უკრაინაში აცხადებენ, რომ უკრაინელებს ელექტროენერგიის შეზღუდვის პირობებში ცხოვრება მინიმუმ მარტის ბოლომდე მოუწევთ

უკრაინაში აცხადებენ, რომ უკრაინელებს ელექტროენერგიის შეზღუდვის პირობებში ცხოვრება მინიმუმ მარტის ბოლომდე მოუწევთ

უკრაინელები, სავარაუდოდ, მინიმუმ მარტის ბოლომდე ელექტროენერგიის შეზღუდვის პირობებში იცხოვრებენ, - ამის შესახებ უკრაინის კერძო ენერგოკომპანია YASNO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სერგეი კოვალენკომ განაცხადა.

მისი თქმით, დაბომბვის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად სარემონტო სამუშაოები დაჩქარებულ ტემპში მიმდინარეობს.

„მინდა, ყველამ გაიგოს: უკრაინელები, სავარაუდოდ, მინიმუმ მარტის ბოლომდე მაინც იცხოვრებენ ელექტროენერგიის შეზღუდვის პირობებში. ძირითადი სცენარი არის ის, რომ თუ არ იქნება ახალი თავდასხმები ელექტროქსელზე, მაშინ, ელექტროენერგიის წარმოების ამჟამინდელი პირობებში, ელექტროენერგიის დეფიციტი შეიძლება თანაბრად გადანაწილდეს მთელ ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ შეფერხებები ყველგან იქნება, მაგრამ ნაკლებად ხანგრძლივი. ასევე არსებობს ამ სიტუაციის განვითარების სხვადასხვა პროგნოზი და ის მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის თავდასხმებზე“, - აცხადებს კოვალენკო.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნახევარი დაზიანდა, რის გამოც მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა.