პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს

დღეს საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში საზოგადოებას კონსტიტუციური კანონის პროექტი წარედგინება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში გენერალური პროკურორის არჩევის წესში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ოხანაშვილის თქმით, გენერალური პროკურორის არჩევის წესში ცვლილების თანახმად, გენპროკურორი კვალიფიციური უმრავლესობით ანუ 90 ხმით უნდა აირჩიონ. თუ გენერალური პროკურორის არჩევა 90 ხმით ვერ მოხდება, მაშინ შესაძლებელი იქნება მისი არჩევა 76 ხმით, თუმცა ამგვარად არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა 1 წლით განისაზღვრება, რომლის გასვლის შემდეგაც, პროცესი ახლიდან დაიწყება.

„ვიცით, რომ ამ ინიციატივის საფუძველი გახდა თავის დროზე შარლ მიშელის მონაწილეობით წარმართული პროცესი, რომელიც ოპოზიციურ პარტიების ნაწილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმებით დასრულდა. საბოლოოდ, დღევანდელ მოცემულობამდე მოვედით, ვინაიდან იგივე ჩანაწერი აისახა საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგში და ასევე, მას შემდეგ, რაც ჩვენ შევიტანეთ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი, ამ 12-პუნქტიან გეგმაშიც გაიწერა იგივე წესი - გენპროკურორის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით ანუ 90 ხმით და თუ ვერ ხდება ასეთი პირის 90 ხმით არჩევა, მაშინ 76 ხმით, მისი უფლებამოსილების ვადა იქნება 1 წელი და ეს წესი უნდა მოქმედებდეს მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის ფარგლებში. ეს არის ამ ცვლილების ძირითადი არსი. დღეს უკვე რეგლამენტისა და კონსტიტუციის შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ წარვუდგენთ იმავე წესს ჩვენს საზოგადოებას, ავხსნით, რა ვალდებულებიდან გამომდინარეობს ამ წესის ინიცირება და ავხსნით, სამართლებრივად რა ხარვეზები და გამოწვევები შეიძლება მოჰყვეს ამ წესის კანონად ქცევას“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ ცვლილებებს დიდი ალბათობით მხარს დაუჭერს.

„დღევანდელ განხილვას ესწრებიან როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი მიხეილ დაუშვილი, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი ფრიდონ ინჯია. ოპოზიციის ნაწილი, ობიექტური მიზეზის გამო დღეს აქ ვერ ასწრება შეხვედრას და ნაწილი შემოგვიერთდება ქუთაისში, ვინაიდან იცით, რომ ქუთაისშიც გათვალისწინებულია საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა. რაც შეეხება სხვა პირებს, ჩვენ მოვიწვიეთ როგორ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, პროფესიული საზოგადოების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, შესაბამისად, ფართო ჩართულობით იქნება დღევანდელი პროცესი წარმართული. ოპოზიციის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ამ ცვლილებას“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა