რუსებმა დონეცკში 11 დასახლებული პუნქტი დაბომბეს, არიან დაშავებულები და დაღუპულები

რუსულმა ძალებმა ერთ დღეში დონეცკის ოლქის 11 დასახლებული პუნქტი დაბომბეს და 21 საცეცხლე შეტევა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის პოლიციის კომუნიკაციების დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზარალდნენ ქალაქები : ავდიივკა, კრასნოგოროვკა, ბახმუტი, ტორეცკი, დაბა ოჩერეტინო, სოფლები დრუჟბა, კარლოვკა, ლასტოჩკინო, მაქსიმილიანოვკა, სოლოვიევო და ხრომოვო.
რუსმა სამხედროებმა აღნიშნული ტერიტორიები „გრადებითა“ და არტილერიით დაბომბეს. განადგურდა და დაზიანდა 30 სამოქალაქო ობიექტი, მათგან 26 კერძო სახლი.
დღეს, რუსული ძალები თავს დაესხნენ კონსტანტინოვკას, რის შედეგადაც რამდენიმე შენობა დაინგრა.
გარდა ამისა, სარაკეტო იერიშები დაფიქსირდა ქალაქ კრასნოგოროვკასა და სოფელ მაქსიმილიანოვკაში. რუსული ჭურვები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა, არიან დაშავებულები. რუსულმა ძალებმა ბახმუტი არტილერიით დაბომბეს, დაზიანდა 17 კერძო სახლი, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

























