ქართული პრესის მიმოხილვა 18.11.2022

„ამხელა პარტიის მართვა ქუჩის აქტივისტის მიერ არასერიოზულია“ - რატომ უჭერს მხარს ენმ-ს ყოფილი ძალოვნების ტანდემი ხაბეიშვილს

ხორბალი და ფქვილი კიდევ გაიაფდება - ზამთარში არანაირი პრობლემა არ გველოდება

***

„ამხელა პარტიის მართვა ქუჩის აქტივისტის მიერ არასერიოზულია“ - რატომ უჭერს მხარს ენმ-ს ყოფილი ძალოვნების ტანდემი ხაბეიშვილს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილმა საკუთარი კანდიდატურა დააყენა, ორ ბანაკად გაყოფილ პარტიაში დაძაბულობის ხარისხმა იმატა. ნაწილი ხაბეიშვილს უჭერს მხარს, ნაწილი კი ნიკა მელიას. უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი ხაბეიშვილის ინიციატივა გახდა - საუბარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის შტაბის შექმნაზე. შტაბის ხელმძღვანელობა ხაბეიშვილმა ჩალაძეს შესთავაზა, რის შემდეგაც გიორგი ჩალაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, „ამხელა პარტიის მართვა ქუჩის აქტივისტის მიერ არასერიოზულია“ - რატომ უჭერს მხარს ენმ-ს ყოფილი ძალოვნების ტანდემი ხაბეიშვილს

„თავმჯდომარის პოსტისთვის ბრძოლაში ლევან ხაბეიშვილი რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ ჩაერთო. ის რიგით მეოთხე კანდიდატია, რომელიც თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს. თუმცა მას შემდეგ, რაც ჩალაძემ კანდიდატურა მოხსნა, მხოლოდ სამნი დარჩნენ. ნიკა მელია, გიორგი მუმლაძე და ლევან ხაბეიშვილი. თუმცა ყველასთვის ნათელია, რომ თუ შიდა არჩევნები ამ კონფიგურაციით ჩატარდა, ბრძოლა ხაბეიშვილსა და მელიას შორის გაიმართება. ხაბეიშვილს უკვე ჰყავს მომხრეები - ისინი, ვინც ყოფილი ძალოვნების, მერაბიშვილი- კეზერაშვილის გუნდის წევრებად სახელდებიან. მასთან ერთად ბრიფინგზე იდგნენ პეტრე ცისკარიშვილი, დავით კირკიტაძე, გიორგი ბოტკოველი და დიმიტრი შაშკინი. მათ ხაბეიშვილის მხარდაჭერა ბრიფინგზე ერთად დგომით ღიად დაადასტურეს. პარტიის მეორე ნაწილმა, კონკრეტულად კი მელიას გუნდის წევრებმა, ხაბეიშვილის გადაწყვეტილების შესახებ პრესკონფერენციიდან შეიტყვეს. თავად მელია კი უკვე რამდენიმე დღეა ბრიუსელში შეხვედრებს მართავს და საკუთარ პოზიციებს პარტიაში მიმდინარე პროცესებზე სწორედ იქიდან აჟღერებს. მოქმედმა თავმჯდომარემ გუნდში არსებული განხეთქილების შეფასებისას გუშინ ისიც თქვა, რომ თანაპარტიელებმა ზურგში დანა ჩაარტყეს, რაშიც სავარაუდოდ მელიამ სწორედ კეზერაშვილის მხარდამჭერთა ფრთა იგულისხმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

„როგორც აღმოჩნდა, ხაბეიშვილის მხარდამჭერია ლევან ბეჟაშვილიც, რომელიც ამტკიცებს, რომ ხაბეიშვილს პარტიის შიგნით ბევრი მხარდამჭერები ჰყავს. „ლევან ხაბეიშვილს პარტიის შიგნით საკმაოდ დიდი ჯგუფი უჭერს მხარს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მას შეუძლია პარტიაში მოიტანოს ახალი ენერგია და ახალი მუხტი. ის საერთო გუნდთან ერთად შეძლებს თანამედროვე გამოწვევებს უპასუხოს,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი. „ნაციონალური მოძრაობის” საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძისთვის კი მიუღებელია კულისებიდან პროცესის წარმართვა. ის ყურადღებას ღიაობაზე ამახვილებს. „მე არ მომწონს, როდესაც კულისებიდან ხდება რაღაც პროცესების წარმართვა, თუკი ვსაუბრობთ დემოკრატიაზე და საჯაროობაზე, ეს იმას ნიშნავს რომ ყველაფერი მაქსიმალურად ღიად უნდა იყოს,“ - ამბობს ბაჩო დოლიძე”, - განაგრძობს გამოცემა.

„ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილი არც გუნდის შიგნითაა ავტორიტეტი, არც ხელისუფლებისთვის და არც სხვა ოპოზიციური ძალებისთვის. ის არ არის იმ კალიბრის პოლიტიკოსი, რომელმაც ამხელა პარტია უნდა მართოს. „ეს ახალგაზრდა არის ჩვეულებრივი ქუჩის ხულიგანი, რომელსაც პარტიაში ზუსტად ასეთივე ფიგურების მხარდაჭერა აქვს. არცერთი მათგანი, ვინც ბრიფინგზე მის გვერდით იდგა, პოლიტიკოსი არ არის და არ სარგებლობს საზოგადოების თვალში ნდობით და ავტორიტეტით, ამიტომ გაუგებარია, კეზერაშვილის პოლიტიკური გემოვნება რას ემყარება. მისი გემოვნება თუ ხაბეიშვილზე დაიყვანება, მაშინ მეეჭვება, რომ მან პარტიის ხელში ჩაგდება მოახერხოს. ხაბეიშვილი ავტორიტეტი არავისთვის არ არის. მისი ფიგურა სიცილს და ქილიკს იწვევს, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციასა და ელექტორატშიც კი. მისი პიროვნება თავად პარტიის შიგნით, სერიოზულ დამოკიდებულებას არ აჩენს. კეზერაშვილთან რომ აჩენს სერიოზულ დამოკიდებულებას, ეს უკვე ალბათ კეზერაშვილის პრობლემაა. ხაბეიშვილი ძალიან იმპულსური ადამიანია, რომელსაც არც პოლიტიკური ხედვა აქვს, არც გამოცდილება და არც ინტელექტი. ამ ახალგაზრდას პიროვნულად არაფერს ვერჩი, მაგრამ ვსაუბრობ იმას, რომ ამხელა პარტიის მართვა ასეთი ქუჩის აქტივისტის მხრიდან არასერიოზულია. არც მელიაა გადასარევი, მაგრამ ხაბეიშვილის ფონზე მისი რადიკალიზმი აღარ ჩანს. რაც შეეხება პარტიის შიგნით განწყობას ვანო მერაბიშვილის და დავით კეზერაშვილის მიმართ, ვფიქრობ, რომ არცთუ დადებითია. მათ წარსულის საკმაოდ მძიმე ტვირთი აწევთ და პარტიის ბევრი წევრი ფიქრობს, რომ პოლიტიკაში მათი დაბრუნება პარტიას დააზარალებს. ამიტომ აყენებენ წინ ისეთ კანდიდატურას ხაბეიშვილის სახით, რომელიც არ არის პოლიტიკურად მათნაირი გასვრილი. თუმცა ყველამ ხომ კარგად იცის, მის უკან ვინც დგას. ასევე არსებობენ პარტიის მხარდამჭერებში ადამიანები, რომლებისთვისაც კეზერაშვილის და მერაბიშვილის ფიგურები კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომაც არსებობს საფრთხე, რომ ენმ-მ ამომრჩეველი კიდევ უფრო დაკარგოს. შესაბამისად მაინც ვფიქრობ, რომ მელიას გამარჯვების მეტი შანსი ექნება“, -ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“, - წერს სტატიის ავტორი.

