გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობა დაგმო

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, რომლის დაბლოკვას რუსეთი ცდილობდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარზე, დმიტრი ლუბინეცზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მივესალმები გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-11 საგანგებო სესიის კენჭისყრის შედეგებს უკრაინასთან დაკავშირებით. კენჭისყრა დასრულდა უკრაინისა და მსოფლიო დემოკრატიის სასარგებლოდ. რეზოლუციის პროექტს - "უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა: გაერო-ს ქარტიის პრინციპების დაცვა" - მხარი დაუჭირეს დელეგატებმა, მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, დაებლოკა ეს პროცესი“, - განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.
რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობას გმობს, 143-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. მის წინააღმდეგ ხმა, რუსეთთან ერთად, მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ მისცა : სირიამ, ნიკარაგუამ, ჩრდილოეთ კორეამ და ბელარუსმა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი 35-მა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა, შეიკავა.
შეგახსენებთ, 23-27 სექტემბერს უკრაინის ოთხი ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთთან შეერთების საკითხზე ფსევდორეფერენდუმები გაიმართა. 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ე.წ. „რეფერენდუმების“ შედეგებზე დაყრდნობით, უკრაინის ოთხი ოლქის ანექსია გამოაცხადა.

























