ვოლოდიმირ ზელენსკი - დონბასში მთავარი ცხელი წერტილებია სოლედარი და ბახმუტი - ოკუპანტებმა ჩვენი ძალების წინააღმდეგ გადაისროლეს ყველა, ვინც შეეძლოთ

ვოლოდიმირ ზელენსკი - დონბასში მთავარი ცხელი წერტილებია სოლედარი და ბახმუტი - ოკუპანტებმა ჩვენი ძალების წინააღმდეგ გადაისროლეს ყველა, ვინც შეეძლოთ

დონბასში მთავარი ცხელი წერტილებია სოლედარი და ბახმუტი, სადაც ძალიან მძიმე ბრძოლები გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ოკუპანტებმა ჩვენი ძალების წინააღმდეგ გადაისროლეს ყველა, ვინც შეეძლოთ, მათ შორის 2 000 პატიმარი - ისინი სწორედ იქ არიან დაქირავებულთა შორის. ესენი არიან მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები, რომლებსაც ხანგრძლივი პატიმრობა აქვთ მისჯილი. ფრონტზე არა მარტო ფულით, არამედ ამნისტიის დაპირებითაც რჩებიან”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა აღიარონ.

„ასე აფინანსებს რუსული სახელმწიფო ტერორს - ეძებს მკვლელებს ციხეებში და ჰპირდება თავისუფლებას, თუ კიდევ მოკლავენ. მსოფლიოში ვინმეს ჯერ კიდევ აქვს ეჭვი, უნდა გამოცხადდეს თუ არა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ? არა მგონია”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა ყველა უკრაინელ მებრძოლს, რომელიც გმირულად იკავებს პოზიციებს ბახმუტთან, სოლედართან და ყველა სხვა მიმართულებით, სადაც ამჟამად სამხედრო შეტაკებები მიმდინარეობს.