ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

ზაპოროჟიეზე გუშინ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის 25 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
„6 ოქტომბერს სარაკეტო თავდასხმის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლების ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება“, - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, ერთ-ერთ მისამართზე, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 8 გარდაცვლილი ამოიყვანეს, 6 ადამიანი გადაარჩინეს, აქედან 5 ჰოსპიტალიზებულია.
ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 3 გარდაცვლილი ამოასვენეს, 15 ადამიანი გადაარჩინეს, მათგან 8 საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„სულ გადარჩენილია 21 ადამიანი, დაიღუპა 11 ადამიანი“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
სამაშველო სამუშაოებში დილიდან 45 მაშველია ჩართული.

























