ლიმანში დაბომბვის დროს დაღუპული ხუთი ბავშვის ცხედრის ექსჰუმაცია განახორციელეს

დონეცკის ოლქის გათავისუფლებულ ქალაქ ლიმანში სამართალდამცავებმა რუსული ძალების მხრიდან დაბომბვის დროს დაღუპული ხუთი ბავშვის ცხედრის ექსჰუმაცია განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პოლიციამ საფლავებიდან 2021, 2019 და 2008 წლებში დაბადებული გოგონების, 2011 და 2012 წლებში დაბადებული ბიჭების ცხედრები ამოასვენა. ორი ყველაზე პატარა გოგონა დები არიან. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ ბავშვებს ხელახლა დაკრძალავენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, გამომძიებლებმა ოთხი ბავშვის ცხედარი მასობრივ სამარხში იპოვეს. ერთი ბავშვი კი დედას საკუთარ ეზოში ჰყავდა დაკრძალული. „წინასწარი მონაცემებით დადგენილია, რომ ყველა მათგანო რუსული დაბომბვის შედეგად დაიღუპა“, - აცხადებენ სამინისტროში.

























