„ნაფტოგაზი“ - რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკრაინის გაზის წარმოების რამდენიმე ობიექტი განადგურდა

უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ნაფტოგაზმა“ დაადასტურა, რომ რუსეთის მიერ დღეს განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმებმა დააზიანა ან გაანადგურა უკრაინის გაზის წარმოების რამდენიმე ობიექტი.
„ნაფტოგაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოლექსი ჩერნიშოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა „მასიური თავდასხმა“ განახორციელა აღმოსავლეთ უკრაინაში გაზის მწარმოებლის „უკრგაზვიდობუვანიას“ ინფრასტრუქტურაზე.
„ამ დროისთვის, ჩვენ ვიცით რამდენიმე ობიექტი, რომლებიც განადგურებულია. დანარჩენებმა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო“, - აღნიშნა ოლექსი ჩერნიშოვმა.
შეგახსენებთ, თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთი ებრძვის ხალხისთვის განკუთვნილ ელექტროენერგიას და გათბობას და აფეთქებს ელექტროსადგურებს და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებს.
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ რუსეთი უტევს ინფრასტრუქტურას, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება უკრაინის სამხედრო პოტენციალს და უკრაინის რეჟიმს.

























