უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი - თავის მოჩვენება, თითქოს არაფერი ხდება, როდესაც ამაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, არაკორექტულია - ჩინეთისგან უფრო პროაქტიულ როლს ველით

არაკორექტულია თავის მოჩვენება, თითქოს რუსული დრონების კიევზე თავდასხმის შესახებ არ იცით. ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ვან ვენბინის სიტყვებზე, რომ მან არაფერი იცის კიევზე რუსული დრონების თავდასხმის შესახებ.
“თავის მოჩვენება, თითქოს არაფერი არ ხდება, როდესაც ამაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, არაკორექტულია. ჩინეთისგან, როგორც გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრისგან უფრო პროაქტიულ როლს ველით. არ შეიძლება იყოს კომპრომისები ან პოლიტიკური ნიუანსები, როდესაც საუბარია სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ბარბაროსული დანაშაულების დაგმობაზე”, - წერს ნიკოლენკო.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ამჟამად ჩინეთის ელჩი უკრაინაში იმყოფება.
“ჩემთვის რთულია წარმოვიდგინო, რომ ჩინეთის ელჩი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, არ აცნობს საკუთარ მთავრობას უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმების შესახებ. ჩვენი საელჩო პეკინში ასევე რეგულარულად აგზავნის ჩინეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის დანაშაულების შესახებ”, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.

























