ევროკომისია ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე, რომ უკრაინამ ომში 100 000 ჯარისკაცი დაკარგა, განმარტებას აკეთებს

ევროკომისია ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე, რომ უკრაინამ ომში 100 000 ჯარისკაცი დაკარგა, განმარტებას აკეთებს

რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დროს უკრაინის დანაკარგების შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში იგულისხმებოდა არა მხოლოდ დაღუპულები, არამედ დაშავებულებიც, - ამის შესახებ ევროკომისიის პოლიტიკური კომუნიკაციების დირექტორმა, დანა სპინანტმა „ტვიტერზე“ დაწერა.

„დიდი მადლობა მათ, ვინც მიუთითა ამ ვიდეოს წინა ვერსიაში ციფრებთან დაკავშირებით არსებულ უზუსტობაზე. გარე წყაროებიდან გამოყენებული შეფასება უნდა შეხებოდა როგორც დაღუპულებს, ასევე დაშავებულებს და მიზნად ისახავდა რუსეთის სისასტიკის ჩვენებას”, - წერს დანა სპინანტი.

მანამდე, ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ დაწყებულ ომს უკრაინაში 100 000 სამხედრო და 20 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.