ხორბალი და ფქვილი კიდევ გაიაფდება - ზამთარში არანაირი პრობლემა არ გველოდება

„შეთანხმება მიღწეულია - უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ოთხი თვით გახანგრძლივდა, რაც იმის გარანტიაა, რომ უკრაინული პროდუქციით დატვირთული გემები უსაფრთხო კორიდორს მიიღებენ და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე გატანას შეძლებენ. სტაბილიზაცია არის და იქნება საქართველოშიც, რადგან ქვეყანა რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული და იქ კი ხორბლის მზარდი მოსავალია, თანაც განიხილება საბაჟო გადასახადის ახალი ფორმულირება, რაც ბაჟს შეამცირებს. აქედან გამომდინარე, ზამთარი მარტივი გადასატანი იქნება, როგორც გლობალურად, ისე ქვეყნის შიგნითაც”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ხორბალი და ფქვილი კიდევ გაიაფდება - ზამთარში არანაირი პრობლემა არ გველოდება / ხორბლის მარაგი მაქსიმალურია და საერთაშორისო ბაზარზეც განსაკუთრებული სტაბილურობაა

„მარცვლეულის დერეფნის მოლაპარაკებების პროცესში მედიატორის როლს გაერო და თურქეთი ასრულებდნენ. აღსანიშნავია, რომ დადებითი ამბის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი 2.3%-ით შემცირდა და ბუშელი (25კგ) მარცვლეულის ღირებულებამ 7.98 დოლარი შეადგინა. მარცვლეულის დერეფნის გახანგრძლივება მომავალში სტაბილიზაციას გამოიწვევს. გადაწყვეტილება ზამთრის მარტივად გადატანის საწინდარია. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე ვითარება დამშვიდდება. "მსოფლიოსთვის ეს დადებითი სიგნალია, რადგან უკრაინა მარცვლეულის ძალიან სერიოზული მიმწოდებელია, როგორც ხორბლის, ისე სიმინდის, ზეთის და შროტის. შეთანხმების გაგრძელდება დამოკიდებული იყო იმაზე, რომ რუსული ხორბლი და სასუქები შეუფერხებლად გავიდეს საერთაშორისო ბირჟებზე. პირველი შეთანხმების დროსაც, მემორანდუმი გაფორმდა და გარკვეულწილად რუსული ხორბლის წვდომა მსოფლიოში შეზღუდული არ იყო, მაგრამ მუშაობდა ე.წ. მეორადი სანქციები. ეს გულისხმობს იმას, რომ თვითონ ხორბალი და სასუქი მსოფლიო ბაზარზე სანქციებული არ იყო, თუმცა სანქცირებული იყო რუსულ პორტებში გემების შესვლა და მარცვლეულის გამოტანა, ასევე რუსული ტვირთით დატვირთული გემების შესვლა ევროპულ პორტებში. ახლა გაეროს გენმდივნისა და თურქეთის პრეზიდენტის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ეს პრობლემა მოხსნილია, რადგან ორმხრივი ინტერესი არსებობს, რომ მსოფლიოს მიეწოდოს მარცვლეული. რუსეთს ხორბლის რეკორდული მოსავალი აქვს და უახლოესი თვეებში უფრო მეტ ხორბალის მიაწოდებს ბაზრებს, ვიდრე წინა თვეებში. ესეც ის ფაქტორია, რომელიც მინიმუმ, ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს და შესაძლოა, კლებაც კი ვიხილოთ”, - განაცხადა "რეზონანსთან” სილაგავამ, - აღნიშნავს გამოცემა.

„საქართველო უკრაინულ ხორბალზე დამოკიდებული არ არის, მაგრამ გადაწყვეტილება მსოფლიო ტენდენციებზე იმოქმედებს. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გავლენა კი საქართველოზე დიდია. სილაგავა ამბობს, რომ ქვეყანაში ხორბლის და ფქვილის მარაგი არსებობს და ფასების მხრივაც სტაბილური მდომარეობაა. მთავარ მომწოდებელ ქვეყანაში კი, შესაძლოა, საბაჟო გადასახადის ახალი ფორმულა შემუშავდეს, რომელიც ბაჟს შეამცირებას, რაც ხორბლის შემოტანისთვის კარგი იქნება. "რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ბაზარზე ტენდენცია დადებითია. ფასები ქვევით წამოვიდა და 80 ლარიდან ერთი ტომარა ფქვილი, 70 ლარს ჩამოსცდა. იმპორტირებული ფქვილიც დაახლოებით ამ ფასში შემოდის. რუსეთში დაწესებული მცურავი ბაჟი 50 დოლარის ფარგლებშია და აქაც გარკვეულ სტაბილიზაციაა. შესაძლებელია, რომ რუსეთმა გადახედოს კიდევ საექსპორტო განაკვეთს და შეამციროს. აქედან გამომდინარე, ველოდებით, რომ ხორბლის ბაზარიც იმუშავებს და ფქვილისაც, რადგან გვახსოვს, რომ წინა წელს ფქვილმა ჩაანაცვლა ხორბალი, რამაც წისქვილები გააჩერა, მიზეზი სწორედ საბაჟო გადასახადი იყო. ახალი ფორმულა თუ შემოვიდა, მაშინ ხორბლის რუსეთიდან გამოტანას უფრო ექნება აზრი და ფქვილთან კონკურენციაში შესვლას შეძლებს, რაც მარაგზე დადებითად აისახება. ახლანდელი ფორმულით საბაჟო გადასახადი შემდეგნაირად გამოიანგარიშება – მოსკოვის ბირჟის ყოველკვირეულ ფასს, რაც დაახლოებით საერთაშორისო ღირებულებას უტოლდება, გამოკლებული 200 დოლარი, რომელიც მუდმივია, არ იცვლება, და რაც დარჩება იმის 70%. ეს მუდმივა - 200 დოლარი რუსეთს გადაყვანილი აქვს 15 ათასს რუბლში. ახალი ფორმულის მიხედვით კი, 15 ათასი რუბლის ნაცვლად, შეიძლება იყოს 3 ათასი რუბლის მეტი, ანუ 18 ათასი რუბლი. რაც მეტია მუდმივა, სხვაობა მით ნაკლებია. როგორც გითხარით, მუდმივას – 15 ათასი რუბლის გაზრდას აპირებენ 18 ათას რუბლამდე და სხვაობა მსოფლიოს ფასსა და 18 ათასს შორის უფრო მცირე გამოვა, ვიდრე მსოფლიო ფასსა და 15 ათასს შორის, რომელიც ახლა მოქმედებს, ამიტომ ბაჟი იქნება ნაკლები”, - დასძინა "რეზონანსთან” ლავან სილაგავამ”, - განაგრძობს გამოცემა.

„ქვეყანაში რომ სტაბილიზაციაა და მომავალშიც იქნება, ამას ადასტურებს პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძეც და აცხადებს, რომ ასეთ სიტუაციაში ზამთარი მარტივი გადასატანი იქნება. "ქვეყანაში ფქვილიც შემოდის და ხორბალიც. მაგალითად, ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ 10 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა პორტებში. გარდა ამისა, ვიცი, რომ ასევე 10 ათასი ტონა ხორბალი შემოიტანა ერთ-ერთმა წისქვილმა. ქვეყანაში მარცვლეული შემოდის ტრაილერებითაც. ასე რომ, დღეს არც ხორბალზე და არც ფქვილზე არანაირი თავის ტკივილი არ გვაქვს. ქვეყანაში მარაგი არსებობს. საინტერესო არის ის, რომ რუსეთიდან შემოტანილი და საქართველოში გადამუშავებული ფქვილი ფასში ერთმანეთს დაუახლოვდა. ადრე განსხვავება 5 ლარში იყო, ახლა კი სხვაობა 2-3 ლარია, შეიძლება ამდენიც არ იყოს. თუ კონკურენცია ასე გაიზარდა, შესაძლოა, ფქვილის ფასმა ცოტა კიდევ დაიკლოს, ამიტომ პურის ფასი შენარჩუნება, ამას ვამბობდი ადრეც და ახლაც იგივე გიდასტურებთ. რა თქმა უნდა, ზამთარიც მარტივი გადასატანი იქნება. ყველა ქვეყანას უთხრეს, რომ თავიანთი სასურსათო სუვერენიტეტი დაიცვან. ყველამ უნდა იფიქროს სავსე ბეღელზე. ჩვენთან, შარშანდელთან შედარებით, წელს ხორბლის მოსავალი მეტი იყო. როდესაც ბევრმა ფერმერმა ნახა, რომ ხორბლის ფასები 500 დოლარზე ავიდა, მიწას მიუბრუნდა და მარცვლეულის თესვა დაიწყო. თუ ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ კარგის მომტანი იქნება”, - აღნიშნა "რეზონანსთან” საუბრისას მალხაზ დოლიძემ, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა