მამუკა კაციტაძე - პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური კუდრაჭობის გამოხატულებაა იმის თქმა, რომ „მე ვერა, მაგრამ სასჯელი სასამართლომ  გადაავადოს“

აშკარად პოლიტიკური კუდრაჭობის გამოხატულებაა ამ ფორმულირების გამოყენება, რომ „მე ვერა, მაგრამ თუ ლაპარაკია იმაზე, რომ უნდა იმკურნალოს, მოდი, სასამართლომ სასჯელი გადაავადოს და ამ გზით ვიაროთ“, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა მამუკა კაციტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული კომენტარის შეფასებისას განაცხადა.

მამუკა კაციტაძის თქმით, პრეზიდენტის მიერ მოშველიებული არგუმენტი პასუხისმგებლობისა და ხელისუფლებიდან წამოსული შესაძლო უკმაყოფილებების არიდებაა.

„ამ ტიპის არგუმენტების მოშველიება პრეზიდენტის მხრიდან ეს უფრო პოლიტიკური კუდრაჭობის საკითხია. როცა შენ იცი, რომ შეზღუდულ უფლებამოსილებებში შეგიძლია რაღაც პრობლემა გადაჭრა და ამ დროს ამბობ, რომ მოდით, რა მე ნუ გამომაყენებინებთ ამ ჩემს უფლებამოსილებას და იქნებ სასამართლოზე გადავაბალახოთ ეს სიტუაცია, ეს არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, შემდეგ ხელისუფლებიდან წამოსული შესაძლო უკმაყოფილებების არიდება და ა.შ. ეს ხომ მისი ექსკლუზიური კომპეტენციაა? მერე შეიძლება მართლა ვიღაცამ თქვას, მისი ბრალია, ეს არ უნდა ექნა, მაგრამ არსებობს რაღაც-რაღაცები, რასაც გვერდს ვერ აუვლი. ის, რომ პატიმარი უნდა სარგებლობდეს თავისი უფლებებით, ეს არის ჩვეულებრივი მომენტი ყველა ქვეყანაში, ნაკლები დემოკრატიის პირობებშიც, ვიდრე საქართველოა და უფრო დემოკრატიულ ქვეყანაზე აღარ მაქვს საუბარი. გათავისუფლება, არგათავისუფლების საკითხი სასამართლოს კომპეტენციაა, მაგრამ ის, რომ პატიმრის უფლებები, მითუმეტეს, ავადმყოფი პატიმრის უფლებები, მითუმეტეს ძალიან რთულ მდგომარეობაში მყოფი პატიმრის უფლებები რომ დასაცავია, აქ არ არის საჭირო იმაზე ფიქრი, მე როგორ ავირიდო პასუხისმგებლობა, ვერ მოგიტანს ეს პოლიტიკურ დივიდენდს“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მისივე განცხადებით, წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებაზე დასკვნა დაიდება, სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღოს, სწორედ ამიტომ პრეზიდენტის განცხადება „კოჭლია“.

„ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება ამ მიმართულებით დაუშვებლად, წარმოუდგენლად, ზღაპარშიც რომ ვერ წარმოიდგენ, ისე მიმაჩნია გამორიცხულად. სწორედ ამიტომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ეს განცხადება, მე მგონი, პოლიტიკურადაც ცოტა კოჭლია, იმიტომ, რომ როცა შენ გინდა გამოსავალი აპოვნინო აღიარებული რთული მდგომარეობიდან მურუსიძეს და შენ ამის შესაძლებლობა გაქვს და არ აკეთებ, არ არის მთლად კარგი აქცენტი, რომელიც გულისხმობს ისრების სხვაგან მიმართვას და „ჩემი ქოხი განაპირას არის“ ამ პოზიციიდან ცქერას“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუკი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი საექსპერტო დასკვნა იქნება, სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

ზურაბიშვილის განმარტებით, აღნიშნულით სასამართლო ორ საკითხს გადაწყვეტს, მათ შორის, დაამტკიცებს, რომ ის დამოუკიდებელია.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს