განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმატებული საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე, 2022 წელს, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სხვა ბევრ ქვეყანას შორის შეირჩა და მას პრიორიტეტი მიენიჭა, რომ 2023 წელს ENQA-ს წევრების ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლოს. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფორუმში მონაწილეობას ევროპის 32 ქვეყნის 55 ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელები, სააგენტოების თანამშრომლები, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების რეესტრის - EQAR-ის, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის, ევროპის სტუდენტთა ასოციაციის, ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები მიიღებენ.
„ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმზე განხილული იქნება ევროპული სივრცის უმაღლესი განათლების პოლიტიკის, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები და ტენდენციები. ფორუმს ყოველწლიურად 250-300 მონაწილე ესწრება.
2019 წლის 25 აპრილს, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) საბჭოს გადაწყვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ENQA-ს სრული წევრის სტატუსი 5 წლის ვადით მიენიჭა. ENQA-ს შეფასებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრონციპებთან (ESG 2015) შესაბამისობაშია და ENQA-ს წევრობის ძირითად კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
2021 წელს განხორციელდა ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფის მიერ დაფიქსირებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი. ENQA-ს მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ყველა რეკომენდაცია იქნა შესრულებული, რომლის შედეგად გაიზარდა საქართველოში არსებული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ჰარმონიზაციის ხარისხი, ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის ერთიან სტანდარტებთან და პრინციპებთან.
ENQA-ს მმართველი საბჭოს გადაწყვეტილება, რომ საქართველომ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლოს, კიდევ ერთხელ იმის დადასტურებაა, რომ ბოლო პერიოდში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები ერთიან ევროპულ სტანდარტებთან და მიდგომებთან შესაბამისობაშია,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"