. მაისიდან შეჩერებულია. ამას მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აკეთებდა. მაშინ რატომ არ იცრება მოსახლეობა? ამის ერთ-ერთი მიზეზი სავარაუდოდ ის არის, რომ როგორც ჩანს, ქართულ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შინაგანად ანტივაქსერული განწყობა აქვს. ზოგი ამას ხმამაღლა ამბობს, უფრო მეტიც, ილანძება - „ვაქცინა შხამია და ხალხს კლავთ“ და ა.შ. გაცილებით მეტია, ვინც ამას არ ამბობს, მაგრამ მაინც არ იცრება. ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები ყველგან არიან, მაგრამ საქართველოში გაცილებით მეტია. სერიოზული ნეგატიური გავლენა მოახდინა აგრეთვე ზოგიერთი ექიმის, მათ შორის ცნობილი ექიმების ვაქცინაციის საწინააღმდეგო ყოვლად გაუმართლებელმა და უპასუხისმგებლო განცხადებებმა, რაც განსაკუთრებით გულდასაწყვეტია.

მაინც რატომ ვერ ვახერხებთ, რომ მოსახლეობაში ეს სკეპტიციზმი დავძლიოთ? ამბობენ, რომ არ არის საკმარისი საინფორმაციო კამპანია. შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ სხვა ქვეყნებშიც არ მინახავს უფრო კარგი საინფორმაციო კამპანია.

ჩვენი სამიზნე იყო, რომ მოსახლეობის სულ ცოტა 2/3 ყოფილიყო ვაქცინირებული. ამას ვერ მივაღწიეთ. შესაბამისად, ვაქცინაციის გაზრდა არის ჩვენი გამოუყენებელი რეზერვი. თუ ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ მოსახლეობა უფრო მეტად მიაკითხავს ვაქცინაციის პუნქტებს. ეს ძალიან გაგვიადვილებს, რომ საქართველოში COVID ნამდვილად იქცეს ერთ-ერთ რიგით რესპირაციულ ინფექციად. ამ მიზანთან ძალიან ახლოს ვართ, ერთი ნაბიჯი გვაკლია და ამ ნაბიჯის გადასადგმელად საჭიროა პირველ რიგში, ვაქცინაცია, მეორე - სიმპტომების გამოვლენისთანავე ავადმყოფმა გაიკეთოს COVID ტესტი, მესამე - ყველა ოჯახის/კლინიკის ექიმმა შესაბამისი ჩვენებების დროს დანიშნოს „პაქსლოვიდი“ და „რემდესივირი“. თუ ეს სამი პირობა შესრულდება, COVID ჩვეულებრივ რიგით რესპირაციულ ინფექციად იქცევა.

- რამდენიმე თვეა, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ზურაბ აზარაშვილი ხელმძღვანელობს. თქვენ დაახლოებით 10 თვეა, რაც თანამშრომლობთ. რამდენად იზიარებთ მინისტრის ხედვებს, ახალ პოლიტიკას, რაც სისტემის გაჯანსაღებას უკავშირდება? თქვენ აღნიშნეთ, რომ მისი ცალკეული გამონათქვამები თქვენთვის მიუღებელი იყო, კერძოდ, მაშინ, როდესაც თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობდა. რა შეიცვალა ამის შემდეგ? როგორი ურთიერთობა ჩამოყალიბდა თქვენსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის?

- დიახ. დასაწყისში ზოგიერთ საკითხში გვქონდა უთანხმოება. კერძოდ, კატეგორიულად არ ვეთანხმებოდი მის მოსაზრებას, რომ თავის დროზე 9000 საწოლის მობილიზება შეცდომა იყო და მილიარდი ლარი ტყუილად დაიხარჯა. როდესაც ყოველდღიურად 200 ათასზე მეტი აქტიური COVID ავადმყოფი გყავს და 8000-ზე მეტი ჰისპიტალიზებული ავადმყოფი, მაშინ 9000 საწოლის მობილიზება სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის შეცდომა კი არა, ძალიან დიდი, შესაძლოა, მთავარი მიღწევა იყო, რაც ბევრმა ჩვენზე გაცილებით უფრო ძლიერი ჯანდაცვის მქონე ქვეყანამ ვერ შეძლო და ამის გამო ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნათ. რაც შეეხება ხარჯებს, მილიარდი ლარი ჰაერში კი არ გადაიყარა, არამედ მოხმარდა 1,800,000-მდე COVID ავადმყოფის, მათ შორის 285 ათასი ჰოსპიტალიზებული ავადმყოფის მკურნალობას და მოვლას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სხვა ქვეყნებმა ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით COVID-ზე ჩვენზე გაცილებით, შეუდარებლად მეტი სახსრები დახარჯეს. ასევე მიუღებელი იყო ჩემთვის მინისტრის განცხადება, რომ COVID-ზე გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა და კლინიკების ხელმძღვანელები ამით სარგებელს იღებდნენ. შესაძლოა, სადღაც ეს ასეც იყო, მაგრამ ასეთი სერიოზული ბრალდების გაჟღერება ზუსტი ადრესატის მითითების გარეშე არ შეიძლება, რადგან ყველას ჩრდილი ადგება და ისეთი ადამიანებიც კი მოიძებნა (ბოღმიან ხალხს რა გამოლევს), ვინც ხელი ჩვენსკენაც გამოიშვირა. საბედნიეროდ, ეს გაუგებრობა მალე მოგვარდა.

რაც შეეხება მთლიანობაში ჯანდაცვის მინისტრის ბ-ნი ზურაბ აზარაშვილის საქმიანობას, მხოლოდ დადებითად ვაფასებ და მასთან ძალიან კონსტრუქციულად ვთანამშრომლობთ. მან მოკლე დროში გააკეთა ის, რასაც ბევრი მინისტრი ცდილობდა, მაგრამ წარმატებით ვერ ახორციელებდა. ბ-ნი ზურაბი მოვიდა სისტემური ცვლილებების გატარების და ჯანდაცვის სისტემის ოპტიმიზაციის გეგმით და ამ გეგმას წარმატებით ახორციელებს. პირველი - ეს იყო საყოველთაო ჯანდაცვის და COVID-ის მართვის ოპტიმიზაცია ფინანსური და მატერიალური კუთხით, მეორე- მედიკამენტების გაიაფება, რაც მოსახლეობისთვის ძალიან დიდი შეღავათია. ამის გაკეთება მარტივი არ იყო. მესამე - მნიშვნელოვანი იყო საავადმყოფოს შიდა - ე.წ. ჰოსპიტალურ ინფექციებთან ბრძოლა. ამისთვის ყველამ ვიცით, თუ რა ტიტანური შრომაა საჭირო. ჰოსპიტალური ინფექციები ყველა ქვეყანაში პრობლემაა, მაგრამ მეტ-ნაკლებად. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი ინფექციები საკმაოდ ხშირი იყო. ამ პრობლემასთან ბრძოლა კომპლექსურ მიდგომებს მოითხოვს დაწყებული კლინიკების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით და დამთავრებული მედპერსონალის კვალიფიკაციით და პასუხისმგებლობით. ბ-ნი ზურაბის დავალებით ყველა კლინიკაში შევიდა სპეციალური სამსახური, სიღრმისეულად შეისწავლეს საკითხი და დასახეს კონკრეტული ღონისძიებები და მისცეს კლინიკებს გონივრული ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად. თუ ასე გაგრძელდება, 1-2 წელიწადში საქართველო ე.წ. ჰოსპიტალური ინფექციების გავრცელების კუთხით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგებში ჩადგება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა პირველადი ჯანდაცვის (ოჯახის ექიმები და სხვ.) რგოლის გაძლიერება, რაც ასევე უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს და პირველი შედეგები უკვე მიღწეულია. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს პროცესი ჯერ კიდევ ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძის მინისტრობის დროს დაიწყო და წარმატებით გრძელდება.

ზოგადად, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, ჯანდაცვის დაფინანსება სერიოზულად გაიზარდა, რაც აისახა სამედიცინო მომსახურების ხარისხსსა და ხელმისაწვდომობაზე, მაგრამ პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ამ თანხების უფრო რაციონალური გამოყენებით და პროგრამების ოპტიმიზაციით, მოსახლეობისთვის კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიცემაა შესაძლებელი და ახალი მინისტრი სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს.

- თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემინტერპრესნიუსთანინტერვიუში პირველად ისაუბრა გადაწყვეტილების დეტალებზე. მან თქვა, რომ გადაწყვეტილებაზე გულწრფელად ვერ ისაუბრებს და დასძენს, რომ თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ 2 წელი არ აპირებდა. თქვენ როგორ შეხვდით ამირან გამყრელიძის ამ გადაწყვეტილებას?

- ბატონი ამირანი 10 წელი მუშაობდა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად. მანამდე იყო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მინისტრი და ძალიან სერიოზული წვლილი აქვს შეტანილი ქვეყანაში თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის შექმნის საქმეში. ამიტომ მისი გადადგომა ჩემთვის მაინც მოულოდნელი იყო და მისი ამ გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზები არ ვიცი. თუმცა ცვლილებებისთვის ყველა ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუციაა, რომელიც პასუხს აგებს ქვეყანაში როგორც ინფექციური, ისე არაინფექციური დაავადებების კონტროლსა და პრევენციაზე. მიმაჩნია, რომ ბ-ნი ამირანი ამ უწყების ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) ხელმძღვანელი იყო და მისი წასვლა პირადად ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია. მის სახელს უკავშირდება ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ჯანდაცვითი პროექტების წარმატებით განხორციელება. საკმარისია ჩამოითვალოს COVID, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, იმუნიზაციის პროგრამა, თამბაქოს მოხმარების შემცირება, ლუგარის ლაბორატორიის ამუშავება, რომელიც მის დანიშვნამდე რამდენიმე წელი მთლიანად უფუნქციოდ იყო, დღეს კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორიაა და სხვ.

- ექიმ-ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა, რომელიც ჩართულია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში აღნიშნა, რომ პანდემიის დროს მკვეთრად შემცირდა C ჰეპატიტის გამოვლენა, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას. თუ ხედავთ აღნიშნული მიმართულებით პრობლემას, რომ მართლაც დადგეს საფრთხის წინაშე პროგრამა. შევძლებთ, რომ 2025 წლისთვის საქართველომ ერთდროულად დაასრულოს შიდსისა და C ჰეპატიტის ეპიდემია?

- ვეთანხმები ქ-ნ მაიას, რომ COVID პანდემიის წლებში C ჰეპატიტის გამოვლენის შემთხვევები შემცირდა (სხვანაირად ვერც იქნებოდა), მაგრამ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და 2025 წლისთვის მიზანი აუცილებლად მიღწეულ იქნება და საქართველო გახდება ის ქვეყანა, სადაც მედიცინის ისტორიაში პირველად მოხდა ქრონიკული (და არა მწვავე) ინფექციური დაავადების ელიმინაცია და ისიც არა ვაქცინით, არამედ მედიკამენტების საშუალებით. საკმარისია ითქვას, რომ ამ პროგრამით უკვე განიკურნა 80 ათასამდე C ჰეპატიტით ავადმყოფი და ამერიკელებთან ერთობლივად ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ქვეყანაში C ჰეპატიტის პრევალენტობა (გავრცელება) 5.4%-დან 1.8%-მდე (ანუ 65%-ით) შემცირდა. ასეთი შედეგებისთვის ჯერ არცერთ ქვეყანას არ მიუღწევია. არ მახსენდება სხვა არცერთი კონკრეტული ჯანდაცვით პროგრამა (საყოველთაო ჯანდაცვა არ მაქვს მხედველობაში), რომელსაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაერჩინოს.

თეონა ციხიშვილი

„ინტერპრესნიუსი“

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება