ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-ში არჩევნების შედეგები გავლენას არ იქონიებს უკრაინის დახმარების დონეზე

აშშ-ში არჩევნების შედეგები გავლენას არ იქონიებს უკრაინის დახმარების დონეზე. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ CBS News-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა მაქსიმალური იყოს. შეერთებულმა შტატებმა უდიდესი წვლილი შეიტანა უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო მხარდაჭერაში. ჩვენ უკვე მივაწოდეთ უკრაინას 17 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება, რათა მან შეძლოს არა მხოლოდ დაიცვას საკუთარი თავი, არამედ ზოგიერთი საკუთარი ტერიტორიაც დაიბრუნოს. და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით სვლას”, - აღნიშნა კირბიმ.
მან ასევე კომენტარი გააკეთა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის კევინ მაკარტის სიტყვებზე, რომელმაც განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში „რესპუბლიკელებმა“ შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეამცირონ უკრაინის დახმარება.
“საკითხი იმაში არაა, რომ “უკრაინას ღია ჩეკი გამოვუწეროთ”. საკითხი იმაშია, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენს პარტნიორებს, რათა საშუალება მივცეთ საკუთარი თავი დაიცვან. ეს კიევის ან, ვთქვათ, სლავიანსკის დაცვის საკითხი არ არის - ეს მთელი ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურის საკითხია, რომელიც მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო რვა თვის განმავლობაში. ეს რვა თვე ამერიკული პარლამენტის ორივე პალატა გაერთიანებული იყო ჩვენი ძალისხმევების მხარდაჭერაში, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მომავალშიც შევძლებთ კონგრესში უკრაინისადმი მხარდაჭერის შენარჩუნებას”, - დასძინა კირბიმ.

























