ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის აგრესიის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მოითხოვენ

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირსა და მის საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებენ, უკრაინას სპეციალური ტრიბუნალის შექმნაში დაეხმარონ, რომელიც აგრესიის დანაშაულებს გამოიძიებს და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის რუსეთის ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს.
„წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი, რომლის დაცვისკენაც ყველა ვისწრაფვით, ვერ გადარჩება, თუ დაუსჯელი დარჩება ის ქმედებები, რომლებიც ამ წესრიგს ყველაზე ცხადად არღვევენ – გენოციდი, ომის დანაშაული, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და აგრესიის დანაშაული“, – ნათქვამია ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.
მათივე შეფასებით, უკრაინაში სახლებზე, სკოლებზე, სათამაშო მოედნებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ბოლოდროინდელი მიზანმიმართული თავდასხმა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული ტერორის კამპანიის უახლესი ეპიზოდია.
„ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს იმისთვის, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულებისთვის სამართლიანობისა და პასუხისმგებლობის ძიება ჩვენი პოლიტიკის ცენტრში იყოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ამჟამად არ არსებობს სასამართლო ან ტრიბუნალი, რომელიც რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას პასუხს აგებინებს უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისთვის.
„აუცილებელია სპეციალური ტრიბუნალის შექმნა, რათა ეს იურიდიული ხარვეზი აღმოიფხვრას. ევროკავშირი და ჩვენი პარტნიორები ამ ძალისხმევის ცენტრში უნდა იდგნენ. სპეციალური ტრიბუნალის შექმნა შეავსებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს როლს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დასჯის პირებს ომის დანაშაულებისთვის, გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, სპეციალური ტრიბუნალის მთავარი პასუხისმგებლობა კი აგრესიის დანაშაული იქნება. ამ მკვლელი აგრესიის ფარული ხელმძღვანელები, წამქეზებლები და ფასილიტატორები ვერ უნდა გაექცნენ მართლმსაჯულებას უბრალოდ იმიტომ, რომ საერთაშორისო იურისდიქციაში ხარვეზი არსებობს“, – აცხადებენ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

























