გია ხუხაშვილი - ხელისუფლება აპელირებს კეზერაშვილის ფულით და ამით აკომპლექსებს პარტიებს, ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც თავის დროზე კეზერაშვილს მშვენივრად გაურიგდა -„ჭუჭყიანი ფულის“ მეტი რა აქვს ამ ხელისუფლებას სალაროში

პოლიტიკოსობა და ჰალსტუხით პარლამენტში ჯდომა დავით კეზერაშვილს არაფერში სჭირდება. მას უნდა, რომ ქვეყანაში დაბრუნების საშუალება ჰქონდეს, მასზე დევნები შეწყდეს, საკუთარი თავის „გათეთრება“ უნდა - ამაში იხდის ფულს, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.

ამასთან, მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან დავით კეზერაშვილი დგას, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან "ქოლ-ცენტრი" ვერ იმუშავებს, თუ ხელისუფლებაში მას არ აქვს ე.წ. კრიშა.

"შეიძლება დავით კეზერაშვილს, რაღაც გეგმები აქვს, მაგრამ არ მგონია პარტიის კონტროლს ცდილობდეს ფულით. კეზერაშვილის ინტერესი არის ხელისუფლების სისტემურად შეცვლა და ამაში, რაღაც ტიპის მონაწილეობა, ამ შემთხვევაში ფულით, ფიზიკურად კი ვერ მონაწილეობს. ხელისუფლება აპელირებს კეზერაშვილის ფულით და ამით აკომპლექსებს პარტიებს. ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც თავის დროზე კეზერაშვილს მშვენივრად გაურიგდა. „ჭუჭყიანი ფულის“ მეტი რა აქვს ამ ხელისუფლებას სალაროში“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი თქმით, მას აქვს ეჭვი, რომ კეზერაშვილი და ხელისუფლება გარიგებულები იყვნენ, მაგრამ „შემდეგ რაღაც აირია“.

„ყველა სასამართლო პროცესზე კეზერაშვილმა გაიმარჯვა. რაზეც ედავებოდნენ აღმოჩნდა, რომ კეზერაშვილი ანგელოზი ყოფილა. პოლიტიკური დირექტივა მისცა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სასამართლოს, რომ საჭიროა დღეს კეზერაშვილის „გათეთრება“. ფაქტია, რომ რაღაც გარიგება შედგა კეზერაშვილსა და ხელისუფლებას შორის. აშკარად ჩანდა, რომ ხელისუფლება და კეზერაშვილი გარიგდნენ. დაიწყო მისი „გათეთრება“ სასამართლოს მეშვეობით. შემდეგ რაღაც აირია, ოღონდ არ ვიცი რა.

დღეს დიდი ხმაურია, რომ კეზერაშვილს "ქოლ-ცენტრები" აქვს. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ "ქოლ-ცენტრი" ვერ იმუშავებს, თუ ხელისუფლებაში მას არ აქვს ე.წ კრიშა. პოლიტიკოსობა და ჰალსტუხით პარლამენტში ჯდომა კეზერაშვილს არაფერში სჭირდება. მას უნდა, რომ ქვეყანაში დაბრუნების საშუალება ჰქონდეს, მასზე დევნები შეწყდეს, საკუთარი თავის „გათეთრება“ უნდა - ამაში იხდის ფულს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიაზე და აღნიშნა, რომ მას ჰქონდა მცდელობები ნორმალური პოლიტიკური პროცესის წარმათვის.

„მელია მე მომწონს. მეჩვენება, რომ მას შეუძლია რაციონალური აზროვნება. მას აქვს უნარი ითანამშრომლოს დანარჩენ ოპოზიცასთან. მას არ აქვს იდეაფიქსი, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ ერთადერთი და განუმეორებელი და ყველა მის ორბიტაზე უნდა ტრიალებდეს. მომწონს მისი მიდგომები", - განაცხადა ხუხაშვილმა და აღნიშნა, რომ "„ნაციონალური მოძრაობა“ თუ დაიშალა, ეს სახელმწიფოს წაადგება“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო