გივი მიქანაძე - 650 პარლამენტარისგან შემდგარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ინიციატორებმა ისარგებლეს დეპუტატთა უმრავლესობის არყოფნით და საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებით, 56 ხმით მხარი დაუჭირეს აბსურდულ დამატებას

650 პარლამენტარისგან შემდგარ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ინიციატორებმა ისარგებლეს დეპუტატთა უდიდესი უმრავლესობის არყოფნით და საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებით 56 ხმით მხარი დაუჭირეს აბსურდული დამატების შეტანას რეზოლუციის ტექსტში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაში არსებულ ჩანაწერს იმის შესახებ, რომ „ასამბლეა მოუწოდებს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვისკენ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პრეზიდენტ პუტინს, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში, და მათი გათავისუფლებისკენ (უკრაინის მოქალაქის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით)“.

მიქანაძის განცხადებით, აღნიშნული შესწორება „ბოლო წუთს შეაპარეს“ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და უკრაინის რადას დეპუტატთა ჯგუფმა „ევროპის სახალხო პარტიის“ მხარდაჭერით.

„გასულ კვირას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით - „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“. ამ რეზოლუციაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და უკრაინის რადას დეპუტატთა ჯგუფმა „ევროპის სახალხო პარტიის“ მხარდაჭერით, ზუსტად ბოლო წუთს შეაპარეს შესწორება, სადაც ფრჩხილებში მსჯავრდებული სააკაშვილი არის მოხსენიებული. 650 პარლამენტარისგან შემდგარ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ინიციატორებმა ისარგებლეს დეპუტატთა უდიდესი უმრავლესობის არყოფნით და საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებით 56 ხმით მხარი დაუჭირეს ამ აბსურდული დამატების შეტანას რეზოლუციის ტექსტში.

აღნიშნული შესწორება აბსურდულია იმიტომ, რომ როგორც სრულიად საქართველომ, ასევე მთელმა მსოფლიომ კარგად იცის, რომ სააკაშვილი სასამართლოს მიერ დამნაშავედაა ცნობილი არაერთ საქმეში. აღნიშნული, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებებითაც იქნა აღიარებული.

აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც გაკვრითაც კი არ არის მინიშნებული რაიმე სააკაშვილის უკანონო თავისუფლების აღკვეთასა თუ მის ე.წ. პოლიტპატიმრობაზე. უფრო მეტიც, 12 გამომსვლელიდან, ვინც ამ რეზოლუციაზე ისაუბრა, თავის გამოსვლაში მხოლოდ ერთმა ახსენა სააკაშვილი და ის ერთი ქალბატონი ხატია დეკანოიძე გახლდათ. ამ ყველაფრის მიღმა ამ დამატების აბსურდულობა იმითაც გამომდინარეობს, რომ დამატების შინაარსი კონტექსტუალურადაც კი არ არის ახლოს რეზოლუციის შინაარსსა და სულისკვეთებასთან. თუმცა, ყველასთვის გასაგებია, რომ ეს იყო სააკაშვილის ლობისტთა მცირე ჯგუფის ხრიკი, რომელმაც სამწუხაროდ ეს აბსურდული დამატება გააჩინა.

აქვე რიგ ოპონენტებს რადიკალური ოპოზიციიდან შევახსენებ მათ განცხადებებთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა არ მივეცით - ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენ ყველა აქამდე ინიცირებულ რეზოლუციას ნებისმიერ საერთაშორისო პლატფორმაზე, მათ შორის გაეროს ბოლო რეზოლუციასაც, მხარი დავუჭირეთ; რეზოლუციასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე მკაფიოდ დავაფიქსირე მხარდაჭერა რეზოლუციის მიმართ, მაგრამ იქვე აღვნიშნე, რომ რეზოლუციის ტექსტი საჭიროებს გარკვეულ ცვლილებებს. ამით, ჩვენი პოზიცია რეზოლუციასთან მიმართებით ყველასთვის გასაგებად დაფიქსირდა. ამის შემდეგ, გავაპროტესტე წარმოდგენილი აბსურდული ცვლილება, რაც კენჭისყრაზე დადგა. იმის გათვალისწინებით, რომ ცვლილება ტექსტში აისახა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო რეზოლუციის საბოლოო ტექსტის კენჭისყრაში მონაწილეობის არმიღება.

ამიტომ, როგორც ეს აბსურდული დამატება, ასევე განცხადებები იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა უკრაინის რეზოლუციას არის თქვენი მხრიდან ქვეყნის დაზიანების მორიგი მაგალითი.

და ბოლოს, ძვირფასო ოპონენტებო, ასე გახარებული და აჟიტირებული რომ ბრძანდებით უმნიშვნელოვანეს რეზოლუციაში მიღებული აბსურდული დამატებით, მსურს გითხრათ - 2008 წელს თქვენ რომ გემოქმედათ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც მხარი დაუჭირეთ 1633 რეზოლუციას და მასში ასახულ მე-5 პუნქტს, საზოგადოების, ჩვენი გმირი ჯარისკაცებისა და რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული ადამიანების სულისა და მათი ოჯახების წინაშე ასეთი შერცხვენილები არ იქნებოდით“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“, რომელშიც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად არის აღიარებული.

ამავე რეზოლუციაში შესწორების სახით შევიდა დამატება, რომლითაც „ასამბლეა მოუწოდებს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვისკენ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პრეზიდენტ პუტინს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში, და მათი გათავისუფლებისკენ (უკრაინის მოქალაქის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით)“.

ევროსაბჭოს რეზოლუციას “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხარდაჭერა არ აქვს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა