გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის პარლამენტის დატოვებისთვის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "სტრატეგია აღმაშენებელი" მზად არის პარლამენტის დატოვებისთვის. ამის შესახებ ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, აღნიშნულ სცენარს გუნდში განიხილავენ, რადგან ერთ გარემოში „პრორუსებთან ყოფნა აუტანელია“.

ამასთან ვაშაძემ განმარტა, კონკრეტულად რა საკითხთან დაკავშირებით მუშაობდა ის პარლამენტში და განაცხადა, რომ ახლა მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როდის უნდა მოხდეს პარლამენტიდან გამოსვლა და შესაბამისად, დასავლელი პარტნიორების შემზადებაც არის საჭირო.

„ჩვენ შინაგანად და ყველანაირად მზად ვართ, რომ პარლამენტი დავტოვოთ, ამ სცენარს ჩვენ განვიხილავთ. ჩემთვის აუტანელია ერთ გარემოში ყოფნა პრორუსებთან. მხოლოდ იქ ვიქნები, სადაც ვხედავ 12 პუნქტთან დაკავშირებულ რაიმე საკითხს. საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩემი ხმა სჭირდებოდა - შევედი და ხმა მივეცი. არ ვაპირებ ყოველდღიურ რეჟიმში კობახიძეებთან და სხვებთან, პრორუსებთან მუშაობას. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად ვართ, პარლამენტის დატოვებისთვის. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის უნდა მოხდეს ეს და აუცილებელია ჩვენს დასავლელ პარტნიორებში სიტუაციის შემზადება. მათ კარგად უნდა ავუხსნათ წინასწარ რა ხდება. მთავარია ეს არ იყოს ნაადრევი, თუმცა ეს მოხდება. როდესაც ის მოცემულობა დადგება, რომ საზოგადოება შეთანხმდება იმაში, რომ „ქართული ოცნებიდან“ არაფერი გამოვა, რომ ის არის პრორუსული ძალა, რომ კანდიდატის სტატუსი მათთან ერთად არ იქნება. ეს მოცემულობა რომ შედგება, ჩვენი ნაბიჯიც ამის პარალელურად იქნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გადაცემაში გიორგი ვაშაძემ ისაუბრა პროევროპული პოლიტიკური ძალების შესაძლო გაერთიანების საკითხზეც და ოპოზიციის უახლოესი გეგმები შეაფასა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ემხრობა სტრატეგიას, სადაც ყველა ოპოზიციური პროევროპული გაერთიანება ერთ ჯგუფად უნდა ჩამოყალიბდეს.

„არის ორი სტრატეგია“: სტრატეგია ერთი არის, რომ ყველა პროევროპული პოლიტიკური და არაპოლიტიკური ძალა დაჯგუფდეს ერთად და ერთიანი ფრონტი შევქმნათ, რითაც ჩვენ პრორუსებს, ანუ „ქართულ ოცნებას“ გამოვტაცებთ მიტაცებულ ძალაუფლებას; ვარიანტი ორი - „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება ცალკე და მის გარშემო აფორმირებს რაღაც წრეს, ხოლო სხვა დანარჩენი პროევროპული პოლიტიკური ძალები ექსპერტებთან და საზოგადოების აქტიურ ადამიანებთან ერთად კრებს დიდ გაერთიანებას და მეორე ან შეიძლება პირველი მძლავრი ფლანგი იქმნება. ეს ორი სტრატეგიაა, რომელიც განიხილება.

„ლელოსთანაც“ გვქონია საუბარი, „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“, სხვებთანაც და დამოუკიდებელ პირებთანაც გვქონია საუბარი. პირადად მე ვემხრობი პირველ სტრატეგიას, სადაც რაც მეტნი ვიქნებით ერთად, მით უფრო ძლიერი ვიქნებით",- განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, იმისათვის, რომ ორი სტრატეგიიდან "შევქმნათ სტაბილური მექანიზმი", რომელიც არ დაიშლება, "უნდა მოვკლათ კულუარები", რადგან ამ დრომდე, ყველა გაერთიანება "მოკლა კულუარებმა".

"ჩვენ გვაქვს არჩევანი დემოკრატიულ პრაიმერისის სისტემებსა და კულუარებს შორის. ყველა გაერთიანება, რომელიც აქამდე მომხდარა, მოკლა და გაანადგურა კულუარებმა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ღიად ვილაპარაკოთ. არჩევანი ასეთია - ან კულუარები და შეუმდგარი გაერთიანებები, სიტუაციური, სპონტანური ნაბიჯები, ან პრაიმერიზი და დემოკრატიული მეთოდოლოგია, რომელიც სისტემურად ხალხის ხმით გაერთიანებას აკეთებს. თუ ხალხი არ არის გაერთიანებებში გადაწყვეტილების მიმღები, ის გაერთიანებები ხდება ხელოვნური“, - დასძინა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა