ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე საერთაშორისო დამკვირვებელთა მისია უნდა განლაგდეს - გთხოვთ, “დიდი შვიდეულის” დონეზე ამ ინიციატივას მხარი დაუჭიროთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინისა და ბელარუსის საზღვარზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განლაგების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან “დიდი შვიდეულის” ლიდერებთან სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა პროვოკაციების რისკსა და ბელარუსის ომში პირდაპირ ჩართვის შესაძლებლობას შეამცირებს.
“რუსეთი ცდილობს პირდაპირ ჩაითრიოს ბელარუსი ამ ომში, პროვოკაციის გათამაშებით, თითქოს ჩვენ ამ ქვეყანაზე დარტყმას ვაპირებთ… უკრაინა არ გეგმავდა და არ გეგმავს სამხედრო ღონისძიებებს ბელარუსის საწინააღმდეგოდ. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვაინტერესებს. თუმცა, ბოლომდე რომ მოვხსნათ ეს პროვოკაცია, მოვხსნათ ეს ნარატივები, რომლებსაც ლუკაშენკო ახმოვანებს, რომ მოვხსნათ ჩვენგან რაიმე საფრთხის თუნდაც შესაძლებლობაც კი, ჩვენს გამოსავალს გთავაზობთ.
უკრაინისა და ბელარუსის საზღვარზე უსაფრთხოების სიტუაციის მონიტორინგისთვის საერთაშორისო დამკვირვებელთა მისია უნდა განლაგდეს. ფორმატის შემუშავება ჩვენს დიპლომატებს შეუძლიათ. მე გთხოვთ “დიდი შვიდეულის” დონეზე ამ ინიციატივას მხარი დაუჭიროთ”, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

























