სტრასბურგის სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძეზე - საქმეში სამართალწარმოება მთლიანობაში, არ ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს, შესაბამისად, ამ კუთხით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევა არ მომხდარა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, „მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ“ განაჩენი გამოიტანა.

სასამართლოს ინფორმაციით, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა იყო უსამართლო იმის გამო, თუ როგორ მოიპოვეს მთავარი მტკიცებულება. კერძოდ, ის ამტკიცებდა, რომ მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც მკვლელობის „მომზადების“ მტკიცებულებად გამოიყენეს, მას ჩემოდანში ჩაუდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ მე-6 მუხლი სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების გარანტიას იძლევა, ის არ ადგენს რაიმე წესს მტკიცებულების დასაშვებობის შესახებ, რაც უპირველეს ყოვლისა ეროვნული კანონმდებლობის რეგულირების საკითხია. სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ აღმოჩენილი ნივთიერება არ იყო ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობოდა განმცხადებლის განაჩენი.

კერძოდ, განმცხადებლის დამნაშავედ ცნობისას, შიდა სასამართლოები დაეყრდნენ I.M.-ს მიერ მიცემულ მტკიცებულებებს, სხვა მოწმეთა ჩვენებებს, აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს და კომპიუტერულ მონაცემებს, რომლებიც მრავალმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ იყო ავთენტური და სხვა მტკიცებულებები. ამ გარემოებების გათვალისწინებით ეროვნული სასამართლოების უფლებამოსილებაში იყო განეხილა, არსებობდა თუ არა საკმარისად ძლიერი მტკიცებულებები იმის დასამტკიცებლად, იყო თუ არა მომჩივანი დამნაშავე „მკვლელობის მომზადებასთან“ დაკავშირებით.

ამ გარემოებებში, სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებლის საქმეში სამართალწარმოება მთლიანობაში, არ ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს. შესაბამისად, ამ კუთხით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა არ მომხდარა“, - აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს განაჩენში.

სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ განმცხადებელი, გიორგი მამალაძე, არის საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1984 წელს და ცხოვრობს თბილისში (საქართველო). შესაბამის დროს ის იყო დეკანოზი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი სამედიცინო კლინიკის დირექტორი. საქმე ეხება ბატონ მამალაძის წინააღმდეგ 2017 წელს ბერლინში ყოფნისას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის პირადი მდივნის მკვლელობის დაგეგმვის საქმეს. ის იმ დელეგაციის შემადგენლობაში იყო, რომელიც ბერლინში სამკურნალოდ გამგზავრებულ პატრიარქს ახლდა. ბატონი მამალაძე საბოლოოდ ცნეს დამნაშავედ „მკვლელობის მომზადებაში“. ადამიანის უფლებების კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-2 პუნქტის (უდანაშაულობის პრეზუმფცია) საფუძველზე, ბატონი მამალაძე ჩივის, რომ მისი სასამართლო პროცესი იყო უსამართლო საკვანძო მტკიცებულებასთან - ბერლინის რეისზე მის ჩემოდანში აღმოჩენილ ციანიდთან - დაკავშირებით და რომელიც მის წინააღმდეგ გამოიყენებეს. მისი თქმით, გადაწყვეტილება მისი სასამართლო პროცესის საზოგადოებისთვის დახურვასთან დაკავშირებით არ იყო აუცილებელი და რომ საჯარო მოხელეების განცხადებები, გაუმჟღავნებლობის ვალდებულება და საქმის მასალების გავრცელება ხელს უწყობდა დამნაშავედ მის წარმოჩენას.

გარდა ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო. სასამართლოს განმარტებით, არ დაკმაყოფილდა მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა, არამატერიალური ზიანისთვის კი მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მომჩივანს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის განმავლობაში, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 9 418 ლარი.

„სასამართლოს ინფორმაციით, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ არ არსებობდა არანაირი საფუძველი, რომელიც ამართლებდა სისხლის სამართლის პროცესის სრულად დახურვას. კერძოდ, მას არ სურდა საკუთარი პირადი ცხოვრება საზოგადოებისგან დაფარული ყოფილიყო და საქმის მასალებში არსებული სხვა პირადი ინფორმაცია არ იყო ისეთი, რომ სასამართლო პროცესის სრული დახურვის გარანტია გამხდარიყო. ყოველ შემთხვევაში, არავის პირადი ცხოვრების დეტალები არ იყო განხილული სასამართლო მოსმენებზე და არ იყო წარმოდგენილი გადაწყვეტილებებში. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო...

მომჩივანმა მოითხოვა 376 304 ლარი მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად შემოსავლის დაკარგვისთვის და 150 000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. სასამართლო არ ადგენს რაიმე მიზეზობრივ კავშირს აღმოჩენილ დარღვევებსა და სავარაუდო მატერიალურ ზარალს შორის; ამიტომ ის უარყოფს ამ მოთხოვნას. რაც შეეხება მორალურ ზიანს, სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმის გარემოებებში, დარღვევის დადგენა თავისთავად წარმოადგენს საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას.

განმცხადებელმა ასევე მოითხოვა 6360 ლარი სასამართლოს წინაშე მისი იურიდიული წარმომადგენლობისთვის და 3058 ლარი დოკუმენტების თარგმნის, საფოსტო და სხვა ხარჯებისთვის. მან წარადგინა კონტრაქტი თავის ადვოკატთან და ყველა მოთხოვნილი ხარჯებისა და დანახარჯების გადახდის დამადასტურებელი საბუთი. მის ხელთ არსებული დოკუმენტებისა და ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს 9 418 ლარის დაფარვას, პლუს ნებისმიერი გადასახადის, რომელიც შეიძლება დაეკისროს განმცხადებელს“, - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს