სერგეი ლავროვი - უკრაინა აყენებს მოლაპარაკებების პირობებს, რომლებიც აშკარად არარეალური და არაადეკვატურია

უკრაინაში სიტუაციის მოგვარების ყველა პრობლემა მოდის კიევიდან, რომელიც არარეალურ პირობებს აყენებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ინდონეზიაში, „დიდი ოცეულის“ შეხვედრაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამიტის ფარგლებში ხანმოკლე საუბარი ჰქონდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.

„მათ კარგად იციან, რომ უკრაინა ანელებს ამ პროცესს. კიევმა, სხვა საკითხებთან ერთად, აკრძალა რუსეთთან მოლაპარაკება ზელენსკის განკარგულებით. უკრაინა კატეგორიულ უარს ამბობს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე და აყენებს პირობებს, რომელიც აშკარად არარეალური და არაადეკვატურია ამ სიტუაციაში“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, დასავლეთმა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებების პროვოცირება მოახდინეს და არა პირიქით.

„რაც უფრო მეტს საუბრობენ ისინი არაპროვოცირებულ აგრესიაზე, მით უფრო მეტად რწმუნდება ყველა, რომ ეს მათ მიერ იყო პროვოცირებული“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი მტკიცებით, რუსეთის „ოპერაციის“ მიზანი დონბასში რუსული მოსახლეობის დაცვაა.

„ეს არ არის აგრესია, ეს არის ოპერაცია რუსეთის საზღვრებზე არსებული საფრთხის გამო რუსეთის უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად და დონბასში რუსული მოსახლეობის დასაცავად”, - აღნიშნა ლავროვმა.

მან ნატო და ევროკავშირი უკრაინის ომში ჩარევაში დაადანაშაულა.

”მიმაჩნია, რომ ნატო და ევროკავშირი დიდი ხანია მონაწილეობენ უკრაინაში ჰიბრიდულ ომში, ჰიბრიდულ კონფლიქტში იარაღის მიწოდებით და სამხედრო მოსამსახურეების წვრთნით და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებით,” - აღნიშნა ლავროვმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა