თეონა აქუბარდია - გვაქვს ტრაგიკომიკური ვითარება - მთავრობა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ახალი მუდმივი წევრის დამატებას გვთხოვს, მაშინ როცა თავად საბჭო მკვდრადშობილი ორგანოა

გვაქვს ტრაგიკომიკური ვითარება - მთავრობა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ახალი მუდმივი წევრის დამატებას გვთხოვს, მაშინ როცა თავად საბჭო მკვდრადშობილი ორგანოა, - აღნიშნული განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას გააკეთა, რომლის მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მუდმივ წევრად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი შევა.

როგორც აქუბარდიამ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არ იკრიბება და იმ ფუნქციას არ ასრულებს, რაც მას კანონით აქვს მინიჭებული.

თეონა აქუბარდიამ მის მიერ გამოთხოვილ ოფიციალურ წერილზე დაყრდნობით განმარტა, რომ 2019 წლიდან დღემდე ეროვნული უსაფრთხოების საბჭო სულ 6-ჯერ შეიკრიბა, იმის მიუხედავად, რომ კანონის გათვალისწინებით, საბჭოს სხდომა, როგორც წესი, სამ თვეში ერთხელ იმართება.

„2019 წლიდან დღემდე ეროვნული უსაფრთხოების საბჭო სულ 6-ჯერ შეიკრიბა. აქედან ერთი - გაცნობითი სხდომა პრემიერ მამუკა ბახტაძის დროს გაიმართა. პრემიერ გიორგი გახარიას პრემიერობის დროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა ორჯერ, კოვიდპანდემიის მართვასთან დაკავშირებით გაიმართა. ამის შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს შეიკრიბა. საბჭო ჯამში 6-ჯერ შეიკრიბა, იმის მიუხედავად, რომ კანონში წერია, რომ საბჭო სამ თვეში ერთხელ მაინც იკრიბება.

დავინტერესდი საბჭოს მცირე რაოდენობით გამართულ სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების საკითხით. მინდა გითხრათ, რომ არც ერთი გადაწყვეტილება, რაც საბჭომ სხვადასხვა პრემიერების დროს მიიღო, შესრულებული არ არის. ეს ქვეყნის ეროვნული დონის - სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებასა და დამტკიცებას ეხება. ასეთია მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს იმ შემთხვევაში, თუ “ქართულ ოცნებას“ ამის პოლიტიკური ნება ეყოფა. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია 2011 წლიდან არ განახლებულა. იმის მიუხედავად, რომ ბრიტანელი ექსპერტების ჩართულობით განახლებული დოკუმენტი შემუშავებულია, პარლამენტში არ შემოვიდა. ამაზე განმარტეს, რომ ვითარება უკრაინის ომმა შეცვალა - ომიდან 9 თვე გავიდა და ხსენებაც არ არის, თუ როდის შეიძლება აღნიშნული დოკუმენტი პარლამენტმა განიხილოს და დაამტკიცოს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ინტერესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

კიდევ ერთი ასეთი დოკუმენტი ეროვნული საფრთხეების შეფასების დოკუმენტია, რომელიც თავისი არსით საიდუმლოა, თუმცა მნიშვნელოვანია, ქვეყანა საფრთხეს აფასებდეს და არსებობდეს მოქმედებების გეგემა, რაც აუცილებელია არა მხოლოდ საფრთხეზე რეაგირებისთვის, არამედ საფრთხის პრევენციისთვის. ამ ხელისუფლებას ასევე 2018 წლიდან არ განუახლებია თავდაცვის ეროვნული სტრატეგია. ესეც პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობაა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას იწვევს და რომ არა აქვს ამის ნება, შესაბამისად, საბჭო მოწვეული არ არის. კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით საკანონმდებლო ინიციატივები გიორგი გახარიას პრემიერობის დროს იყო განხილული. ამაზე საბჭოს მდივნისგან ვახტანგ გომელაურისგან პასუხად მივიღე, რომ ისევ შემუშავების პროცესშია. არსებული გამოწვევების - უკრაინაში მიმდინარე ომის, საოკუპაციო ხაზზე გართულებული ვითარების, სტრატეგიული უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტების განახლების აუცილებლობის მიუხედავად, საბჭო პრინციპულად არ იკრიბება“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

რაც შეეხება უშუალოდ კანონში დაგეგმილ ცვლილებას, როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, საბჭო 1996 წლიდან არსებობს და ამ პერიოდიდან მოყოლებული არასდროს საბჭოს მუდმივი წევრი სპეციალური დაცვის სამსახურის უფროსი არ ყოფილა, რასაც ხელი არ შეუშლია, საჭიროების შემთხვევაში, ის საბჭოს სხდომაზე მიეწვიათ.

აქუბარდიას აზრით, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პერსონალური ინტერესით არის გამოწვეული.

„ლოგიკას ვერ ვხედავ, რა აუცილებელია აღნიშნული თანამდებობის პირი საბჭოში მუდმივ წევრად შევიდეს, როცა საბჭოს დღის წესრიგი არც პოლიტიკური თანამდებობის პირების დაცვასა და არც სახელმწიფო შენობების დაცვას არ ეხება“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა