ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2022

ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2022

გია ხუხაშვილი - “პრობლემა შიდაპოლიტიკაზე კიდევ უფრო დიდი და სერიოზულია...”

დუგინი პუტინის მოკვლას ითხოვს - “თვითმპყრობელობას ორი მხარე აქვს... აბა, რა გეგონათ?!”

დეივიდ ლი - “ევროკავშირში ინტეგრაციის ყველაზე დიდი ბარიერია “ნაციონალური მოძრაობა” და მათი ევროპარლამენტარი ლობისტები”

ზამთრის პაუზა თუ შეტევა ყირიმისაკენ - რა სცენარით გაგრძელდება ომი უკრაინაში

”რატომ არ ცდილობს “ოცნება”, რომ ევროპარლამენტში მეგობრები გაიჩინოს?!” - თენგიზ ფხალაძე

* * *

გია ხუხაშვილი - “პრობლემა შიდაპოლიტიკაზე კიდევ უფრო დიდი და სერიოზულია...”

“თუ დეტალებზე არ გავამახვილებთ ყურადღებას და მთელ სურათს შევხედავთ, სამწუხაროდ, საქმე მაინც ევროპასთან ურთიერთობის განვითარების ნეგატიურ ტენდენციასთან გვაქვს. ჯერ ეს მხოლოდ ტენდენციაა და პროცესს არ მიუღია შეუქცევადი ხასიათი. იმის შესაძლებლობა, რომ ეს პროცესი შეჩერდეს და პოზიტიური დღის წესრიგისკენ წავიდეს, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ამისთვის შესასრულებელია ის პირობები, რომლებიც დათქმულია და რომელთა შესრულების ვალდებულებაც ვიკისრეთ. ამასთანავე, ამ ურთულეს პერიოდში უნდა მოხდეს საქართველოს პოლიტიკის ევროპულ პოლიტიკასთან სინქრონიზაცია. თავი რომ დავანებოთ ფასეულობით არჩევანსა და თამაშის წესებს, ყოველივე ამას აქვს სხვა დამატებითი განზომილებაც: მიმდინარეობს გლობალური ომი, ფრონტის ხაზი გავლებულია, ევროპა ატარებს კოორდინირებულ პოლიტიკას ამ ომში და შესაბამისად, სურს ჩვენ გვიხილოს მოკავშირედ და არა გაუგებარ მოთამაშედ, რის დემონსტრირებასაც საქართველო ახდენს”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პრობლემა შიდაპოლიტიკაზე კიდევ უფრო დიდი და სერიოზულია...”

“მოკლედ, პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკაში სისტემური პრობლემებია, პრობლემა კიდევ უფრო დიდი და სერიოზულია. ბუნებრივია, ევროპას არ სურს ჩვენი დაკარგვა და სიფრთხილის ელემენტებიც ჩანს მათ მიდგომაში, რისი მაგალითიც ამ ანგარიშის შედარებით შერბილებული კილოა. ისინი არ არიან კატეგორიული, რადგან ეშინიათ, თუ ძალიან მკაცრად მოგვექცევიან, ჩვენს ხელისუფლებას შეიძლება მეტად უბიძგონ მოწინააღმდეგის ბანაკისკენ. “ქართული ოცნება” მათ სიფრთხილეს ხშირად ძალიან ბოროტად იყენებს. მიაჩნიათ, რომ ეს არის ვითარება, როდესაც შეუძლიათ ამგვარად ელაპარაკონ ევროპას - კი, მე ცუდი ტიპი ვარ, მაგრამ ასეთად უნდა მიმიღო, თუ არადა, სხვაგან წავალო. ეს მთელ მათ მოქმედებებს, ანტიდასავლური ნარატივის ფორმირების ცდას, ლაიტმოტივად გასდევს. შედეგიც მიიღეს. ფაქტობრივად, დასავლეთს დააბრალეს, რომ მას საქართველოს ომში ჩათრევა სურდა და ჩვენი საზოგადოების ნაწილსაც დააჯერეს ეს პროპაგანდისტული სპეკულაცია. მათ პლატფორმაც შექმნეს ჩვენი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის გადათამაშებისთვის და ამას მისცეს დასავლეთის შანტაჟირების ფორმა, რაც ძალიან სახიფათო და არაკეთილსინდისიერი თამაშია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“სალომე ზურაბიშვილის შესაძლო გადაწყვეტილებაზე ლაპარაკი გამიჭირდება, მაგრამ ეს საკითხიც აჩვენებს, რომ ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ახერხებს ჩიხურ ვითარებაში მოქცევას. გვარამიას გათავისუფლებას წინ არაფერი უდგას. არა მგონია, მათ რაიმე განსაკუთრებული პრინციპული ინტერესი ჰქონდეთ. კომპრომისზე ვერ მიდიან ერთი მარტივი მიზეზის გამო - ყველაზე მეტად, რაც ამ ხელისუფლებას აშინებს, შინაგანი სისუსტის გამჟღავნებაა, რადგან არა აქვთ განცდა, რომ მათი ძალაუფლება მყარია. ეშინიათ, რომ ნებისმიერი დათმობა მათი ძალაუფლების ხუხულას ჩამოშლის. რადგან შინაგანად სუსტად გრძნობენ თავს, მიაჩნიათ, რომ კომპრომისი შეუქმნით სერიოზულ პრობლემას. პარადოქსია, მაგრამ ასეა - მუდმივად შეტევაზე გადადიან იმიტომ, რომ საკუთარი სისუსტე დაფარონ. ასეა, განსაკუთრებულად აგრესიულად, მათ შორის ირაციონალური აგრესიით, როგორც წესი, სუსტი ადამიანები იქცევიან. მაშინ, როდესაც გვარამიას გათავისუფლება მათ სერიოზულ დივიდენდებს მოუტანდა დასავლეთთან ურთიერთობაში, მაინც არ მიდიან ამაზე. არადა, იოლად შეეძლოთ სერიოზული ბონუსის მიღება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“იგივე ხდება სააკაშვილთან დამოკიდებულებაშიც. დღეს სააკაშვილის პოლიტიკურ თუ სამართლებრივ ფაქტორს დაკარგული აქვს აქტუალურობა. ის აღარ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს პოლიტიკურად, არც ის არგუმენტია დასაჯერებელი, რომ თუ მას ხელისუფლება ჰუმანურად მოექცევა, ამომრჩეველს დაკარგავს. დღეს სააკაშვილის მიმართ აგრესია მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ამ ბოლოდროინდელი დრამატული პერიპეტიების შემდგომ, საზოგადოების ის ნაწილიც კი, რომელიც მისი ხელისუფლების დროს დაზარალდა, მიიჩნევს, რომ ის უკვე საკმარისად დაისაჯა. ალბათ, “ქართული ოცნების” ირგვლივ არის ასე, 200 კაცი, რომლებიც კვლავაც მიშასთან ხმალამოღებული მებრძოლები არიან, მაგრამ თუ “ქართული ოცნება” მიიჩნევს, რომ ეს 200 კაცია მისი ელექტორატი, კიდევ უფრო შავად ჰქონია საქმე. თუ ფიქრობენ, რომ სააკაშვილის გამოშვების გამო ხალხი მასობრივად აჯანყდება, ესეც დიდი სისულელეა”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“რაც ყველაზე საინტერესოა, დღეს სააკაშვილის თემით სპეკულირებენ პირები, რომლებიც სააკაშვილის დროსაც ხელისუფლებაში იყვნენ - ზოგიერთი ყავას უდუღებდა სააკაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს, ზოგი კიდევ მშვენივრად იყო ინტეგრირებული იმჟამინდელ სისტემაში. თუ ვინმე დაზარალდა სააკაშვილის რეჟიმის დროს, მეც ვიყავი. მე მასზე დღესაც გაბრაზებული ვარ და ბევრ რამეს ვერ ვაპატიებ, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით მისი ციხეში ჯდომა სადიზმად მიმაჩნია. ხელისუფლების აპელირება მართლმსაჯულებაზე, როდესაც კოლექტიურ მურუსიძეზე აქვთ აგებული სასამართლო სისტემა, მურუსიძეზე, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის პროდუქტი და იყო მისი პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი, აბსურდია”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

“ჩვენი პოლიტიკური ელიტის პოლემიკა “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონის საკითხზე სამარცხვინოა. არ შეიძლება კანონის პერსონიფიცირება. არადა, ჩვენთან ამას აკეთებენ პარლამენტარები, რომლებსაც ეს ჩვენზე უკეთესად უნდა ესმოდეთ. კანონის შექმნის საფუძველი უნდა იყოს გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი ინტერესი და არა კონკრეტული პირების სადამსჯელო ოპერაცია. ერთი მხარე იშვერს ხელს კონკრეტული პერსონისკენ და მეორე მხარეც იმავეს აკეთებს. ფაქტობრივად, ორივე ცდილობს კანონი აქციოს პოლიტიკური მოწინააღმდეგის დასჯის ინსტრუმენტად. სინამდვილეში, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღების მიზანი ვინმეს დასჯა კი არ არის, არამედ ის, თუ ამ კანონის თანახმად ვინმე ჩაითვლება ოლიგარქად, რათა ასეთი პირის ჩამოშორდეს პოლიტიკურ პროცესებს. არადა, ისეთი განცდა გააჩინეს, რომ თითქოს თუ ეს კანონი რომელიმე პერსონას შეეხება, მისი საქმე წასულია. კანონმა უნდა დაალაგოს თამაშის წესები, რომელთა თანახმად, ბიზნესი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა დაშორიშორდეს. უნდა შეიქმნას ისეთი ინსტრუმენტები, რომელთა ამუშავების შემდეგაც შეუძლებელი იქნება ბიზნესიდან პოლიტიკის გაკონტროლება და პირიქით”, - თვლის რესპონდენტი.

“ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” აქვთ ერთი საერთო ნიშან-თვისება - ლიდერის გარშემო გაერთიანებულ ერთგვარ რელიგიებად ჩამოყალიბდნენ. ამ შემთხვევაში ასეთი ლიდერი, კერპი მიხეილ სააკაშვილია, რომელთანაც პარტიის ნაწილს აქვს ლამის რელიგიურ გრძნობამდე აყვანილი ემოციური ბმა. პარტიის მეორე ნაწილი უფრო რაციოს ემყარება და მოვლენებს ნაკლებად ემოციურად განსჯის. დღეს კონფლიქტი სწორედ რაციოსა და ემოციას შორის მიმდინარეობს. პარტიის ემოციური ნაწილი არანაირ ლოგიკას არ დაგიდევს. მიიჩნევენ, რომ მიშა უნდა გამოვიდეს ციხიდან და მორჩა, მელიას კი უყენებენ პრეტენზიას, ეს აქამდე რატომ ვერ შეძელიო. თუმცა ამ ხალხს რომ ჰკითხო, ეს როგორ უნდა მოხერხდეს, ვერ გიპასუხებენ. მელიასგან ითხოვენ სასწაულს. მათთან ლაპარაკს აზრი არა აქვს. სიმართლე გითხრათ, პრობლემაა ისიც, რომ არჩევნების შემთხვევაში თუ რაციონალურად მოაზროვნეთა ფრთამ გაიმარჯვა, ემოციას აყოლილთა ფრთა დაემორჩილება კი ახალარჩეულ ხელმძღვანელობას? რაც შეეხება კეზერაშვილს, მასთან დაკავშირებული საკითხი, რა თქმა უნდა, უსაფუძვლოდ არ წამოჭრილა. პოლიტიკურ ელიტაში რესურსების უკმარისობაა, უამისოდ ძალიან რთულია პოლიტიკის წარმართვა. აქედან გამომდინარე, შეიძლება რაღაც მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს, მაგრამ ვეჭვობ, ამის სანაცვლოდ კეზერაშვილი ღიად ითხოვდეს პარტიაზე კონტროლს”, - ამბობს ექსპერტი.

“ომის დაწყებიდან ორ კვირაშივე გამოჩნდა, რომ რუსეთს ეს ომი წაგებული ჰქონდა სამხედრო-სტრატეგიული, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ საინფორმაციო თვალსაზრისით. ერთადერთი, რაც რუსეთს შანსს უტოვებდა, რომ ომი ეწარმოებინა, იყო სამხედრო-ტექნიკური უპირატესობა, რაც დღეს აღარ აქვთ. რუსეთს ამის მოსაგებად არგუმენტი აღარ დარჩა, ახლა ყველაფერი დროის და რესურსების ამბავია. კრემლში ზამთრის იმედი ჰქონდათ, ელოდნენ, რომ ევროპას შესცივდებოდა და შეწყვეტდა უკრაინის დახმარებას, რაც ასევე არ გამართლდა. ევროპამ მოახერხა საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რუსეთზე დამოკიდებულება კი უკიდურესად შემცირდა. მოკლედ, კრემლის იმედი ამ მხრივაც გამტყუნდა. ამასთან, დასავლეთს კარგად ესმის, რომ ნებისმიერ იმპერიას, რომელიც მარცხისთვის არის განწირული, დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. ამიტომაც დღეს ლაპარაკია იმაზე, რომ როგორმე მაქსიმალურად შემცირდეს ზიანი. ჩვენი ხელისუფლების გამო კი ძალიან ვწუხვარ - ის მეტად ტრაგიკულ მდგომარეობაშია. “ქართული ოცნების” პროგნოზით, რუსეთი უკრაინას მალევე დაამარცხებდა და ამაზე ააგეს მთელი პოლიტიკა. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო რისკების თავიდან აცილების მცდელობა, მაგრამ ამგვარი გათვლითა და მასზე დამყარებული პოლიტიკით დაიზიანეს თავი და დააზარალეს ქვეყნის ინტერესებიც”, - ამტკიცებს გია ხუხაშვილი.

“ხელისუფლების ანალიზი და პროგნოზი იმდენად მცდარი და ბრიყვულია, აღმოჩნდნენ ისეთ ვითარებაში, როდესაც იძულებული არიან სწყინდეთ მოყვასის გამარჯვება. ამ აბსურდულ ვითარებაში ჩაიგდეს თავი, ვეღარ გამოდიან და კიდევ უფრო ღრმად ეფლობიან ჭაობში. გადასხეს დესანტი და რაღაც ანტიდასავლური ბუშტი შექმნეს, რომელიც ჯერ ტრიო იყო, ახლა უკვე ნონეტია. ივანიშვილი სულ თავს იწონებდა, რომ მოვლენების სწორი ანალიზი შეეძლო, მაგრამ დღეს, ამ ანალიზისა და მცდარი პროგნოზის შედეგად ჩვენი ხელისუფლება სადღაც ჯანდაბაშია გაკვეხებული”, - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - “არსებობს მოლოდინი, რომ უკრაინის წარმატებასთან ერთად, შეიცვლება ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებები, მით უფრო, რომ ამ ანტიუკრაინულ თუ ანტიდასავლურ რიტორიკაში საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ აიყოლიეს...” - პასუხობს:

“ის, რომ ხელისუფლებამ რუსეთის მარცხთან ერთად შეიძლება პოზიცია შეიცვალოს, რეალურია, მაგრამ რამდენად ეფექტიანი იქნება ეს, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. მაქვს განცდა, რომ მათში რუსეთის უძლეველობის მითი ძალიან ღრმად არის გამჯდარი. ეს შეიძლება რაღაც მენტალური ტრავმის შედეგიც იყოს. რაც შეეხება საზოგადოებრივ განწყობებს, ჩემი აზრით, პროპაგანდამ “აბა, ომი გინდათ” გავლენა მოახდინა საზოგადოების ნაწილზე, თანაც ხელისუფლების ანტიდასავლური დესანტის გაძლიერების ახალ-ახალ მცდელობებს ვხედავთ. თუმცა რიტორიკა ოდნავ შეცვალეს, დასავლეთთან რაღაც კომუნიკაციის დამყარებასაც ცდილობენ, მაგრამ ხელისუფლებაში უკვე იმ ტიპის სისტემური პრობლემებია, რომ რუსეთზე დასავლეთის გამარჯვების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენა ვეღარც წარმომიდგენია.

დუგინი პუტინის მოკვლას ითხოვს - “თვითმპყრობელობას ორი მხარე აქვს... აბა, რა გეგონათ?!”

“ხერსონის ჩაბარებამ რუსეთში სრული ქაოსი და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ უპრეცედენტო კრიტიკის ტალღა გამოიწვია. კრემლის თავგადაკლული იდეოლოგი ალექსანდრ დუგინიც კი მომხდარში სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, პუტინის მკვლელობასაც არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ რუსებს ახლა თავი არარაობად მიაჩნიათ და იტანჯებიან. რუსეთის ხელისუფლებამ კი ტალღის შესაჩერებლად რეპრესიები დაიწყო. ანალიტიკოსების თქმით, რუსეთში უკვე შიდა არეულობა და სახელმწიფოს სისტემის ჩამოშლის პროცესი დაიწყო და ისიც არა გამორიცხული, რომ უკმაყოფილო საზოგადოების ტალღა იმ დონემდე მივიდეს, რომ პუტინის მკვლელობაც კი მოაწყონ. თუმცა, მათი განცხადებით, დღეს იმის თქმაც ძნელია, რომ ამის შემდეგ ხელისუფლებაში ისეთი ჯგუფი მოვა, რომელიც რუსეთს დემოკრატიის გაძლიერებისა და ნორმალურ სახელმწიფოდ ფორმირების გზით წაიყვანს. კრემლის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი ხერსონის უკრაინის კონტროლქვეში გადასვლაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ხელისუფლებას აკისრებს და აცხადეს, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა არაფერ შუაშია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დუგინი პუტინის მოკვლას ითხოვს - “თვითმპყრობელობას ორი მხარე აქვს... აბა, რა გეგონათ?!”

“დუგინი წერს, რომ თუკი მმართველი მარცხს განიცდის, მაშინ მას “წვიმის მეფეის” ბედი ელის და ამატებს, რომ მხედველობაში აქვს ბრიტანელი ანთროპოლოგის ჯეიმს ჯორჯ ფრეზერის 12-ტომეულის “ოქროს რტოს” ერთი ფრაგმენტი, სადაც მეფეთა მკვლელობის ძველი პრაქტიკაა აღწერილი, რომ თუკი მეფე გვალვაში წვიმას ვერ იწვევდა, მას სიკვდილით სჯიდნენ. “რუსული ქალაქი ჩაბარდა... რუსები ახლა ტკივილისგან კბილებს აკრაჭუნებენ, ტირიან და იტანჯებიან, თითქოს გული ამოგლიჯეს, თითქოს შვილები, ძმები, დედები და ცოლები თვალწინ მოუკლეს. თუ ახლა არ გტკივა, არარაობა ხარ”, - წერს დუგინი თავის “ტელეგრამ” არხზე. შემდეგ ის პასუხობს რუსეთისთვის ტრადიციულ კითხვებს: ვინ არის დამნაშავე და ამ შემთხვევაში რა უნდა გაკეთდეს. მას მიაჩნია, რომ სამხედრო ხემძღვანელობის მიმართ და პირადად გენერალ სუროვიკინთან არანაირი პრეტენზია არაა, რადგან “ის არ არის პოლიტიკოსი და ის ფრონტის ტექნიკურ მხარეზეა პასუხისმგებელი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ხელისუფლება - ის არის პასუხისმგებელი ამაზე. რა არის “თვითმპყრობელობის” არსი -ჩვენ კი სწორედ ის გვაქვს? ჩვენ მმართველს ვაძლევთ სრულ ძალაუფლებას, მან კი კრიტიკულ მომენტში ყველანი უნდა გადაგვარჩინოს - ერი, სახელმწიფო, ადამიანები, მოქალაქეები. თუ ამისათვის ის გარს შემოიკრებს ნეხვებს ან ფეხებზე იკიდებს სოციალურ სამართლიანობას, ეს არასასიამოვნოა, მაგრამ მთავარია გადაგვარჩინოს. თუ ვერ ახერხებს ჩვენს გადარჩენას მაშინ “წვიმის მეფის” ბედი ელის (იხ. ფრეზერი). თვითმპყრობელობას ორი მხარე აქვს - სრული ძალაუფლება წარმატების შემთხვევაში, მაგრამ ასევე სრული პასუხისმგებლობა ჩავარდნაზე. აბა როგორ გინდოდათ?! როგორ გამოვიდეთ სიტუაციიდან? დაუყონებლივ უნდ გადავიდეთ სუვერენული დიქტატურიდან კომისრულზე, ანუ შემოვიტანოთ იდეოლოგია. მმართველმა ეს თითქმის გააკეთა. მაგრამ მხოლოდ “თითქმის”. ხერსონი კი თითქმის კი არა, მთლიანად ჩააბარეს. არავითარი პრეტენზია სუროვიკინთან. დარტყმა მას არ ეკუთვნის. კარგად გესმით ვისაც ეკუთვნის და არანაირი პიარი აქ აღარ უშველის. კრიტიკულ სიტუაციაში პოლიტიკური ტექნოლოგიები საერთოდ არ მუშაობს. დღეს ისტორია ლაპარაკობს და ის წარმოთქვამს ჩვენთვის საშინელ სიტყვებს”, -წერს დუგინი, რომლის აზრით, “ეს არ არის ღალატი, ეს არის ნაბიჯი არმაგედონისაკენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“დასავლეთის პირობები, რომელიც იმარჯვებს, ამ სატანის ამ ცივილიზაციის პირობები მოსკოვისთვის არასოდეს იქნება მისაღები. ეს ნიშნავს, რომ დარჩება ტაქტიკური და სტრატეგიული ბირთვული იარაღი, ანუ დასასრული. და აქ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გვეყოფა წუწუნი - რუსული იდეა და მხოლოდ ეს. სისულელეა რუსული იდეის, ჩვენი იდეოლოგიისადმი შიშის გამო კაცობრიობის ტოტალურ განადგურებაზე წავიდეთ. სხვა გზა აღარ დარჩა. ამ ხელისუფლებას მეტი არაფრის გაკეთება აღარ შეუძლია. გამარჯვებისთვის კი ტექნიკური საშუალებებიც არ გვაქვს საკმარისი”, - ასკვნის დუგინი. ამერიკული ანალიტიკური ცენტრი “ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” თავის მორიგ ანგარიშში პუტინის მიმართ უპრეცედენტო კრიტიკის ტალღის შესახებ წერს, რომელიც, მათი განცხადებით, ხერსონის ჩაბარებამ გამოიწვია”, - დასძენს გამოცემა.

“რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონის დატოვებამ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ომის მომხრეებს შორის იდეოლოგიური გახლეჩა გამოიწვია. უკან დახევამ ჩამოშალა ნაციონალისტების რწმენა, რომ პუტინს შესწევს უნარი შეასრულოს თავისი დაპირებები”, - აცხადებენ ომის შემსწავლელ ინსტიტუტში. ამერიკულ ანალიტიკურ ცენტრსაც მაგალითად მოჰყავს რუსი ულტრანაციონალისტი ალექსანდრ დუგინის პუბლიკაცია. პუტინი კი კრიტიკის ტალღას ახალი მეთოდებით ებრძვის - სახელმწიფო სათათბირომ, პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტში მოქალაქეობის შესახებ შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც “რუსეთის არმიის დისკრედიტაციისთვის”" პირს შეიძლება რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვას... საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ რუსეთი დღეს იმ კატასტროფის რეალიზაციის ფაზაშია, რომელიც დიდი ხანია პროგნოზირებადი იყო - რომ ომში რუსეთის მარცხის მწვავე ფაზები შიდა არეულობას და სისტემის ჩამოშლას გამოიწვევდა”, - წერს სტატიის ავტორი.

“რუსეთის პერსპექტივა ზუსტად ესაა. ამგვარ ფორმაზე კომენტარს უამრავი ანალიტიკოსი აკეთებდა - რომ საომარ მოქმედებებში დამარცხება რუსეთში შიდა არეულობას და სახელმიფოს სისტემის ჩამოშლას გამოიწვევსო. როგორც ჩანს, ისინი მართალნი აღმოჩნდნენ. ეს ჩვეულებრივად მსგავსი ტიპის სახელმწიფოებს ემართებათ ხოლმე. ასე მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში, იაპონიაში და ა.შ. რუსეთი დღეს პრაქტიკულად იმ კატასტროფის რეალიზაციის ფაზაშია, რომელიც დიდი ხანია პროგნოზირებადია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.

“პროცესები როგორ წავა ძნელი სათქმელია, შიდა პროტესტი და უკმაყოფილება ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ რამე კონკრეტული სცენარით წავა საქმე. ბუნებრივია, რომ სასურველი იქნებოდა რუსეთში ცვლილება დემოკრატიის გაძლიერების, ნორმალური სახელმწიფოს ფორმირების გზით წასულიყო, მაგრამ რუსეთში ამის გარანტირება ჯერჯერობით არავის შუძლია. დავიცადოთ და სიტუაციას შევხედოთ. ისიც არაა გამორიცხული, რომ უკმაყოფილოების ტალღის ზრდას მართლაც მოჰყვეს პუტინის მკვლელობა. ამაზე დიდი ხანია საუბარი, რადგან მისი მდგომარეობა, ძალაუფლება და ის უზარმაზარი ფინანსური რესურსები, რომელიც მათ ხელშია, დიდი ხანია უამრავი სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ინტერესს იწვევს. ასე რომ, რუსეთში გამორიცხული არაფერია”, - მიიჩნევს მენაღარიშვილი.

დეივიდ ლი - “ევროკავშირში ინტეგრაციის ყველაზე დიდი ბარიერია “ნაციონალური მოძრაობა”~ და მათი ევროპარლამენტარი ლობისტები”

სატელეკომუნიკაციო კომპანია “მაგთისა” და საქართველოში ევროპული ბიზნესასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი დეივიდ ლი, კარლ ჰარცელსა და ანდრიუს კუბილიუსს ზეწოლაში ადანაშაულებს - აცხადებს, რომ ასოციაცია საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია. მიზეზად ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს ასახელებს, რომელმაც, დეივიდ ლის მტკიცებით, ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს წერილი მისწერა და ასოციაციის ხელმძღვანელთან თანამშრომლობის შეწყვეტა მოსთხოვა მისი პოლიტიკური მოსაზრებების გამო. ამ სკანდალური ფაქტის შესახებ დეივიდ ლიმ საკუთარი “ტვიტერის” გვერდზე რამდენიმე დღის წინ დაწერა. “კუბილიუსმა წერილი მისწერა კარლ ჰარცელს, არ ემუშავა საქართველოს ევროპის ბიზნესასოციაციასთან ჩემი პოლიტიკური განცხადებების გამო. მიმდინარე წლის აპრილში კარლ ჰარცელმა თავის ოფისში გამომიძახა და მითხრა, რომ აღარ ითანამშრომლებდა ჩვენთან, თუ გენერალურ დირექტორად დავრჩებოდი - ამიტომაც გადავდექი”, _ წერს ის. თუ რა მიზეზით შეხვდა დევიდ ლის ჰარცელი და რა მიზეზით მოსთხოვა თანამდებობიდან წასვლა, როგორ ხსნის ამ საერთაშორისო სკანდალს, ან როგორ აპირებს ამის დამტკიცებას, აქვს თუ არა ხელისუფლებასთან ახლო კავშირი, როგორც ამას ოპოზიცია აცხადებს, ამ საკითხებზე “კვირის პალიტრა” დეივიდ ლის ესაუბრა”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით სკანდალური ინტერვიუ.

“აპრილში ევროკავშირის წარმომადგენლობაში გვქონდა შეხვედრა ევროკავშირის საგრანტო პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც EBA (ევროპული ბიზნესასოციაცია) ახორციელებს. ეს პროექტი ეხება ბაზრის კვლევას. ჩვენ ვილაპარაკეთ ამ პროექტის მიმდინარეობაზე, ვესაუბრე გარკვეულ პრობლემებზე, რაც საფრანგეთის და გერმანიის საელჩოების მხრიდან შეიქმნა. ამ შეხვედრაზევე ვუთხარით ჰარცელს, რომ 50-ზე მეტმა ქართულმა ბიზნესასოციაციამ ხელი მოაწერა EECP-ს (ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმა) და ამ მხრივ ყველაფერი რიგზე იყო. მე დავადასტურე, რომ ყველა საკონტრაქტო ვალდებულება შესრულდება, მათ შორის ღონისძიებებისა და მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით და ამის შესახებ პროექტის მენეჯერი საქმის კურსში იყო. ვუთხარი, რომ ყველა ადგილობრივ (ქართულ) ასოციაციას სურდა ამ პროექტში მონაწილეობა, რათა გამჭვირვალედ განიხილათ ბაზარზე არსებული პრობლემები და DCFTA-სთან (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) დაკავშირებული შესაძლებლობები. ევროკავშირის ელჩმა დაადასტურა, რომ გერმანიის და საფრანგეთის მიერ შექმნილი პრობლემები ცხადი იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ შემდგომი დაფინანსება დამოკიდებული იქნებოდა ფართო მონაწილეობაზე. მე კი კიდევ ერთხელ დავუდასტურე, რომ ეს ასე იქნებოდა, რადგან ამაზე საუკეთესო გუნდი მუშაობდა. მესმის, რომ ეს არის სხვა თემა, მაგრამ ეხება ჩვენს შეხვედრას, თუ რაზე ვისაუბრეთ და ამაზე არსებობს ანგარიში, რაც შეხვედრის შემდეგ გამგეობას გაეგზავნა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისა დეივიდ ლი.

“სწორედ აქ მითხრა ელჩმა და წერია ამ ანგარიშში, რომ მან მიიღო პრეტენზია გავლენიანი ევროპარლამენტარისგან ჩემი “ტვიტის” შესახებ. მან ასევე თქვა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მას სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ჩემი პოსტების გამო აკრიტიკებს და ამან პრობლემური გახადა მისი მხარდაჭერა EBA-ს მიმართ. ამ ანგარიშში მეც ვამბობ, რომ 2004 წლიდან მაქვს ქართულ არსამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება, ამასთან, მეც ვმუშაობდი არასამთავრობო სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში უნდა იყვნენ დამოუკიდებელი პარტიული კონტროლისგან. ეს არის ჩემი მთავარი ინტერესი და სიტყვის თავისუფლების მტკიცე რწმენა! ბოდიშიც მოვიხადე ევროპარლამენტის განაწყენებისთვის, რადგან ეს არ იყო ჩემი ინტერესის სფერო და იყო საქართველოს რეფლექსური დაცვა ევროპარლამენტარის კრიტიკის საპასუხოდ. ვიმეორებ, ეს ყველაფერი წერია იმ ანგარიშში, რაც ზემოთ ვახსენე”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მიმაჩნდა, რომ ეს პროექტი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სოციალურ მედიაში ჩემი კომენტარები და შევთავაზე, კონტრაქტის დასრულებამდე სოციალურ მედიაში ყველანაირ აქტიურობას შევაჩერებდი, არანაირ პოსტს აღარ დავწერდი, თუ ეს ვითარებას წაადგებოდა. ელჩმა მადლობა გადაგვიხადა მონაწილეებს და თქვა, რომ ყველა ვარიანტს განიხილავდა. მეორე დღეს კი წარმომადგენლობიდან დარეკეს და გვითხრეს, რომ კარლ ჰარცელი აღარ იმუშავებდა EBA-სთან, თუკი მე აღმასრულებელ დირექტორად დავრჩებოდი. შესაბამისად, დავინახე გადადგომის საჭიროება და გადავდექი იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელობიდან, რომელიც ჩემი დაარსებულია 2017 წელს და 4 წელი ვიმუშავე აღმასრულებელ დირექტორად ანაზღაურების გარეშე... ჩემი ვარაუდია, რომ ჰარცელს კუბილიუსმა მიმართა, რადგან მან მითხრა, რომ ევროპარლამენტარისგან საჩივრის წერილი მიიღო. არ დაუკონკრეტებია, თუ ვის გულისხმობდა. მე ვფიქრობ, ეს ანდრიუს კუბილიუსი იყო”, - ამბობს დეივიდ ლი.

“აშკარაა, რომ ეს ხდება ჩემი პოზიციის გამო საქართველოს შესახებ. კუბილიუსი “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტია და ნათელია, რომ მათი მიზნებისთვის მუშაობს. ისიც ნათელია, რომ არასამთავრობო სექტორი “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ლიდერობით “ქართულ ოცნებაზე” ავრცელებს ფეიკინფორმაციას და მას აწვდის საერთაშორისო საზოგადოებრიობას ევროპაშიც და ამერიკაშიც მაშინ, როცა ქვეყანაში რეალურად არის წინსვლა და ამას ადასტურებს საერთაშორისო რეიტინგები, საქართველო ბევრ ქვეყანაზე უკეთესია. ისინი კი ქვეყნის დისკრედიტაციას ცდილობენ, რაც ძალიან არ მომწონს და სულ ამაზე ვლაპარაკობ. ეს იყო მიზეზი, რის გამოც ელჩმა მითხრა, თუ რატომ ვამბობ სიმართლეს. ამის გამო დავკარგე სამსახური”, - განმარტავს რესპონდენტი.

“|ამაზე მაშინვე იმიტომ არ ვისაუბრე საჯაროდ, რომ ჩემი მთავარი საზრუნავი იყო და არის EBA-ს რეპუტაცია. ახლა იმიტომ ვამბობ, რომ ჰარცელი წავიდა და ახლა ახალი ელჩია. არ მინდა ის მოატყუონ “ნაციონალური მოძრაობის” ისეთმა ლობისტმა და ისეთმა კორუმპირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, როგორიცაა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”. იმ შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან არ მილაპარაკია. არც “ქართულ ოცნებაში” არავისთან არა მაქვს ურთიერთობა”... ნაციონალურ მოძრაობა~ 2012 წლიდან ბლოკავს ნებისმიერ მოძრაობას ევროკავშირში. ხელისუფლებაში ყოფნისას მათ განზრახ გაანადგურეს სტანდარტების ყველა სააგენტო, რათა დაებლოკათ DCFTA-ის ნებისმიერი შანსიც კი, რომელსაც “ქართულმა ოცნებამ” საბოლოოდ მოაწერა ხელი 2014 წელს. ევროკავშირში ინტეგრაციის ყველაზე დიდი ბარიერია “ნაციონალური მოძრაობა”~ და მათი ევროპარლამენტარი ლობისტები და კორუმპირებული არასამთავრობო ორგანიზაციები. მე ამის შესახებ მუდმივად ვსაუბრობ და ვწერ კიდეც სოციალურ ქსელებში, რადგან ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ამიტომ ისინი სხვას რას იტყოდნენ?” - მიიჩნევს ლი და შეკითხვაზე - “ფეისბუკზე” ბანერად გქონდათ ირაკლი კობახიძის ფოტო და აღარ გაქვთ. ეს რას ნიშნავს?” - პასუხობს:

“ვცდილობ რეგულარულად შევცვალო ჩემი გვერდის ფოტო, სხვას არაფერს. ახლა ტელერეპორტაჟი მაქვს”...

ზამთრის პაუზა თუ შეტევა ყირიმისაკენ - რა სცენარით გაგრძელდება ომი უკრაინაში

“ხერსონის გათავისუფლება უკვე შეფასდა უკრაინის როგორ დიდი სამხედრო, ასევე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ფისოლოგიური გამარჯვება. ახლა კი სამხედრო ანალიტიკოსები იმაზე მსჯელობენ, თუ რა ახალ შესაძლებლობებს აძლევს ეს უკრაინის არმიას და როგორ განვითარდება მოვლენები. ძირითადად საუბარი ორ სცენარზე. ამის პარალელურად კი, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში მასირებული შეტევა დაიწყეს, რითაც სურთ როგორმე გადაფარონ ხერსონის კატასტროფა. დასავლელი და ქართველი ანალიტიკოსებიც აღნიშნავენ, რომ რუსული არმია არასაკმარისად არის აღჭურვილი და ზამთრის ომისთვის მზად არაა. ესაა ის მთავარი მიზეზი, რის გამოც რუსები მოლაპარაკებებს ითხოვენ. მათი აზრით, ფრონტზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოვლენები შესაძლოა ორი სცენარით განვითარდეს - მხარეებმა აიღონ ე.წ. ზამთრის პაუზა, ან უკრაინის შეიარაღებული ძალებმა სამხრეთისკენ განავითარონ იერიში - ჯერ მელიტოპოლისა და მარიუპოლის და შემდეგ ყირიმის მიმართულებით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ზამთრის პაუზა თუ შეტევა ყირიმისაკენ - რა სცენარით გაგრძელდება ომი უკრაინაში.

“პირველი შესაძლო სცენარია ზამთრის პაუზა. ამ სცენარის მიხედვით, ორივე მხარე სახმელეთო ოპერაციებისაგან თავს მაქსიმალურად შეიკავებს და გაზაფხულის აქტიური საბრძოლო მოქმედებისათვის დააგროვებს ძალებს. ექსპერტთა აზრით, ეს პაუზა შეიძლება 6 თვემდე გაგრძელდეს, რომლის დროსაც ორივე მხრიდან ძირითადად საჰაერო დარტყმები იქნება სხვადასხვა სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. როგორც პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კოლინ კალმა განაცხადა, წვიმა და თოვლი “ფართომასშტაბიან შეტევითი ოპერაციებს გაართულებს”, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ამ პერიოდში “ორივე მხარე საარტილერიო ცეცხლს გაცვლის”. კალმა დასძინა, რომ “რუსები, როგორც ჩანს, აპირებენ, რომ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა გააგრძელონ რაკეტებითა და ირანული დრონებით”. ამ მოსაზრებას იზიარებენ ბრიტანელი ანალიტიკოსები “გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტიდან”. მათი შეფასებით, რუსული ძალები, რომლებიც დემორალიზებული არიან და პოზიციებიც ცუდად აქვთ მომზადებული, ეცდებიან მოვლენები სწორედ ასე განვითარდეს. თუმცა, მათი შეფასებით, უკრაინამ უარი არ უნდა თქვას ზამთარში შეტევით ოპერაციებზე და მაქსიმალურად გამოიყენოს ეს პერიოდი, სანამ რუსები ახალი საბრძოლო დანაყოფების ფორმირებას და ბრძოლაში ჩართვას შეძლებენ, რათა გაამყაროს მიღწეული წარმატება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გენერალი ვახტანგ კაპანაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ზამთარი ძალების მოსაკრებად, ზოგადად, ორივე მხარეს დასჭირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გარკვეულ მიმართულებებზე შეტევები არ იქნება. “ხერსონის აღება ფისოლოგიური, მორალური და პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. რუსეთს ეს ფაქტიურად სავაჭროდ ჰქონდა დატოვებული, რადგან ოდესა-ნიკოლაევისკენ შეტევის პოტენციალი აღარ ჰქონდა და ამის გარეშე ხერსონი მოწყვლადი იყო. მეორეს მხრივ, ეს უკრაინელებს საშუალებას აძლევს, რომ ყირიმს მიუახლოვდნენ, თუ მათ საშუალება ექნებათ, რომ “ჰაიმარსისთვის” 300-500 კმ-იანი რაკეტები მიიღონ, მაშინ შეძლებენ, რომ დარტყმები ყირიმში განახორციელონ. ამავე დროს მათ შეუძლიათ ამ მიმართულებიდან ზაპოროჟიეს გასათავისუფლელად ორი ოპერატიული მიმართულება შექმნან - დასავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი. ზამთარი, ზოგადად, ორივე მხარეს დასჭირდება. უკრაინასაც გარკვეული რეზერვების შეგროვება უნდა, რადგან ხერსონისთვის დიდი რესურსი დახარჯეს. ამის გარდა, ხერსონზე კონტროლის ოგანიზებაა საჭირო - გაწმენდა, დაკავება-გამაგრება”, - განმარტავს გენერალი, რომლის თქმით, “შესაბამისად, გარკვეული პაუზა გაუჩნდებათ”, - განაგრძობს გამოცემა.

“ზამთრის პირობები ვისთვის უფრო მომგებიანია? უკრაინელებს ზამთრის ბრძოლის 9-წლიანი გამოცდილება აქვთ, ეს კი რუსეთს არ გააჩნია. ზამთრის პერიოდს დადებითი და უარყოფითი ფაქტორები აქვს - შენიღბვა უფრო ნაკლებად შეიძლება, მეტი ნისლიანი და ღრუბლიანი დღეებია, რაც დაზვერვას აძნელებს. გადაადგილების თვალსაზრისით 21-ე საუკუნეში მუხლუხიანი ტექნიკისთვის არ მგონია დიდი შეფერხებები იყოს. მაინც მგონია, რომ ორივე მხარე რაღაც გარკვეულ პაუზას აიღებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გარკვეულ მიმართულებებზე შეტაკებები არ იქნება. ჯერჯერობით რუსები დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტისკენ უტევენ, უკრაინელები კი ლუგანსკის ოლქის გათავისუფლებას აგრძელებენ. რაც შეეხება მეორე შესაძლო სცენარს - შეტევას ყირიმისკენ, ამ მიმართულებაზე უკრაინელებმა დნეპრი უნდა გადალახონ, რაც ასე მარტივი არაა, რადგან კახოვკის ხიდზე უნდა გადავიდნენ, რომ ყირიმზე შეტევა დაიწყონ და ეს რუსებმაც იციან. ყირიმამდე კიდევ ასი კილომეტრია. ასე რომ, ეს ასე მარტივი არაა. რაც შეეხება მელიტოპოლს და მარიუპოლს, ეს უფრო რეალურად მესახება, მით უმეტეს, რომ დნეპრის მარჯვენა ნაპირს უკრაინელები აკონტროლებენ. ეს შესაძლებელია, მაგრამ მარიუპოლზე შეტევა ფართომასშტაბიან ოპერატიულ კონტრდარტყმას არ ნიშნავს, ეს გარკვეული ცალკეული მიმართულება იქნება”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მასიაია კი “რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზამთრის პაუზა რუსეთს უფრო აწყობს. “ზამთრის პაუზა რუსეთისთვის უფრო მისაღებია, რადგან ისინი სტრატეგიული რეზერვების გადათამაშებას შეძლებენ. ეს პაუზა რუსების სარდლობას ასევე შესაძლებლობას მისცემს, რომ ახალი ტიპის შენაერთები ჩამოაყალიბოს და ფრონტზე გადაისროლოს. პაუზა წყალს რუსების წისქვილზე ასხამს. ნაკლებ სავარაუდოა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ახლა ყირიმისკენ დაიწყონ შეტევა. ხერსონის აღება გეოსტრატეგიული მნიშვნელობისაა. ახლა, ჩემი აზრით, ახლა მარიუპოლი უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ეს აძლევს საშუალებას, რომ უკრაინამ აზოვის ზღვაზე გასასვლელი დაიბრუნოს. მარიუპოლი დონეცკის ოლქის სიდიდით მერე მეორე ქალაქია და ბუნებრივია, საპორტო-სამრეწველო ქალაქის დაბრუნება ომის მსვლელობაში სერიოზულ გარდატეხას შეიტანს. ამით უკრაინელები ყირიმში რუსული ძალების ბლოკირებას შეძლებენ”, - თვლის მაისაია, რომლის აზრით, ამით “შავი ზღვის ფლოტსაც დარტყმის ქვეშ მოაქცევენ და მოქმედებას შეუზღუდავენ”, - დასძენს გამოცემა.

“მეორე მომენტია, რომ უკრაინელები ახალი, სავარაუდოდ, კახოვკის გათავისუფლების ოპერაციას დაიწყებენ. აქ ჰეს-ი და დამბაა, რომელიც საკვანძო ლოკაციაა მისი აღების მერე შესაძლოა მარიუპოლის მიმართულებით გზა გაიხსნას, რაც უკვე დონეცკის ოლქში რუსეთის ძალების მოქმედებებს შეზღუდავს. მთავარი ახლა უკრაინელებისათვის დნეპრის მარცხენა სანაპიროზე სარაკეტო-საარტილერო წერტილების დახშობაა, რათა, თუ საშუალება მიეცემათ, დნეპრი გადალახონ და მარცხენა სანაპირო დაიკავონ და მთლიანად ოლქი გაათავისუფლონ. ნაკლებ სავარაუდო მგონია, რომ უკრაინელებმა ახლა ყირიმის მიმართულებით შეტევა განაგრძონ, ალბათ უფრო იქნება მელიტოპოლი, ნოვაია კახოვკა და მარიუპოლი... რაც შეეხება დონბასს, დონეცკის მიმართულება რუსებისთვის მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ თუ შეძლეს და უკრაინული ე.წ. მანერჰეიმის ხაზი გაარღვიეს, სლავიანსკი-კრამატორსკის მიმართულებით გავიდნენ და მთლიანად დაიკავეს, მაშინ უკრაინელებს სირთულეები შეექმნებათ. უკრაინელები ყველანაირად ცდილობენ, რომ დონეცკის ოლქი დაიცვან და დაცვის ხაზის გარღვევა არ დაუშვან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

”რატომ არ ცდილობს “ოცნება”, რომ ევროპარლამენტში მეგობრები გაიჩინოს?!” - თენგიზ ფხალაძე

|47 მომხრე და 5 წინააღმდეგი - 220 შესწორების საფუძველზე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ესტონელი პარლამენტარის, სვენ მიქსერის ანგარიშის კომპრომისული ვარიანტი მიიღო. დოკუმენტი რეზოლუციის სახეს 12 დეკემბერს, დებატების შემდეგ მიიღებს. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის კომპრომისულ ვარიანტში მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნა აღარ გვხვდება. ამასთან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინა პირობად დასახელებული აღარ არის. თუმცა ევროპარლამენტი საქართველოს ურჩევს ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის პრობლემა მოაგვაროს”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით ”რატომ არ ცდილობს “ოცნება”, რომ ევროპარლამენტში მეგობრები გაიჩინოს?!”.

“დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს სააკაშვილი, საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება მისცეს და გამოიყენოს ეს როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება. ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს მედიის მუშაკებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებების მფლობელების ან ახლო ოჯახის წევრების წინააღმდეგ. დოკუმენტი ამ კუთხით განიხილავს ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორის ნიკა გვარამიას, ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებების, როგორიცაა “ფორმულისა” და “თV პირველის” დირექტორებისა და დამფუძნებლების შემთხვევას და იმეორებს გვარამიას გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვის მოწოდებას. რა მოხდა ევროპარლამენტის კულისებში, ვისი მეცადინეობით იყო დოკუმენტი უაღრესად კრიტიკული და ვისი მუშაობის შედეგად შედგა კომპრომისული ვარიანტი, რატომ აღარ არის ივანიშვილი ოლიგარქად მოხსენიებული და რატომ აღარ არის სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინა პირობა, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე გვესაუბრება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩემი კოლეგების ერთი ნაწილისგან განსხვავებით, მე არ ვფიქრობ, რომ ანგარიში კომპრომისული და შერბილებულია. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, დოკუმენტი უაღრესად მძიმეა, ვინაიდან ჩემი ქვეყანა უარყოფით კონტექსტშია მოხსენიებული. შეიძლება თუ არა დოკუმენტი მეტად კრიტიკულიც ყოფილიყო? რა თქმა უნდა, თუმცა ამით თავის დამშვიდება არ ღირს. იმედია, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი შესაბამისად შეაფასებს ვითარების სიმძიმეს და გამოსწორებას შეეცდება. ქართველი პოლიტიკოსების ამ დრომდე გაკეთებული განცხადებები სრულიად არაადეკვატურია. იქნებ ვინმე მაინც მიხვდეს, რომ ასე არ შეიძლება! ვულისხმობ მმართველი გუნდის განცხადებებს, რომ თურმე რეზოლუცია ფარატინა ფურცელია, რომ ჩალის ფასი აქვს, რომ არაფერს ცვლის - სამწუხაროდ, რეალობა სხვაგვარია. მერწმუნეთ, თუ პარლამენტი ასეთი სახით მიიღებს ამ რეზოლუციას, ის ნამდვილად არ იქნება ფარატინა ქაღალდი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“თუ ხელისუფლება რიტორიკას არ შეცვლის, კარგი არაფერია მოსალოდნელი! ჩვენ ვერ მივიღებთ იმ სიკეთეებს, რომელთა მიღების შანსიც რეალურად გვაქვს - უკეთესი სასამართლოს, უკეთესი ეკონომიკის, უკეთესი თავდაცვის... რაც უნდა ვილაპარაკოთ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, ჩვენ ხომ ვიცით, რაც ხდება?! ევროპარლამენტში საქართველოზე მომუშავე ჯგუფის წევრებს იცნობს როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება. ყველა ქვეყანას პარტნიორებთან მუშაობის ასეთი მოდელი აქვს, მათ შორის ჩვენც. მაგალითად, საქართველოს პარლამენტში ამერიკასთან მეგობრობის ჯგუფი არასდროს ამზადებს რეზოლუციას სომხეთზე. ყველას თავისი კომპეტენცია აქვს. ამის ახსნა პოლიტიკოსს რატომ უნდა სჭირდებოდეს? ძალიან სავალალოა განცხადება, რომ ევროკავშირში |ნაციონალების| მეგობრები არიან და ამიტომ ვიღებთ ასეთ შეფასებებს. როცა ევროპარლამენტარებს ვეუბნებით, თქვენ საქართველოს კი არა, ერთი კონკრეტული ჯგუფის მეგობრები ხართო, ამით მათ შეურაცხვყოფთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თუმცა, კარგი, დავუშვათ, იქ მართლაც “ნაციონალების” მეგობრები არიან, “ოცნებას” რატომ არ ჰყავს ამ ორგანოში მეგობრები, მაშინ როდესაც ევროკავშირი ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია, ევროკავშირში ინტეგრაცია კი სტრატეგიული ინტერესი? რატომ არ ზრუნავს “ქართული ოცნება”, რომ ამ უმნიშვნელოვანეს ორგანოში მეგობრები გაიჩინოს და რით ახსნიან მმართველი გუნდის ლიდერები იმას, რომ ამ კრიტიკულ რეზოლუციას ხმა მისცა “ქართული ოცნების” პარტნიორმა პარტიამ, “სოციალისტებმა”? პირადად მე მაქვს ეს შეკითხვა - რატომ არა ჰყავს მგეობრები იქ, სადაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან? რაც შეეხება ევროპარლამენტში მიმდინარე სამუშაო პროცესს, ტექსტის შედგენა ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის შეფასებით მისიაზე, სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ინფორმაციასა და პარტნიორებთან მუშაობაზე. ჩვენ მათთან პარტნიორულ მუშაობას ვერ ვახერხებთ, მხოლოდ ვლანძღავთ - ან “ნაციონალების” მეგობრობას ვაბრალებთ, ან ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობას”, - ამბობს ფხალაძე და შეკითხვაზე - “რატომ გამორიცხავთ, რომ დასავლეთში მართლაც იყვნენ კონკრეტული პოლიტიკური ან გავლენის ჯგუფები, რომლებსაც მართლაც სურთ საქართველოს ომში ჩათრევა?” - პასუხობს:

“თუ ვინმეს ასეთი ინფორმაცია აქვს, უფრო კონკრეტულად უნდა ილაპარაკოს. დასავლეთს ჩვენი ომში ჩართვა ხელს არანაირად არ აძლევს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოში ევროკავშირის სამშვიდობო მისია დგას. მთელი დასავლური თანამეგობრობა აქტიურად მუშაობდა იმისთვის, რომ 2008 წლის ომი აქტიურ ფაზაში არ გადასულიყო. ამისთვის შეიქმნა ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი, დასავლეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ახლახან ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი შეთანხმდნენ, რომ არ აღიარონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტები. დასავლეთი ინვესტიციას დებს მშვიდობიან, სტაბილურ საქართველოში. პრაგმატულად ვიფიქროთ - მაშინ, როცა რუსეთი სანქცირებულია და იქ ტვირთების გატარება ნელ-ნელა შეუძლებელი ხდება, საქართველოს, როგორც ტვირთების გამტარი დერეფნის როლი ხომ მნიშვნელოვნად იზრდება? დასავლეთს ომი აწყობს თუ მშვიდობა იმ ქვეყანაში, სადაც მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი სავაჭრო დერეფანია?!”

“ამ რეზოლუციით ჩვენი პარტნიორები ყველანაირად ცდილობენ, რომ საქმე წითელ ბარათამდე არ მივიდეს. ეს დააზარალებს არა ერთ ან ორ პირს, არამედ სახელმწიფოებს. შესაბამისად, ყველანაირად ცდილობენ პროცესები ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ წარიმართოს. თუმცა პროცესი ვერ იქნება ცალმხრივი. ჯერ კიდევ დაგვრჩა დრო, რომ კომიტეტის რეზოლუცია პარლამენტის საბოლოო დოკუმენტად არ იქცეს და საბოლოოდ ევროკომისიის რეკომენდაციაში არ გადაითარგმნოს. მოვეშვათ გულში მჯიღის ცემას, დასავლელ პარტნიორებს ჩვენი ემოციები კი არა, მუშაობის შედეგი ვაჩვენოთ. რაც შეეხება მკაცრი დოკუმენტის ოდნავ შერბილებას, მეგობრები ყოველთვის გაძლევენ შანსს. ევროპარლამენტარებმაც მოგვცეს. იმედია, გამოვიყენებთ”, - დასძენს რესპონდენტი.