რუსებმა ე.წ. „კამიკაძე-დრონებით“ მიკოლაივზე იერიში მიიტანეს

რუსული ძალები მიკოლაივს ირანული ე.წ. „კამიკაძე-დრონებით“ დაესხნენ თავს, რის შედეგადაც სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტები და ფარმაცევტული საწყობი დაზიანდა, - ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსებმა მიკოლაივს Shahed-136 დრონებით შეუტიეს. უკრაინელებმა ათი დრონი ჩამოაგდეს.
„საოლქო ცენტრში სამმა დრონმა სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტებს და ფარმაცევტულ საწყობს დაარტყა. შემთხვევის ადგილზე მაშველები ხანძარს ებრძვიან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
მოგვიანებით, მიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ ხანძარი ლოკალიზებულია.

























