ალექსანდრე თვალჭრელიძე - შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ევროპამ უმწვავეს შიდა დაპირისპირებაზე დახუჭოს თვალი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, ტრადიციულად საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე გვინდოდა თქვენთან საუბარი, მაგრამ იმის გამო, რომ ამავე საკითხებზე პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოწვეულ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს, პარლამენტში გამართულ მსჯელობაზე საუბარს გვერდს ვერ ავუვლით. მითუმეტეს, რომ პარლამენტში გამართულ კამათში გამოიკვეთა ის პრობლემები, რაზეც პრაქტიკულად ყოველდღე გვიწევს საუბარი.

მხედველობაში მაქვს თუ რატომაა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩენილი, რას აკეთებს ხელისუფლება და ოპოზიცია 12 ევროპული რეკომენდაციის შესასრულებლად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მოდით, დავიწყოთ პრემიერ ღარიბაშვილისა და მთავრობის პრეტენზიებით ოპოზიციის მიმართ. გასაგებია, რომ ყველა თემას ვერ შევეხებით, მაგრამ მაინც.

პრემიერმა 12 პუნქტიანი ევროპული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებულ თემებთან დაკავშირებით „ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში, საბოტაჟში დაადანაშაულა.“ მისი მტკიცებით, რომ არა „ქართული ოცნება“, საქართველოს დღეს არც „თავისუფალი ვაჭრობა“ და არც უვიზო მიმოსვლა არ ექნებოდა ევროკავშირთან.

მისივე თქმით, დღეს რომ ხელისუფლებაში ოპოზიცია ყოფილიყო, საქართველო რუსეთს მეორე ფრონტს გაუხსნიდა და ისევე აღმოჩნდებოდა ომში, როგორც უკრაინაა.

პრემიერმა ოპოზიცია დაადანაშაულა იმაში, რომ 12 ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას არ იღებს, რითაც ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ არ სურს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

თქვენ როგორ შეაფასებდით ევროპული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას? ასევე იმ პრეტენზიებს, რომელიც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციის მისამართით გამოთქვა?

- ჩვენი პოლიტიკოსების კინკლაობა ყოველ ზღვარს გადასცდა. უკვე თითქმის აღარ მჭირდება მათი ეკრანიდან ყურება ან ნათქვამის წაკითხვა: ისედაც ვხვდები, რას იტყვიან და ეს ჩემი პროგნოზი, როგორც წესი, 99%-იანი სიზუსტით მართლდება. ამიტომ, სანამ 12 პუნქტიან გეგმაზე გადავალთ, მოდით, მოკლედ გავაანალიზოთ, რასთან გვაქვს საქმე.

პირველი. რეალურად ქართული პოლიტიკა სათავეებს დისიდენტურ, ანტიკომუნისტურ, ანტიტოტალიტარულ, ანტისაბჭოთა მოძრაობაში იღებს. პირველი მეტ-ნაკლებად დემოკრატიული არჩევნები „მრგვალმა მაგიდამ“ მოიგო და ქვეყნის სათავეში მოვიდნენ ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალული ადამიანები, რომლებსაც, საუბედუროდ, სახელმწიფო მმართველობის არავითარი გამოცდილება არ ჰქონდათ. შედეგები კარგად ვიცით.

მეორე. საბჭოთა მონსტრის ნგრევის შემდეგ, ქართულ გეოპოლიტიკურ სივრცეში ამერიკული, შემდეგ კი ევროპული ინსტიტუციები გააქტიურდა. საჭირო გახდა ეროვნული სახელმწიფოებრიობის დაფუძნება და ჩვენმა უცხოელმა კეთილმოსურნეებმა დემოკრატიული ინსტიტუტების დაჩქარებული განვითარებისთვის, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკის მრავალპარტიული სისტემა შემოგვთავაზეს, რაც უდიდესი შეცდომა იყო.

მათ თვალი დახუჭეს ამერიკულ და ევროპულ გამოცდილებაზე და დაავიწყდათ, რომ ნებისმიერ პარტიას თავისი მკვეთრად ჩამოყალიბებული იდეოლოგია აქვს. არ შეიძლება ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკა აინტერესებთ, მაგრამ პოლიტიკური კულტურის დეფიციტს განიცდიან, ხელოვნურად რამდენიმე ინტერესთა ჯგუფებად დაყოთ და ამ ჯგუფებს პარტიები დაარქვათ.

შედეგად, ყველა ეს ინტერესთა ჯგუფი ძალაუფლებისკენ მიილტვის და მისთვის სავსებით ამორალური, იეზუიტური პრინციპი, რომ მიზანი საშუალებებს ამართლებს მისაღები ხდება. შედეგად, ჩვენ მივიღეთ მორალისგან დაცლილი პოლიტიკა.

კანდიდატის სტატუსის არმიღებაც ამ პოლიტიკურ ბრძოლასა და ამ პოლიტიკურ სევდიან რეალობას შეეწირა. 12 პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით კი გეტყვით, რომ 11 პუნქტი შესრულდება, ზოგი - ფორმალურად, ზოგიც - მეტ-ნაკლებად სიღრმისეულად. მხოლოდ დეპოლარიზაციაა მიუღწეველი

მესამე. თავიდანვე პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩნდნენ პიროვნებები, რომლებსაც მართლაც გააჩნდათ პრინციპები, მორალი და ცოდნა. ერთ-ერთი მათგან უკანასკნელი, ბატონი ნოდარ ნათაძე, ჩვენ გუშინწინ ქართულ მიწას მივაბარეთ. ღმერთმა გაანათლოს მისი სული.

მაგრამ, ამ ადამიანებს თანაგუნდელები, თანამებრძოლები სჭირდებოდათ და აქ მდგომარეობა სავალალო აღმოჩნდა. საქართველოს არ გააჩნდა და ახლაც არ გააჩნია საერთაშორისო გაგებით 10-15 პარტიისთვის უმაღლესი სტანდარტის ჰუმანური რესურსი.

შედეგად, შემოთავაზებულ იქნა პროპორციული საარჩევნო სისტემა, სადაც ყოველ პარტიას თითო-ოროლა ლიდერი ჰყავს და დანარჩენი სივრცე ძალაუფლების მწყურვალი, მაგრამ ინერტული, ამორფული მასითაა შევსებული. დაგავიწყდათ, როგორ გადარბოდნენ ვითომ პოლიტიკოსები ერთი პარტიიდან ჯერ მეორეში, ხოლო შემდეგ მესამეში, მეოთხეში?... შემიძლია დაგისახლოთ.

მეოთხე. ამ ყველაფერმა წარმოქმნა სიტუაცია, როცა პარტიებს სტრატეგია არ გააჩნიათ და მხოლოდ ტაქტიკურ სვლებს აკეთებენ. ეს ტაქტიკა კი მხოლოდ ძალაუფლების მისაღებადაა გამოყენებული. პოლიტიკოსებს ავიწყდებათ, რომ პარტიულ ინტერესებზე ეროვნული ინტერესები უფრო მაღლა დგას, პოლიტიკოსებისთვის, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, სამშობლო პარტიული კედლებია, საქართველო - მეორეხარისხოვანია.

ამის დასამტკიცებლად შეგვიძლია დავასახელოთ საქართველოდან გადახვეწილი და კანონით ძებნილი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც თავს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ სარბიელზე შესანიშნავად გრძნობენ და სამოღვაწეო ქვეყნებს ხელთათმანებივით იცვლიან.

მეხუთე. ჩვენი პოლიტიკოსები ქართველები არიან და მიუხედავად ზემოთქმულისა, მათთვის ჩვენი ეროვნული მენტალიტეტისთვის დამახასიათებელი ნაკლოვანებები უცხო არ არის.

„რატომ ის და არა მე?“ ეს საკრალური კითხვა ჩვენი პოლიტიკის ლაკმუსის ქაღალდია. ამას კი უკიდურესი პოლარიზაცია მოჰყვება, განსაკუთრებით ერთმანეთთან მოქიშპე ძლიერ პოლიტიკურ სუბიექტების შორის. თუ ჩამოთლით პოლიტიკოსების გამონათქვამებიდან ლანძღვის ქერქს, დაინახავთ, რომ გინდ „ქართული ოცნების“, გინდ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ფართო გაგებით ერთსა და იმავეს ღაღადებენ, მაგრამ ერთმანეთის არ ესმით.

თუ ჩამოთლით პოლიტიკოსების გამონათქვამებიდან ლანძღვის ქერქს, დაინახავთ, რომ გინდ ქართული ოცნების, გინდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ფართო გაგებით ერთსა და იმავეს ღაღადებენ, მაგრამ ერთმანეთის არ ესმით

შედეგად, სიტყვამ ფასი დაკარგა, პოლიტიკურ ბრძოლაში ყველაფერი დაშვებულია, ტყუილიც, დასმენაც, მიყურადებაც, ანუ ის, რის გამოც ჩვენ ახალგაზრდობაში ასეთ „ტიპებს“ ცხვირ-პირს ვუმტვრევდით. გაქრა მორალი და ზნეობა. მლიქვნელობა სუფევს.

კანდიდატის სტატუსის არმიღებაც ამ პოლიტიკურ ბრძოლასა და ამ პოლიტიკურ სევდიან რეალობას შეეწირა. 12 პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით კი გეტყვით, რომ 11 პუნქტი შესრულდება, ზოგი - ფორმალურად, ზოგიც - მეტ-ნაკლებად სიღრმისეულად. მხოლოდ დეპოლარიზაციაა მიუღწეველი.

- როგორც პარლამენტში გამართულმა დებატებმა გვიჩვენა, ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ ოპოზიციის არგუმენტებსა და პრეტენზიებს არ აკლდა აქტუალობა და სიმწვავე.

ოპოზიციის პრეტენზიები ასეთი იყო - მმართველი გუნდი არ გამიჯვნია მოძრაობა „ხალხის ძალის“ მტკიცებას, რომ „კანდიდატის სტატუსი იყო ის სათაგური, რომელიც ხელისუფლება იძულებული იყო მიეღო“.

ხელისუფლებამ პარლამენტში შექმნა 12 ევროპული რეკომენდაციის შესასრულებლად პროცესი, რომელიც თავის თავად პროცესის მხოლოდ იმიტაცია იყო“, რადგან არც სახალხო დამცველისა და ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებულმა მსჯელობამ აჩვენა, რომ მმართველ ძალას არ სურს ქვეყანაში დამოუკიდებელი ინსტიტუტების არსებობა.

მეტიც, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ მიღებულმა კანონმა, რომლის მიხედვითაც საქართველოში, ივანიშვილის გარდა, ლამის ყველა მდიდარი ადამიანი შეიძლება ჩაითვალოს ოლიგარქად, ვისაც შესაძლოა გაუჩნდეს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის სურვილი.

ოპოზიციამ მმართველი გუნდი პრორუსული პოლიტიკის გატარებაში და კრემლთან მიმართებაში კაპიტულანტური პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. თქვენ როგორ შეაფასებდით მმართველი გუნდის წინააღმდეგ ოპოზიციის ბრალდებებს? თქვენი დაკვირვებით, ამ თემებზე ხელისუფლების პასუხი რამდენად არგუმენტირებული და დამაჯერებელი იყო?

- საკმაოდ დეტალურად დაგიხატეთ ჩვენი სევდიანი პოლიტიკური რეალობა. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი კინკლაობა 12 პუნქტიანი გეგმის შესახებ პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია, სადაც პოლიტიკური სუბიექტებისთვის მნიშვნელოვანია ტაქტიკური უპირატესობის მიღწევა და არა ჩვენი ევროპული სტრატეგიული მომავალი.

მე ამ კინკლაობაში არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის დებატებს, არამედ პოლიტიკური სუბიექტების ძალაუფლების შენარჩუნების ან მიღწევის არც თუ ისე კარგად გააზრებულ ტექნოლოგიებს ვხედავ. აიღეთ, მაგალითად, ერთმანეთის რუსული ინტერესების ლობირებაში დადანაშაულება. ამის უკან ხომ არაფერი არ დგას.

- მესმის, რომ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის არგუმენტებზე მსჯელობაზე კამათს მაშინ ექნება აზრი, ვიდრე ჯერ კიდევ გვიანი არაა, საქართველო მიიღებს თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

ყველა კეთილმოსურნე შინ თუ გარეთ გვეუბნება, რომ ქვეყანამ კონსენსუსის გზით უნდა იაროს, პოლიტიკურმა ძალებმა უნდა შეძლონ დეპოლარიზაციის მიღწევა, მაგრამ, ვხედავთ, რომ ამ თვალსაზრისით პრობლემები არ გველევა ხან ოპოზიციის და ხანაც მმართველი გუნდის მხრიდან.

მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანდა და ალბათ ახლა არც აქვს აზრი, რადგან პარლამენტში გამართულ მსჯელობისას ორივე მხრიდან გვესმოდა სიტყვები „მოღალატე“, „აგენტი“ და ასე შემდეგ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის იმ უმწვავესი დაპირისპირების მიუხედავად, რასაც ვადევნებთ თვალს, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს?

- ჩვენი პოლიტიკის სიმახინჯის მიუხედავად, საქართველო მაინც დემოკრატიული ქვეყანაა. აბა, სცადეთ ნებისმიერ სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში ან ოპოზიციური ტელეარხების დაფუძნება, ან კიდევ ამ ბინძური ლანძღვა-გინების საჯარო სივრცეში გადაღვრა, ნახავთ, რაც მოგივათ.

ამიტომ, ყველაფრის მიუხედავად, ევროკავშირი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იმ მომენტში, საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური პოზიციის გათვალისწინებით, ევროპისთვის იქნება ხელსაყრელი. ევროპაშიც პოლიტიკური ფილოსოფიის დეფიციტია, განსაკუთრებით მაშინ, როცა იცვლება მსოფლიო წესრიგი. იქაც ქვეყნის ლიდერები დაბნეულები არიან.

ევროკავშირი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იმ მომენტში, საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური პოზიციის გათვალისწინებით, ევროპისთვის იქნება ხელსაყრელი

არ ვიცი, როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ევროპამ უმწვავეს შიდა დაპირისპირებაზე დახუჭოს თვალი.

- ვაშინგტონსა და ბრიუსელში საქართველოზე გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ფაქტია, რომ როგორც ამერიკელ, ისე ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობებში საქმე მთლად კარგად არ უნდა იყოს.

როცა მმართველი გუნდის ლიდერი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარებისა და ამერიკელი სენატორების შეფასებებზე ამბობს, რომ მათ „ჩალის ფასი აქვს“, როცა „ქართული ოცნების“ წიაღში მოქმედი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას განცხადებაზე ავრცელებს და ხან აშშ-ს ელჩს ერჩის, ხან აშშ-ს მიერ მხარდაჭერილ არასამთავრობო სექტორს და საუბრობს იმაზე, რომ მათი დაფინანსება უნდა გამკაცრდეს თუ გაკონტროლდეს, რაც ძალიან ჰგავს რუსეთში დამკვიდრებულ პრაქტიკას, სადაც ამგვარი არასამთავრობო ორგანიზაციები ოფიციალურად „აგენტებად“ არიან აღიარებული.

იგივე, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „აშშ-ს დახმარებაზე არასამთავრობოებმა უნდა იდარდონ.“ აღარაფერს ვამბობ სენატორების განცხადებაზე დეპუტატ ირაკლი ზარქუას კომენტარებზე.

ფაქტია, რომ სტრატეგიულ პარტნიორებზე ასეთი რიტორიკით საუბარი, როგორც მინიმუმ, გაუგებარია. თუნდაც იმიტომ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის 30 წლიან ურთიერთობებს ასეთი რამ აშკარად არ ახსოვს.

თქვენ როგორ შეაფასებდით სახელისუფლებო გუნდიდან აშშ-ს მისამართით გაჟღერებულ განცხადებებს და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ვაშინგტონმა თბილისთან ურთიერთობებს გადახედოს?

- „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ ან თუნდაც ხელისუფლების წიაღი არ არის. ჩემი აზრით, ეს მარგინალური ჯგუფია, რომელმაც 2024 წლის არჩევნებში დაკარგა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელების უფლება, ხოლო „ქართული ოცნების“ სიებში თავის ადგილს ვერ ხედავდა. ამიტომ, ეს ჯგუფი ნელ-ნელა ეძებდა თავის ნიშას ქართულ პოლიტიკაში და ეს ნიშა იპოვა, ჩემი აზრით, ირმა ინაშვილის ამომრჩევლების გადმობირებით.

ხალხის ძალა ქართული ოცნების ან თუნდაც ხელისუფლების წიაღი არ არის. ჩემი აზრით, ეს მარგინალური ჯგუფია, რომელმაც 2024 წლის არჩევნებში დაკარგა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელების უფლება, ხოლო ქართული ოცნების სიებში თავის ადგილს ვერ ხედავდა

ეს ადამიანები დიდხანს ამუშავებდნენ საზოგადოებრივ პოლიტიკას და დადეს ფსონი ანტიამერიკული სულისკვეთების მქონე ადამიანებზე მიუხედავად იმისა, რა რეალური მსოფლმხედველობაა მათთვის დამახასიათებელი. ძალიან საინტერესოა, რომ მათ არ მიატოვეს უმრავლესობა, რისი გაკეთებაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ და ამით აიძულებენ „ქართულ ოცნებას“, რომ მათ პატივი სცეს.

სიმართლეც უნდა ითქვას. დემოკრატიულ საზოგადოებაში ნებისმიერი ადამიანის კრიტიკაა შესაძლებელი და აქ აშშ-ს ადმინისტრაცია დიდ შეცდომას უშვებს თავისი მძაფრი რეაქციით, რითაც უნებლიედ „ხალხის ძალას“ პოლიტიკის ტალღაზე ადგილს უნარჩუნებს.

„იუპიტერ, შენ ბრაზობ, ანუ ცდები“. ამ ქვაკუთხედით მინდა გავიხსენო თომას ჯეფერსონი, რომელიც ძალიან მძაფრ და უსამართლო კრიტიკას ყურადღებას არ აქცევდა და ამით ეს კრიტიკა მთლიანად გააქარწყლა.

ირაკლი კობახიძე კი ცალკე მოვლენაა და მასზე მე საუბარი არ მსურს.

- უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მსოფლიოში ვითარება აშკარად შეცვლილია. აშშ-ში ექს-პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები ღიად საუბრობენ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დაწყებაზე.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტი 2024 წლის ბოლომდე იქნება, თქვა, რომ უკრაინის გარეშე არანაირი მოლაპარაკებები არ შედგება. კიევი კი აცხადებს, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებები მხოლოდ მას შემდეგ შედგება, როცა რუსული ძალები დატოვებენ უკრაინის ტერიტორიას.

ამ მოვლენების ფონზე რუსეთი აგრძელებს უკრაინის ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვებს. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ქვეყნის მოსახლობის 30%-ს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორ შეაფასებდით უკრაინის ფრონტებზე და უკრაინის ირგვლივ განვითარებულ პროცესებსა და პერსპექტივებს?

- დავიწყოთ იმით, რომ მსოფლიო წესრიგში ცვლილებები დაიწყო გაცილებით ადრე, პანდემიის ფონზე. და აქ ევროპელმა და ამერიკელმა ანალიტიკოსებმა უზარმაზარი შეცდომა დაუშვეს, ივარაუდეს რა მსოფლიოში აშშ-სა და ევროკავშირის როლის დრამატული შემცირება ჩინეთისა და რუსეთის გავლენის ზვავისებური ზრდის ფონზე. პანდემია რომ არა, უკრაინაში ომი არ იქნებოდა.

აღნიშნული ანალიტიკოსების აზრი მცდარი აღმოჩნდა, რასაც მე ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოსა და 2021 წლის დასაწყისში ვიწინასწარმეტყველე რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო პუბლიკაციაში. მიუხედავად ამისა, პუტინმა დაიჯერა თავისი გაზვიადებული მნიშვნელობა მსოფლიოში და მწარედ შეცდა. მსოფლიო, როგორც ერთიანი არსება, რუსეთის პოლიტიკას წინ აღუდგა ძალიან მტკივნეული და მგრძნობიარე ბერკეტების გამოყენებით, რომ აღარაფერი ვთქვათ უკრაინის პირდაპირ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებაზე.

მართალია, უკრაინას ცივი ზამთარი ელოდება, მაგრამ ჩვენც, ომის გარეშეც, ასეთი ზამთრები გადავიტანეთ, როცა საქართველოს მოსახლეობის არა 30, არამედ 100 პროცენტი იყო უშუქოდ, უგაზოდ და უწყლოდ. სხვათა შორის, მაშინ ზამთრები ძალიან სასტიკი იყო. უკრაინა ამ ზამთარს გადაიტანს. ამის ფონზე ძალიან სახიფათოა ტრამპის მომხრეთა მოწოდებები პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყებად. ურჩხული უნდა ჩაიხრჩოს, თორემ ერთი მოკვეთილი თავის ნაცვლად ჰიდრასავით სამ თავს წამოისხამს.

უკრაინა ამ ზამთარს გადაიტანს. ამის ფონზე ძალიან სახიფათოა ტრამპის მომხრეთა მოწოდებები პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყებად. ურჩხული უნდა ჩაიხრჩოს, თორემ ერთი მოკვეთილი თავის ნაცვლად ჰიდრასავით სამ თავს წამოისხამს

სურვილი მექნებოდა, რომ ეს საკითხები არა ასე, ერთი გაკვრით, არამედ დეტალურად გაგვეშუქებინა. ბოლოს და ბოლოს, ზუსტად ეს პროცესები განაპირობებს ჩვენ მომავალს და არა, მაპატიეთ, ჩვენი შინაური ნაპოლეონების ახირებანი.

- გასაგებია, რომ ბევრი ფაქტორის გამო ამ პროცესებში საქართველოს როლი დიდი და გადამწყვეტი ვერანაირად ვერ იქნება, მაგრამ, საქართველო, მართლაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში უჭერს მხარს უკრაინას.

საქართველო მონაწილეობას იღებს რამშტაინის შეხვედრებში, რომელიც უკრაინის სამხედრო ტექნიკით უზრუნველყოფითაა დაკავებული. უკრაინაზე საუბრისას საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები ომის მალე დასრულებაზე საუბრობენ და არა უკრაინის გამარჯვებაზე, ანუ უკრაინიდან რუსული ჯარის სწრაფად გასვლაზე.

თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე საქართველოს ქმედებებს?

სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები უკრაინაში ომის მალე დასრულებაზე და არა უკრაინის გამარჯვებით დასრულებაზე?

- უკრაინაში ომის დასრულება უკრაინის გამარჯვებას ნიშნავს. საუბედუროდ, ნაკლებად მჯერა, რომ ეს ომი მალე დასრულდება, მაგრამ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.

ვერ დაგეთანხმებით, რომ მიმდინარე პროცესებში საქართველოს როლი დიდი ვერ იქნება. ნუ დაგავიწყდებათ, რომ როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება რუსეთ-უკრაინის ომზეა გადატანილი, უაღრესად მნიშვნელოვანია რეგიონული წონასწორობა და მდგრადი მშვიდობა.

აქ კი საქართველომ თავისი გადამწყვეტი სიტყვა შეიძლება თქვას. ტყუილად ხომ არ არის ასე გახშირებული ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრები აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველ პირებთან. გარდა ამისა, საქართველოს მშვენიერი ურთიერთობები აკავშირებს თურქეთთან, ისრაელთან, შავი ზღვის ქვეყნებთან, მეტ-ნაკლებად - ირანთან.

უკრაინაში ომის დასრულება უკრაინის გამარჯვებას ნიშნავს. საუბედუროდ, ნაკლებად მჯერა, რომ ეს ომი მალე დასრულდება, მაგრამ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს

არ ვიცი, რა ტიპის მოლაპარაკებები ხორციელდება, ისინი, თუ ამერიკულ ტერმინს ვიხმართ, კლასიფიცირებულია. მაგრამ სწორი პოლიტიკის გატარების პირობებში საქართველო შეიძლება გახდეს რეგიონული სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული და ა.შ. უსაფრთხოების გარანტი.

შეგვიძლია რეგიონულ უსაფრთხოებასაც მივუძღვნათ ჩვენი შემდგომი საუბარი, რა თქმა უნდა, თუ ის შედგება.

- უკრაინაში ომის ფონზე მნიშვნელოვანი ცვლილებებია მომხდარი მსოფლიო ეკონომიკაში. დიდ ეკონომიკებშიც კი მძვინვარებს ინფლაციური და რეცესიული პროცესები.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა ბევრი თვალსაზრისით მოწყვლადი და მცირეა, ქვეყნის ეკონომიკა ინარჩუნებს გარკვეულ მდგრადობას და სტაბილურობას. ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებლის შენარჩუნება სწორედ ხელისუფლების გონივრული პოლიტიკის შედეგია.

ამასვე მოწმობს პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის თითქმის 24 მილიარდიანი პროექტი, რომლის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში მალე დაიწყება. თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და პერსპექტივებს?

- ეკონომიკური პროცესები, მათ შორის ეკონომიკური ზრდა, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. საქართველოს კი აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტი, მაგრამ მძიმე ინფლაციური პროცესების ფონზე. რამდენია ეს 24 მილიარდი თუნდაც 2019 წლის ფასებში, იცით?

მე ვიცი რამდენიმე საერთაშორისო კომპანია, რომლებმაც თავისი თანამშრომლები რუსეთიდან საქართველოში გახიზნა. ეს კი ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას.საკითხავია, რამდენად მდგრადი იქნება ასეთი ზრდა ეკონომიკაში მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებების გარეშე?

მეორეც. თუ მსოფლიო ბანკის მონაცემებს დავეყრდნობით, პანდემიით გამოწვეულმა რეცესიამ მსოფლიო მშპ-ს 4.50%-იანი კლება განაპირობა. აშშ-ში ამ კლებამ 2.32% შეადგინა, ხოლო საქართველოში - 9.07%. ამას ბევრი, საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურით განპირობებული, მიზეზი აქვს და მე ამ მიზეზებს აქ ვერ ჩამოვთვლი.

ცხადია, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკური ზრდაც სწრაფი გამოდგა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. რუსეთში საილემის „ალქაჯების“ აღვირახსნილი შევიწროების, ოპოზიციის განადგურების, სამოქალაქო მოძრაობის მკვლელობის, დაბოლოს მობილიზაციის ფონზე მოხდა საქართველოში რუსული კაპიტალების გადმოდინება. უფრო მოკრძალებული მასშტაბით, კაპიტალი შემოდიოდა ბელარუსიდან და, ნაწილობრივ, უკრაინიდან.

მე ვიცი რამდენიმე საერთაშორისო კომპანია, რომლებმაც თავისი თანამშრომლები რუსეთიდან საქართველოში გახიზნა. ეს კი ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას.საკითხავია, რამდენად მდგრადი იქნება ასეთი ზრდა ეკონომიკაში მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებების გარეშე?

ამაზეც შეგვიძლია ვილაპარაკოთ ერთხელ.

დაბოლოს. მოგიწოდებთ გადავდოთ გვერდზე ჩვენი პოლიტიკოსების ყოველდღიური დემარშები. მერწმუნეთ, მათი გავლენა წუთიერია. ჯობია ვილაპარაკოთ იმ პროცესებზე, რომლებიც ჩვენი შვილების მომავალს განაპირობებს.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა