ოლეგ ნიკოლენკო - სერგეი ლავროვის ინტერვიუ რუსული დიპლომატიის უმწეობაზე მეტყველებს - მას სხვა არაფერი რჩება, გარდა იმისა, რომ პროპაგანდისტის როლი მოირგოს

სერგეი ლავროვის ინტერვიუ ტელეარხ „როსია 1“-ზე მეტყველებს რუსული დიპლომატიის უმწეობაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს სხვა არაფერი რჩება, გარდა იმის, რომ შიდა მომხმარებლისთვის პროპაგანდისტის როლი მოირგოს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ინტერვიუში ნათქვამიდან მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტზე მორიგი თავდასხმები იმსახურებს პასუხს.
„რაც არ უნდა ეცადოს რუსული პოლიტიკური ელიტა, უკრაინელი ლიდერის ნებას ვერ დაძლევს. თავისი სისუსტით გაბრაზებულია და ამიტომ ვაშინგტონიდან და ლონდონიდან „ინსტრუქციებზე“ სისულელეებს ავრცელებს.
პუტინის რეჟიმმა დაკარგა მოლაპარაკებების შანსი. ისინი არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს ტერორისტებთან. ეს მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე აღნიშნა, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს რუსეთის სხვა პრეზიდენტის, და ასევე, ცხადია, სხვა საგარეო საქმეთა მინისტრის პირობებში გამართავს.
ლავროვს კიდევ ბევრი ინტერვიუ აქვს წინ – ჰააგაში, ბუჩაში, მარიუპოლში, თუ სხვა ქალაქში, რომელიც განისაზღვრება რუსი სამხედრო დამნაშავეების ტრიბუნალის ადგილად“ ,- განაცხადა ნიკოლენკომ.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაძლოა, გადაიფიქროს და რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
„არ გამოვრიცხავ, რომ ის (ზელენსკი), ისევე როგორც საკუთარ თავს აუკრძალა, ეს აკრძალვა დაივიწყოს, შეხედოს, რა ხასიათზე ადგება დილით და რას გააკეთებს. ან არადა უბრძანებენ ვაშინგტონიდან თუ ლონდონიდან და იტყვის: „არის“ და მოიფიქრებს, როგორ უნდა ახსნას ეს ყველაფერი, რათა სახე არ დაკარგოს. ის ხომ ზოგადად, ხელოვანია", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

























