უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს "ავადმყოფი" უწოდა მათი განცხადებების გამო, თითქოს სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის გემებზე უპილოტო დრონები გაუშვეს სამოქალაქო გემიდან, რომელიც გამოიყენებოდა მარცვლეულის გარიგების ფარგლებში.
„რა გაიგონა მსოფლიომ? რომ ვითომ ვიღაც მარცვლეულის გადამზიდავიდან უშვებს დრონებს. ჯერ "საბრძოლო ფრინველებზე" ლაპარაკობდნენ, მერე - "საბრძოლო მწერებზე", ახლა - "საბრძოლო მარცვლეულზე". მკვლელი ხორბალი, რომელიც რუს ადმირალებს ახრჩობს. აბა, რას იტყვით? მართლა ავადმყოფი ხალხია, მაგრამ ეს ავადმყოფები კიდევ ერთხელ აყენებენ მსოფლიოს საკვების მძიმე კრიზისის ზღვარზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობა უფრო მეტად დაინტერესებულია სასურსათო კრიზისის გამწვავებით, ვიდრე ხელმოწერილი დოკუმენტების განხორციელებით და ეს არის პასუხი ყველასთვის, ვინც რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუბრობს.
„რა თქმა უნდა, პარტნიორები ცდილობენ დაარწმუნონ ტერორისტული სახელმწიფო, შეანელოს შანტაჟი, მაგრამ არის ეს რეალური? ჯერჯერობით ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა უფრო მეტად დაინტერესებულია სასურსათო კრიზისის გამწვავებით, ვიდრე ხელმოწერილი დოკუმენტების განხორციელებით და ეს, სხვათა შორის, არის პასუხი ყველასთვის, ვინც რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუბრობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რუსეთმა 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ შავი ზღვის ფლოტის გემებზე განხორციელებული „ტერორისტული თავდასხმების“ გამო, მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობას წყვეტს.