დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთის მიმართ დასავლეთში შეცვლილ პოზიციებზე, ასევე საქართველოს მიმართ დასავლეთის მიერ გაკეთებულ გზავნილებზე და მათზე ხელისუფლების რეაქციაზე, „ინტერპრესნიუსი“ ატლანტიკური საბჭოს წევრს, დავით სიხარულიძეს ესაუბრა.

- ბატონო დავით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რომ რუსეთის მიმართ პოზიციები აშკარად შეცვლილია ვხედავთ. ამის დასტურია G7 - ის ფარგლებში პირველად ჩატარებული იუსტიციის მინისტრების პირველი შეხვედრა, რომელზეც ხელი მოეწერა „ბერლინის დეკლარაციას“.

„ბერლინის დეკლარაციაში“ ნათქვამია, რომ მასზე ხელმომწერები ადასტურებენ მზადყოფნას აქტიურად ითანამშრომლონ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, რათა დაუსჯელი არ დარჩეს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულები.

ასევე საინტერესო იყო ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც ვრცელი სიტყვით გამოვიდა ამავე ორგანიზაციის გენმდივანი იენს სტოლტენბერგი.

მის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებებს ჩვენ აუცილებლად შევეხებით, მანამდე უნდა გკითხოთ, - თქვენ როგორ შეაფასებდით რუსეთთან მიმართებაში დასავლეთის ქვეყნების პოზიციებში მომხდარ ცვლილებებს?

- უკრაინელებმა თავიანთი თავგანწირვით, მტკიცე გადაწყვეტილებით დაიცვან საკუთარი სამშობლო რუსული აგრესიისაგან მსოფლიო პოლიტიკაში უდიდესი ცვლილებები გამოიწვია. რუსეთის მიმართ ვითარება აშკარად შეცვლილია. ახლა ყველასთვის ცხადია, რომ რუსეთი არის ძალა, რომელიც არა მხოლოდ თავის უშუალო მეზობლებისთვის წარმოადგენს საფრთხეს, არამედ ძირს უთხრის ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემასა და სტაბილურობას.

ეს ჩვენთვის მანამდეც ცნობილი იყო. ახლა კიდევ უფრო მკაფიოდ გახდა ცხადი და გამოიწვია ევროპისა და არა მარტო ევროპული ქვეყნების უპრეცედენტო კონსოლიდაცია უკრაინის მიმართ. მიუხედავად იმისა, რასაც არ უნდა ლაპარაკობდნენ კრემლის ქართველი პროპაგანდისტები, რომლებიც სამწუხაროდ დაკავშირებული არიან ჩვენს მთავრობასთან და იმეორებენ რუსული პროპაგანდის გზავნილებს, რუსეთი უკრაინაში მარცხდება.

უკრაინელებმა თავიანთი თავგანწირვით, მტკიცე გადაწყვეტილებით დაიცვან საკუთარი სამშობლო რუსული აგრესიისაგან მსოფლიო პოლიტიკაში უდიდესი ცვლილებები გამოიწვია

უკრაინაში რუსეთის დამარცხების შემდეგ დღის წესრიგში დადგება მსოფლიოს უსაფრთხოების ახალი სისტემის სრულყოფის საკითხი. სწორედ ამის გამოძახილი იყო ის შეხვედრები, რომელიც თქვენ ახსენეთ.

წლების განმავლობაში დასავლეთში საქართველო იყო აღქმული, როგორც დემოკრატიის ლიდერი ქვეყანა. ამიტომ მიიღო ნატომ 2008 წელს გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. ნატოს ყველა მომდევნო სამიტებზე ალიანსის ეს სტრატეგიული ხედვა არაერთხელ დადასტურდა. უკრაინის ომმა ამ თვალსაზრისით რომ შესაძლებლობების ფანჯარა შექმნა, ახლა არავინ დავობს. მეტიც, ეს შესაძლებლობები რეალიზებადი გახადა.

რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო გახდება უფრო დაცული, ვიდრე არის, უფრო მდიდარი და განვითარებული ქვეყანა, ვიდრე არის.

წლების განმავლობაში ბევრი ჩვენი მეგობარი საუბრობდა იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსკასპიური პროექტების განხორციელება და განვითარება. საუბარია სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებზე, ასევე საუბარია გაზის მიწოდებაზე, რომელმაც გვერდი უნდა აუაროს რუსეთს და ისე მიეწოდოს ევროპას. სატრანსპორტო კვანძებმა და არტერიებმა უნდა დააკავშიროს ცენტრალური აზია ევროპულ ბაზრებს.

უკრაინის ომმა ამ თვალსაზრისით რომ შესაძლებლობების ფანჯარა შექმნა, ახლა არავინ დავობს. მეტიც, ეს შესაძლებლობები რეალიზებადი გახადა

ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის და ევროპისთვის. ევროპა კარგა ხანია მიხვდა თუ რა ზიანის მომტანია მისთვის რუსეთზე სრული ენერგეტიკული დამოკიდებულება. ყველაფერი ეს დამატებით გვიქმნის კარგ შესაძლებლობებს გაიზარდოს ჩვენი როლი ამ პროცესში და ამით ხელი შეეწყოს ქვეყნის მრავალმხრივ განვითარებას.

ასეა, რადგან საბოლოო ჯამში ქვეყნის სიმდიდრე და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა დამოკიდებულია სწორედ ერთი მხრივ უსაფრთხოებაზე და მეორე მხრივ ასეთი ტიპის პროექტების განვითარებაზე. არ არსებობს მსოფლიოში სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ სოფლის მეურნეობით და ტურიზმით განვითარდა.

ეს სფეროები მნიშვნელოვანია, მაგრამ ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ისეთი ეკონომიკური პროექტებია, რომლის განხორციელების შესაძლებლობა ახლა მკაფიოდ გამოჩნდა.

ამიტომაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველო ესწრაფოდეს ევროპულ და ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას, გახდეს ევროპული უსაფრთხოების სისტემის ნაწილი და ყველანაირად შეუწყოს ხელი მისი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას.

- ეს ყველაფერი გასაგებია, ისიც გასაგებია, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს არ ვავიწყდებით. ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა ამჯერად ხაზგასმულადაც კი ისაუბრა საქართველოზე.

გასაგებია, რომ ევროპას საქართველოს მიმართ შემუშავებული აქვს სტრატეგია, ისინი საქართველოს მსოფლიოს უსაფრთხოების ახალ სისტემაში ხედავენ, მაგრამ ჩვენი ევროპელი პარტნიორების გზავნილებზე ოფიციალური თბილისის პასუხი ან იგვიანებს, ან იმდენად არ ჩანს, როგორც გვინდა რომ ჩანდეს...

- სამწუხაროდ, არა თუ პასუხი არ ჩანს დასავლეთის გზავნილებზე, სახეზე გვაქვს ღია ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდა, რომელიც მომდინარეობს სახელისუფლებო გუნდიდან. ვხედავთ თავდასხმებს არა მხოლოდ ჩვენს კონკრეტულ მეგობრებზე, არამედ იმ დიპლომატებზე, რომლებიც დასავლეთის ინსტიტუციებში ძირითადად არიან დაკავებული საქართველოს საკითხებით და საქართველოს აქტიურად უჭერენ მხარს.

სწორედ მათზე ხორციელდება შეტევები და გვაქვს ანტიდასავლური რიტორიკა.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თითქოს ვიღაც ცდილობს ჩვენს ომში ჩართვას. სახელისუფლებო წრეებთან დაკავშირებული ადამიანები იმეორებენ რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებს.

ამის პარალელურად, თვალს ვადევნებთ, პრორუსული ბაზის განვითარების მცდელობას, რასაც ხელისუფლება მხარს უჭერს. იქმნება ახალი პოლიტიკური მიმართულება, რომელსაც მკაფიოდ გამოხატული ანტიდასავლური ხასიათი აქვს. ყველაფერი ეს იფუთება ფსევდოკონსერვატიზმით. დიახ, ფსევდოკონსერვატიზმით, რადგან მას კონსერვატიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს.

სამწუხაროდ, არა თუ პასუხი არ ჩანს დასავლეთის გზავნილებზე, სახეზე გვაქვს ღია ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდა, რომელიც მომდინარეობს სახელისუფლებო გუნდიდან

ახლა როცა ეს პროცესები ხდება ჩვენს ირგვლივ, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანაკლიის პორტის თემა ჩავარდნილიყო. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია საქართველოს რკინიგზა. თუ რკინიგზის მდგომარეობის შესახებ ანგარიშებს ჩახედავთ, ნახავთ, რომ არაფერი გაკეთებულა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციისთვის. ვგულისხმობ ლიანდაგებს და მთელ ინფრასტრუქტურას.

არადა, ეს არის ყველაფერი ის, რასაც მყარი საფუძველი უნდა შეუქმნას ტრანსკავკასიური დერეფნის სრულფასოვან ამოქმედებას. ამის ფონზე ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად ბეც პოლიტიკას. ეს ეხება რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული მოქალაქეების მიმართ წარმოებულ პოლიტიკას.

- პროდასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას უპასუხოდ აქვს დატოვებული პასუხგაუცემელი კითხვა - რატომ ვამბობთ უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე?

- მე ვერ ვხედავ ვერანაირ პოზიტიურ სიგნალებს. არა მარტო გზავნილებზე არაა საუბარი, არამედ ზოგადად, სტრუქტურების დონეზე რომ მიდიოდეს მუშაობა იმის გამოსაყენებლად, თუ რა შესაძლებლობების ფანჯრები არსებობს.

როცა საქართველოზე საუბრობენ, ყველა აღნიშნავს დემოკრატიაში უკუსვლას, ხელისუფლების მიტაცებაზე, პოლიტიკური სისტემის ოლიგარქიზაციაზე. ევროპული რეკომენდაციების 12 პუნქტში, რომელშიც უნდა მიგვეღწია პროგრესისთვის, არათუ არ სრულდება, არამედ საპირისპირო ნაბიჯები იდგმება.

ევროპული რეკომენდაციების 12 პუნქტში, რომელშიც უნდა მიგვეღწია პროგრესისთვის, არათუ არ სრულდება, არამედ საპირისპირო ნაბიჯები იდგმება

გარდა ამისა, ზოგ პუნქტთან დაკავშირებით არის აშკარად ცინიკური მიდგომა. მაგალითად, დეოლიგარქიზაციაზე ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაში არ არის. მათ მიაჩნიათ, რომ დეპოლარიზაცია გულისხმობს იმას, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა შეწყვიტონ მთავრობის კრიტიკა.

- დამკვირვებელთა ნაწილი ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს - იმის გამო, რომ დასავლეთს თავისი სტრატეგია განსაზღვრული აქვს საქართველოსთან დაკავშირებით, შესაძლოა ბრიუსელმა ბევრ რამეზე დახუჭოს თვალი.

მიგვიღოს ისეთი, როგორიც ვართ. ანუ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ევროპული რეკომენდაციების სრულად შესრულების გარეშე მიგვანიჭოს.

მოვლენათა ამ სცენარით განვითარების ალბათობა რამდენად მაღალია?

- ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ დასავლეთს თავის სტრუქტურაში ძალით მიეღო რომელიმე ქვეყანა. პირიქით კია, საკმაოდ მაღალი კრიტერიუმებია, კარგი მმართველობისა და დემოკრატიის კრიტერიუმებია დასაკმაყოფილებელი, თუ გინდა რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდე.

დასავლეთს შემუშავებული აქვს სტრატეგიული ინტერესები, რომელშიც საქართველო ნამდვილად მოაზრებულია, მაგრამ ვისაც ევროკავშირის წევრობა უნდა ევროკავშირში შესვლის სწრაფვა მაინც უნდა ჰქონდეს და მინიმალურ მოთხოვნებს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ სტრატეგიული მოსაზრებების გამო ბრიუსელი საქართველოსთან დაკავშირებით ბევრ რამეზე თვალს დახუჭავს, ასე არ არის.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ სტრატეგიული მოსაზრებების გამო ბრიუსელი საქართველოსთან დაკავშირებით ბევრ რამეზე თვალს დახუჭავს, ასე არ არის

დასავლეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ის საკითხები, რაზეც ვისაუბრე, მაგრამ მათთვის ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირის წევრობა ამა თუ იმ ქვეყნის მკაფიო მისწრაფება ჰქონდეთ.

- გავრცელებული ინფორმაციით პრემიერი ღარიბაშვილი შეხვდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს ფილიპ რიკერს სამუშაო ვახშმის ფორმატში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა.

ამ შეხვედრის შესახებ სტანდარტული ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ შეხვედრის უკან ბევრი საინტერესო რამეც შეიძლება იყოს. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა კორექტივები შეიტანოს ამ შეხვედრამ ოფიციალური თბილისის საგარეო პოლიტიკაში?

- უკრაინის ომის კონტექსტში ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი. უკრაინამდე რუსეთმა 2008 წელს მოახდინა საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ საქართველო მთლიანი კონტექსტის ნაწილი გახდეს, რადგან, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს დეოკუპაცია.

ცხადია, რომ უკრაინა-რუსეთის ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში დღის წესრიგში დადგება საქართველოს ნატოში გაწევრიანების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციისა და იმ ეკონომიკური პროექტების განხორციელების საკითხი, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპასთან დააკავშირებს.

ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, - ძალით არავინ არავის არც ერთ ინსტიტუციაში არ იღებს. ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატოში, ან ევროკავშირში მიეღოთ.

უკრაინა-რუსეთის ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში დღის წესრიგში დადგება საქართველოს ნატოში გაწევრიანების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციისა და იმ ეკონომიკური პროექტების განხორციელების საკითხი, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპასთან დააკავშირებს

რაც შეეხება თანამშრომლობას, აშშ თანამშრომლობს ყველა ქვეყანასთან, ვისაც აქვს ატლანტიკური მისწრაფებები, ან მკაფიოდ არ არიან ამ საკითხებში ჩამოყალიბებული. საქართველოს სტრატეგიული მიმართულება რომ განისაზღვროს, ამისთვის ორივე მხარის სურვილი და ქმედებები უნდა არსებობდეს.

თუ საქართველო განაგრძობს ანტიდასავლურ პროპაგანდას, შიდა პოლიტიკის ოლიგარქიზაციას, სახელმწიფოს მიტაცებას, დემოკრატიაში უკუსვლას, ბუნებრივია ეს აისახება მის მომავალზე, რადგან ეს შესაძლოა დასავლეთისთვის მკაფიო გზავნილი იყოს. ამიტომაა მნიშვნელოვანი ვაჩვენოთ ჩვენს პარტნიორებს ჩვენ რა გვინდა.

ქართველმა ხალხმა მკაფიოდ თქვა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას. სხვა საქმეა, რომ ხელისუფლება პროპაგანდისტული მანიპულაციებით და ინსტიტუციების მიტაცებით ცდილობს დასავლური კურსი განცხადებების დონეზე შეინარჩუნოს, ხოლო მეორე მხრივ, მაგრამ რეალურად, საქმითა და ქმედებებით ქვეყნის ასეთ მომავალს ძირი გამოუთხაროს.

ასეთი ვითარება გვაქვს და ამას მგონი ყველა ხედავს, ვისაც სურვილი აქვს რომ რაიმე დაინახოს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო