ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022

ნატოს სამიტის დასკვნა: ალიანსი საქართველოსაც პრაქტიკულ დახმარებას ჰპირდება - რა მოლოდინი აქვთ თბილისში

სააკაშვილსა და ხელისუფლებას შორის გარიგება შედგა? - ექსპრეზიდენტის შერბილებული ტონი შეიძლება მიანიშნებდეს, რომ სამკურნალოდ ევროპაში უშვებენ

კვარტალური სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ (N4 [284]) დეკემბრის ნომრის მიმოხილვა

* * *

ნატოს სამიტის დასკვნა: ალიანსი საქართველოსაც პრაქტიკულ დახმარებას ჰპირდება - რა მოლოდინი აქვთ თბილისში

“ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა 29-30 ნოემბრის სამიტის შედეგები შეაჯამა. ამ მომენტში კი ნატოს მთავარი ამოცანაა, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვებაში დაეხმაროს და კრემლის აგრესიის საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, უკვე პრაქტიკული ნაბიჯებს გადადგას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით. საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემაჯამებელ დოკუმენტში ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის აგრესია უნდა შეჩერდეს და ომში უკრაინის გამარჯვებისთვის ყველაფერი გაკეთდეს. ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი და ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ თავად ეს ანცხადება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან პოლიტიკური შინაარსის მატარებელია და ალიანსის მტკიცე და ურყევ ნებას გამოხატავს. უკრაინასთან ერთად კი, მისი თქმით, რუსეთის საფრთხის კონტექსტში საქართველოც მოიაზრება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ნატოს სამიტის დასკვნა: ალიანსი საქართველოსაც პრაქტიკულ დახმარებას ჰპირდება - რა მოლოდინი აქვთ თბილისში.

“ალიანსი აძლიერებს ზრუნვას პარტნიორების თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე და ამ შემთხვევაში კარგია, რომ უკრაინასთან ერთად საქართველოც მოიაზრება. ამ მიმართულებით შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სამომავლო პერსპექტივაში ყველა მსგავსი შეხვედრა ჩვენ უნდა განვიხილოთ, როგორც მზადება ვილნიუსის სამიტისათვის. მომავალ წელს ვილნიუსში ნატოს სახელმწიფოს მეთაურთა სამიტია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ყველა ასეთ ღონისძიებაზე არა მხოლოდ წარმოგენილი, არამედ აქტიურიც იყოს - ვლაპარაკობდეთ უსაფრთხოების იმ პრობლემებზე, რომელიც ამ ქვეყანას აქვს და იმაზე თუ პარტნიორებთან ჩვენი მუშაობა როგორ გავაძლიეროთ. იმ განცხადებების შედეგად, რაც მოვისმინე, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დღეს უფრო მეტი აქცენტი პრაქტიკულ ნაბიჯებზე კეთდება, რამაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა უნდა გააძლიეროს, ასევე გააძლიერიოს საფრთხის აღმოჩენის დეტექციის და პრევენციის ეფექტიანობა და ა.შ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ თანამშრომლობას ალიანსთან, როგორც მთლიან ორგანიზმთან, ასევე ცალ-ცალკე სახელწმიფოსთან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე და შეკითხვაზე - “რა შეიძლება გააკეთოს ნატომ რუსეთის დასამარცხებლად?” - პასუხობს:

“ჯერ ერთი, თავად ეს განცხადება, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან პოლიტიკური შინაარსის მატარებელია, ალიანსის მტკიცე და ურყევ ნებას გამოხატავს, რომ უკრაინას მხარი დაუჭირონ და კონფლიქტი კი არ გაიყინოს, არამედ მივიდეს გადაწყვეტამდე, რაც რუსეთის დამარცხებას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ნიშნავს. ესაა პრაქტიკული ნაბიჯები, რაც განიხილება ყველა ქვეყნის დონეზე. ვიცით, რომ ქვეყნები თავიანთ სამხედრო დახმარებას ზრდიან - აშშ, გერმანია თუ სხვები, როგორც ფინანსურ, ასევე შეიარაღების კონტექტსში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ იმ ტიპის იარაღი მიიღოს, რომელიც მას ჯერ არ ჰქონია და რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მის ქმედებებს უფრო ეფექტიანს გახდის”.

სააკაშვილსა და ხელისუფლებას შორის გარიგება შედგა? - ექსპრეზიდენტის შერბილებული ტონი შეიძლება მიანიშნებდეს, რომ სამკურნალოდ ევროპაში უშვებენ

“პატიმრობიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ტონი ხელისუფლების მიმართ თითქოს რბილდება - “ემპათიის” სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, სადაც არაორაზროვნად არის საუბარი მოწამლვაზე, მიშა აცხადებს, რომ თუ მართლა მოწამლეს, ეს საქართველოს მთავრობამ კი არა, გარე მტრულმა ძალამ გააკეთა, ანუ რუსეთმა, თუმცა ამ უკანასკნელს არ ასახელებს. მეტიც, ის თანაპარტიელებს მოუწოდებს შეწყვიტონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოყენება პოლიტიკურ კონტექსტში, რაც ასევე უჩვეულოა ექსპრეზიდენტისთვის. ხომ არ მიანიშნებს ეს იმას, რომ შედგა გარკვეული გარიგება მთავრობასთან სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გაშვებაზე? ამ გარიგებას არ გამორიცხავს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც ამბობს, რომ „ხელისუფლებას შეუძლია სააკაშვილის თუნდაც საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება სათავისოდ, პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენოს. თუკი ამას გააკეთებს, ახსნის იმით, რომ გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო და არა ხელისუფლებამ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სააკაშვილსა და ხელისუფლებას შორის გარიგება შედგა? - ექსპრეზიდენტის შერბილებული ტონი შეიძლება მიანიშნებდეს, რომ სამკურნალოდ ევროპაში უშვებენ.

“იძლევა თუ არა ცენტრ “ემპათიას” დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იმის საფუძველს რომ მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანა მოხდეს? როგორც დასკვნაშია აღნიშნული, აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, მათ შორის, ქიმიური შენაერთებსა და რადიოაქტიურ ნივთიერებებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის ცნობით, ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი. დასკვნში ასევე წერია, რომ შესაძლოა მესამე პრეზიდენტი მოწამლული იყოს. თუმცა თავად მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით სრულიად სხვაგვარია. ის აცხადებს, რომ თუკი მართლა მოწამლეს, ეს უცხო ქვეყნის გაკეთებულია. ის პირდაპირ რუსეთს არ ასახელებს, თუმცა განცხადების კონტექსტი წარმოდგენაში სწორედ მას ატივტივებს. მან ამის შესახებ ინფორმაცია სააკაშვილმა წერილის სახით გაავრცელა, რომელიც საზოგადოებას მისმა დედამ გიული ალასანიამ გააცნო. მისი განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. გიული ალასანია ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მინდა, გავაკეთო განცხადება, ძალიან მკაფიო და ნათელი ყველასთვის - ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში - თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, მას მიაჩნია, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი და სტილი, რომელიც მოგეხსენებათ, ჩემს შვილს მტრად მიიჩნევს. ეს ტესტები გაკეთდა ამერიკაში, კალიფორნიაში, საუკეთესო ლაბორატორიაში, ითვლება ნომერ პირველ ლაბორატორიად და ანალიზიც გაუკეთდა საუკეთესო ტოქსიკოლოგების მიერ. ისინი ძალიან უფრთხილდებიან და სათუთად ეკიდებიან თავის რეპუტაციას, ამ საკითხს არავითარ ზერელედ არ მოეკიდებოდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ესაა პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ყველას მოვუწოდებ პოლიტიკური მიზნით ხელის გაშვერისა და ჩემი შვილის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან თავშეკავებისკენ... ჩემი შვილი არ აპირებს, გააგრძელოს რაიმე საქმიანობა ქართულ პოლიტიკაში და მან ეს განცხადება არაერთხელ გააკეთა, მათ შორის სასამართლო პროცესებზე. იმედი მაქვს სამართლიანი გადაწყვეტილების. გვახსოვდეს, ყოველგვარი სპეკულაცია ვნებს ჩემი შვილის ისედაც გაუარესებულ ჯანმრთელობას, ჩემი შვილისა და ოჯახის ღირსებას”, - განაცხადა გიული ალასანიამ. პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ “ემპათიას” დასკვნის შეფასებისას განაცხადა, რომ მათ ისეთი დიაგნოზიც ვერ დასვეს, რომელიც საზოგადოებას აზრს მაინც შეუცვლიდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“მე თუ ვიცი, რომ მოცემულობა, რაც დაწერეს, რაშიც ჩვენ ვერკვევით სამედიცინო პერსონალის გარეშე, რომ ტყუილია, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ დანარჩენიც ტყუილია, მიუხედავად იმისა, რომ დიაგნოზი საერთოდ არ წერია. სასამართლოს გადასაწყვეტია თუ ჩაჯდება კრიტერიუმებში ეს ყველაფერი, რაც გათავისუფლების საფუძველია სამართლებრივად. მაგრამ ასეთი კი არა, უბრალოდ პიარული დიაგნოზიც კი ვერ დაწერეს, რომელიც საზოგადოებას აზრს შეუცვლიდა,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ამბობს, რომ სააკაშვილის დამოკიდებულება აქციებთან და მის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით სწორია, რადგანაც ის კარგად მიხვდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ზოგიერთი წევრი მისი ჯანმრთელობის თემას კონკრეტული პოლიტიკური ქულების დაწერისთვის იყენებს. შესაბამისად, ხვდება, რომ მისი ჯანმრთელობა პოლიტიკას რაც უფრო დაუკავშირდება, ხელისუფლება მის გათავისუფლებას ან სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანას გააჭიანურებს”, - დასძენს გამოცემა.

“სააკაშვილმა ერთი წელია კარგად დაინახა, რომ საკუთარმა პარტიის წევრებმა მოატყუეს და ქვეყანაში ცრუ იმედებით ჩამოიყვანეს. მიხვდა, რომ “ნაციონალები” მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებენ, პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირება ამიტომაც უნდა. ახლა პარტიაში წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყო და სააკაშვილის თემის გამოყენება წაადგება არა სააკაშვილს, არამედ თავად ამ კანდიდატებს. ამას სააკაშვილი მიხვდა და ლევან ხაბეიშვილს ამიტომაც მოუწოდა, ახლა აქციების დრო არ არისო. ნიკა მელიამაც ჩაატარა აქციები, მაგრამ ამით არაფერი მომხდარა. ჩატარდა ბევრი აქცია, სადაც 100 კაციც კი არ შეიკრიბა. ეს კი უარესია, რადგანაც უფრო რწმუნდება იმაში, რომ მის გამო ქუჩაში გამოსვლას მისივე ამომრჩეველი არ აპირებს. მით უმეტეს ამით ხელისუფლების პოზიცია შეიძლება შეიცვალოს. “ოცნებას” არ უნდა სააკაშვილის სამკურნალოდ გაშვება ან შეწყალება ისე შეიფუთოს, თითქოს “ნაციონალების” ან რომელიმე კონკრეტული ლიდერის ზეწოლის შედეგი. ამიტომ, რაც უფრო იხმაურებენ, სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანას ხელისუფლება მით უფრო გააჭიანურებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ხაბეიშვილმაც კარგად იცის, რომ ერთი აქციით სააკაშვილს არავინ გამოუშვებს. მით უმეტეს ამ აქციაზე ათი ათასაობით ადამიანი არ მივა. ამიტომ სააკაშვილი სწორად უთვლის, რომ არ უნდა მისი სახელი მისივე პარტიისთვის პოლიტიკური მანიპულაციების საშუალება იყოს... ვფიქრობ, ხელისუფლება საზოგადოებაში ნიადაგს ამზადებს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან სამკურნალოდ გაყვანა მოხდეს, პროცესები ზუსტად ამისკენ მიდის. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგვაძის განცხადება, რომ სააკაშვილმა სასჯელი ქვეყანაში უნდა მოიხადოს და პრივილეგირებული არ უნდა იყოს, არაფერს ნიშნავს. ზუსტად მასე ამბობდნენ ვენეციის კომისიაზე დეოლიგარქიზაციის კანონის გაგზავნასთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოოდ პოზიციები როგორც კი დასჭირდათ შეიცვალეს”, - განმარტავს რესპონდენტი.

“არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებასა და მიხეილ სააკაშვილს შორის კომუნიკაცია ხდებოდეს და გარიგებას ცდილობდნენ. საქმე კი იმაშია, რომ ხელისუფლებას შეუძლია სააკაშვილის თუნდაც საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება სათავისოდ, პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენოს. თუკი ამას გააკეთებს, ახსნის იმით, რომ გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო და არა ხელისუფლებამ. გამოდის, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და არა ხელისუფლებისგან მართული. ამით დასავლეთის თვალშიც ქულებს დაიწერს და სააკაშვილის პრობლემასაც თავიდან მოიშორებს. თუმცა, რა თქმა უნდა, არც ხელისუფლება და არც სხვა ვინმე არ არის იმაში დარწმუნებული, რომ გამოჯანმრთელებული სააკაშვილი ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას აღარ გადაწყვეტს. ხელისუფლებამ ეს კარგად იცის, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ამის დასაზღვევად კიდევ რაღაცეები შემოინახონ. ასე რომ, არ მივიჩნევ ხელისუფლებისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება რამე კატასტროფის მომტანი იყოს“, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

კვარტალური სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ (N4 [284]) დეკემბრის ნომრის მიმოხილვა

ვინ მოიგებს რუსეთ-უკრაინის ომს ზამთარში ტაიმ-აუტის აღებით? / ზოგიერთი დასკვნა უკრაინის ომიდან / ვითარება შავ ზღვაში / სიახლეები სასაზღვრო პოლიციიდან / როგორ იცავენ უკრაინის ცას ... / რეჯეფ ერდოღანი გლობალურ ლიდერობაზე ოცნებობს / „აბრამსები“ რუსული ტანკების წინააღმდეგ / ქალი ომის ქარცეცხლში / ეპიზოდი ტამიშის ბრძოლიდან / გერმანული ავტომატი დივერსანტებისთვის

„რუსეთ-უკრაინის ომი ახალ ფაზაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ათთვიანი ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შემდეგ რუსი ოკუპანტებიც და უკრაინის დამცველებიც მეტისმეტად გადაიღალნენ და პოზიციურ ომზე გადასვლაზე უარს არ იტყოდნენ ძალების მოსაკრებად. მაგრამ დნეპრის მარჯვენა სანაპიროსა და თავად ქალაქ ხერსონის გათავისუფლების შემდგომ, რაც ახალ წლამდე ცოტა სათუო ჩანდა, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ბუნებრივია, მადა გაეხსნა და ახალ შეტევით ოპერაციებს გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი დგება და შეტევითი საბრძოლო მოქმედებები ბევრად გართულდება“, - წერს კვარტალური სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალი“ დეკემბრის (N4 [284]) ნომრის სტატიაში, სათაურით ვინ მოიგებს რუსეთ-უკრაინის ომს ზამთარში ტაიმ-აუტის აღებით? / რუსები დონეცკის ოლქის დაპყრობას ცდილობენ, უკრაინელები კი - მელიტოპოლის გათავისუფლებასა და ყირიმისკენ გაჭრას... / კიევში ხვდებიან, რომ მოსკოვს ამ ომში ტაიმ-აუტი არ უნდა ააღებინონ და უნდა გააგრძელონ აქტიური შეტევები წვიმის სეზონების დადგომისა და ზამთრის პერიოდის მოახლოების მიუხედავად.

„უკრაინის გენშტაბში შეტევის მიმართულებას საიდუმლოდ ინახავენ (მათ შორის ამერიკელი და სხვა დასავლელი პარტნიორებისგანაც, როგორც სექტემბრის დამდეგს, როდესაც რუსი ოკუპანტებისა და თვით ამერიკელი პარტნიორებისთვის მოულოდნელად იერიში ხერსონის ნაცვლად ხარკოვის მიმართულებაზე მიიტანეს და დიდ წარმატებასაც მიაღწიეს), ხოლო მტერს მისი თავდაცვითი პოზიციების კბილის მოსასინჯად სხვადასხვა მიმართულებიდან დაზვერვითი იერიშებით აბნევდნენ. ამჟამად რუსეთ-უკრაინის ომის ათასზე მეტ კმ-ზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე ყველაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ორ ადგილას მიმდინარეობს - თუკი უკრაინის არმია ცდილობს შეტევას ჩრდილო-აღმოსავლეთით, სვატოვო-კრემენოეს მონაკვეთზე, ლუგანსკის ოლქში, რუსი ოკუპანტები თავს იკლავენ ფრონტის დონეცკის მონაკვეთზე უკრაინული გადაბუგული და გაუკაცრიელებული სოფლების ასაღებად და რამდენიმეკვირიანი სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ დიდი დანაკლისის ფასად მართლაც შევიდნენ მაიორსკასა და პავლოვკაში, ახლა ბახმუტს უტევენ...“ - აღნიშნავს გამოცემა.

„გარდა ამისა, ბოლო ორი დღეა უკრაინელებმა დაზვერვითი შეტევები წამოიწყეს ჩრდილოეთით, მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ხერსონის ოლქში, ნოვაია-კახოვკასთან, სამხრეთით კი ოლეშკისა (რომელიც ქალაქ ხერსონის მოპირდაპირედ, დნეპრის მარცხენა სანაპიროზეა) და გოლაია-პრისტანთან, რითაც შეიძლება რუს ოკუპანტებს დნეპრის ფორსირებით აშინებენ. მაგრამ ფაქტია, დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან არანაკლებ 30-ათასიანი რუსი დაჯგუფების გამოყვანის შემდეგ ორივე მხარეს გამოუთავისუფლდა საკმარისი პირადი შემადგენლობა და სამხედრო ტექნიკა, რომელთა გადასროლაც საერთო ფრონტის ამა თუ იმ მონაკვეთის გასაძლიერებლად შეუძლიათ. დიდი ალბათობით, რუსეთის გენერალიტეტი ამ თავისუფალ საბრძოლო რესურსს გამოიყენებს დონეცკის ფრონტის მონაკვეთზე შეტევების გასაძლიერებლად, რათა როგორმე დაიპყროს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარში შემავალი კრამატორსკი და სლავიანსკი. ხერსონის უბრძოლველად გათავისუფლებით მნიშვნელოვან საბრძოლო დანაკარგს გადარჩენილი უკრაინის არმიის 40-50-ათასიანი დაჯგუფების ეფექტიანად გამოყენების კარგი პერსპექტივა ეშლება კიევსაც - შეუძლია გადაისროლოს ეს დაჯგუფება ჩრდილო-აღმოსავლეთით, ლუგანსკის ოლქზე შეტევების გასაძლიერებლად და რუსეთის სამხრეთ საზღვარზე გასასვლელად... „ - განაგრძობს გამოცემა.

„უკრაინაში გაჩაღებულ აგრესიულ ომს რუსული სახელწოდებით, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, დასასრული არ უჩანს. დიქტატორი პუტინი უკრაინისგან კაპიტულაციასა და ტერიტორიების ოფიციალურად დათმობას ითხოვს, ხოლო მიზნის მისაღწევად მსოფლიოს ხან ბირთვული ომით, ხანაც კი შიმშილით აშინებს. უკრაინის პოზიცია პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ასე ჩამოაყალიბა: `თუკი რუსეთი უკრაინიდან წავა და მის სასტიკ შეცდომებს აღიარებს, მაშინ დიალოგზე ლაპარაკი შესაძლებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიალოგი დიდხანს არ შედგება~. არსებულ ვითარებაში ამ ორი უკიდურესი პოზიციის დაახლოება შეუძლებელია და ომი, ფაქტობრივად, მხარეთა დაუძლურება-გამოფიტვის ფაზაშია გადასული. უდავოა, რომ დასავლეთის ქვეყნების სამხედრო დახმარებამ უკრაინის არმიის ბრძოლისუნარიანობა შესამჩნევად აამაღლა. მსოფლიოში სიძლიერით „მეორე არმიამ“ სხვა გამოსავალი ვერ გამონახა, გარდა იმისა, რომ უკრაინელებს ზამთარში გაუსაძლისი პირობები შეუქმნას და ამისათვის საჰაერო დარტყმებით ქვეყნის ენერგოსისტემის, წყალმომარაგებისა თუ სასიცოცხლო მნიშვნელობის სხვა ობიექტების განადგურებაზეა გადასული“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით ზოგიერთი დასკვნა უკრაინის ომიდან.

„ცოტა ხნის წინ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა ომის განვლილი პერიოდი სამ ეტაპად მიმოიხილა: ომის პირველ ეტაპზე ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმთავრესი ამოცანა ოკუპანტი არმიის შეჩერება იყო, მომდევნოზე კი ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია მოხერხდა. ამჟამად მესამე ეტაპი მიმდინარეობს, როცა რუსეთის არმიის მობილურობის შეზღუდვით უკრაინის არმია კონტრშეტევაზეა გადასული და დაპყრობილ ტერიტორიებს ათავისუფლებს. საინტერესოა, რა სტრატეგიით მოქმედებს უკრაინის არმია კონტრშეტევებში რუსების წინააღმდეგ? უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე სირსკი ამბობს, რომ მოწინააღმდეგის არტილერიის უპირატესობის გამო მოწინააღმდეგის საარტილერიო-საცეცხლე ძალის შესასუსტებლად უკრაინის არმია მუდმივად ბომბავს რუსების მომარაგების ცენტრებსა და საკომუნიკაციო გზებს. საკუთარი დანაკარგის მინიმუმამდე დასაყვანად უკრაინელები ფრონტალური შეტევების სანაცვლოდ იყენებენ მობილური დანაყოფების რეიდებსა და მანევრებს, დარტყმებს ფლანგებიდან და ზურგიდან. გენერლის განმარტებით, „იქმნება ისეთი გარემოებები, როცა მტერი იწყებს ნერვიულობას, განიცდის დანაკარგს და იძულებულია პოზიციები მიატოვოს“, - აღნიშნავს გამოცემა.

„ასეთი ტაქტიკა გახდა ხერსონიდან რუსების გასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. რუსეთის არმიის საკომუნიკაციო გზებზე უკრაინელთა ხშირმა და ზუსტმა სარაკეტო-საარტილერიო დარტყმებმა მოწინააღმდეგის დაჯგუფებას საჭირო საშუალებებით უზრუნველყოფა მოუშალა და ბოლოს დაკავებული პოზიციებიდან გასვლა აიძულა. მიუხედავად იმისა, რომ რუსებს არტილერიაში უპირატესობა აქვთ, უკრაინელთა კონტრბატარეული ბრძოლის ტაქტიკა ძალიან ეფექტურად მოქმედებს. უკრაინელები საცეცხლე ზემოქმედებისთვის მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალებს ისვრიან თითო-ოროლა ქვემეხიდან ან სარაკეტო დანადგარიდან, რომელთა გამოვლენა და განადგურება რუსებისთვის საკმაოდ რთულია. უკრაინელ მოტოქვეითთა მობილური დანაყოფები ბრძოლებში ჯავშანტექნიკის, უპირველესად კი ტანკების მხარდაჭერით მოქმედებენ. მოწინააღმდეგის პოზიციების გარღვევაში, საცეცხლე წერტილების ჩახშობაში, შედეგიან რეიდებში ბევრი რამ ჯავშანტექნიკის საცეცხლე ძალასა და ეფექტურ გამოყენებაზეა დამოკიდებული. ამ მხრივ უკრაინელი ტანკისტები კარგად იყენებენ უპილოტოებს, რომელთა მეშვეობით ახდენენ სროლის კორექტირებას, აკონტროლებენ რუსების პოზიციებს და ა. შ...” - განაგრძობს გამოცემა.

„2001 წლის 2 აპრილს სტამბოლში ბულგარეთმა, თურქეთმა, რუმინეთმა, რუსეთმა, საქართველომ და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის ჯგუფის „ბლექ-სი-ფორ“-ის შექმნაზე. დოკუმენტი ითვალისწინებდა შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებას, შავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო მეზღვაურთა თანამშრომლობისა და ნდობის გაღრმავებას. შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას პირველი დარტყმა 2008 წლის აგვისტოს ომმა მიაყენა, როცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებმა ფოთის პორტი დაბლოკეს, ფოთთან ჩაატარეს ე. წ. XXI საუკუნის პირველი საზღვაო ბრძოლა და ოჩამჩირესთან დიდი სადესანტო ხომალდებიდან მედესანტეები ტექნიკასთან ერთად გადასხეს. 2014 წელს ყირიმის ოკუპაციამ „ბლექ-სი-ფორ“-ი დაასამარა და მოსკოვის სანდოობას წერტილი დაუსვა, მიმდინარე აგრესიულმა ომმა კი შავ ზღვაში საფრთხე შეუქმნა სავაჭრო ნაოსნობას, უკრაინიდან სასიცოცხლო მნიშვნელობის კვების პროდუქტების ექსპორტს, ენერგორესურსების დერეფნებს და ა. შ.“- წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ვითარება შავ ზღვაში.

„რუსეთი საზღვაო-საავიაციო უპირატესობით სარგებლობს და უკრაინას მნიშვნელოვან ობიექტებს სარაკეტო დარტყმებით უნადგურებს. მას შემდეგ, რაც უკრაინელთა შეიარაღებაში მიიღეს `ჰარპუნის~ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები, რუსული ხომალდები "ჰარპუნების" სამოქმედო რადიუსში რომ არ აღმოჩნდნენ, რაკეტებს 200 კმ-ზე მეტი სიშორიდან ისვრიან. საზღვაო-საავიაცო უპირატესობით გულმოცემულ რუსებს გამარჯვების ილუზია უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ოპერაციამ გაუქარწყლა. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, 29 ოქტომბრის დილის 4 სთ-ზე უკრაინამ უპილოტო საფრენი და ავტონომიური საზღვაო აპარატებით კომბინირებული დარტყმა მიაყენა სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის ხომალდებს. მართალია რუსებმა 4 ავტონომიური საზღვაო აპარატი სევასტოპოლის გარე რეიდზე გაანადგურეს, მაგრამ სამმა მაინც შეძლო ბონებით გადაღობილ სამხრეთის ყურის შიდა რეიდზე შეღწევა. დაზიანდა მტრალავი „ივან გოლუბეცი“, ხოლო უკრაინელთა ცნობით, ფრეგატი „ადმირალი მაკაროვი”, - აღნიშნავს გამოცემა.

„უფრო ადრე უკრაინამ ყირიმის საჰაერო თავდაცვა უპილოტოების შეტევებით შეამოწმა. ამის შედეგია აფეთქებები ყირიმში - 9 აგვისტოს ნოვოფეროვკის ავიაბაზაში, 16 აგვისტოს ჯანკოისა და გვარდეისკის სამხედრო ობიექტებზე, ხოლო 20 აგვისტოს სევასტოპოლში უპილოტო შავი ზღვის ფლოტის შტაბს დაეცა. უპილოტოთა თავდასხმების გამო რუსებმა ხომალდების ნაწილი და წყალქვეშა ნავები ნოვოროსიისკში გადაიყვანეს. ამ ოპერაციებით რუსეთის ფლოტს შესაძლოა დიდი ზიანი არ მიადგა, სამაგიეროდ დაიმსხვრა მითი სევასტოპოლის საჰაერო და საზღვაო სივრცის განსაკუთრებულ დაცულობაზე. ამასობაში პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით დაიწყო საზღვაო დრონების ფლოტისთვის პირველი ათი დრონის შესაძენი თანხის შეგროვება. უკრაინისკენ გაშვებულ ყოველ მე-5 რაკეტას რუსული ხომალდები ისვრიან და საპირწონედ კიევი 100 საზღვაო დრონის ყიდვას გეგმავს. თითოეული ასეთი აპარატი 270 ათასი დოლარი ღირს, შეუძლია მიზანს 400 კმ-ზე შეუტიოს, ხოლო საბრძოლო ნაწილში 200 კგ ფეთქებადი მასალაა მოთავსებული. უკრაინა აპარატებს თავად დაამზადებს და ამისათვის სამამულო წარმოების მასალასა და აპარატურას გამოიყენებს...“ - განაგრძობს გამოცემა.

„შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, რის შედეგად სასაზღვრო პოლიციის მარეგულირებელი კანონმდებლობა არსებითად გაუმჯობესდა და დაიხვეწა. სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილეს, პოლკოვნიკ გოჩა ჯანჯღავას თქმით, 2022 წელს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის გაძლიერებისთვის ბევრი რამ გაკეთდა. კერძოდ, გაუმჯობესდა სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა, გაძლიერდა სახმელეთო საზღვრის დაცვისა და ოპერატიულ-საგამოძიებო კომპონენტები, გაიზარდა მესაზღვრეების პირადი შემადგენლობა, გაუმჯობესდა საზღვრის სათანადო ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა, ურთიერთქმედების (ურთიერთთავსებადობის) ამაღლებისთვის ჩატარდა სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებისთვის საველე-ტაქტიკური სწავლებები“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით სიახლეები სასაზღვრო პოლიციიდან.

„სწავლებების გამართვაში გვეხმარებიან შსს-ს აკადემია, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სასწავლო ცენტრი და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების: ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ინსტრუქტორები. 2022 წლის 1-ლი სექტემბრიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის სამართალდამრღვევი პირები დაისჯებიან ადმინისტრაციული წესით, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 190-ე მუხლით არის გათვალისწინებული. ამასთან, 2021 წლის 7 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ ცვლილებები შეიტანა `სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც დადგინდა და მკაფიოდ გაიწერა საქართველოს სახმელეთო საზღვარზე სასაზღვრო რეჟიმის წესები...“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლკოვნიკი გოჩა ჯანჯღავა.

„დადგენილებით დამტკიცდა სასაზღვრო ზონისა და ზოლის აღმნიშვნელი გამაფრთხილებელი ნიშნები. სწორედ ამის შემდეგ, 2022 წელს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ისტორიაში პირველად, სახმელეთო საზღვრის მონაკვეთებზე განთავსდა 500 ერთეული სასაზღვრო ზოლის აღმნიშვნელი გამაფრთხილებელი ნიშანი (ბანერი). გამაფრთხილებელი ნიშნების დამონტაჟება 2023 წელსაც გაგრძელდება. სასაზღვრო ზონისა და ზოლის აღმნიშვნელი ნიშნები განთავსდა სასაზღვრო გზებსა და ბილიკებზე, ასევე საკვანძო ადგილებზე, რაც მიზნად ისახავს მოქალაქეებისა და ტურისტების ინფორმირებას, რომ ისინი უახლოვდებიან სასაზღვრო ზოლის ან სასაზღვრო ზონის ფარგლებს, სადაც ვრცელდება სასაზღვრო რეჟიმის წესი. მოცემული წესის შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის აუცილებელია სასაზღვრო პოლიციის ნებართვა - საშვი...“ - განაგრძობს პოლკოვნიკი.

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Spada/Skyguard Aspide - ამ კომპლექსზე თანამედროვე შეიძლება არ ითქმის, თუმცა საიმედოობითა და ეფექტურობით 1980-იან წლებში შექმნილი „ასპიდი“ დღესაც „იგესლება“. 1970-იან წლებში იტალიურმა კომპანიამ Selena (ამჟამად Leonardo) "ჰაერი-ჰაერი" კლასის ამერიკულ რაკეტა AIM-7 Sparrow-ს მოდერნიზაცია ჩაუტარა და საერთაშორისო ბაზარზე Aspide-ს სახელით გაიტანა. შემდგომ არსებული რაკეტის გამოყენებით სახმელეთო და საზღვაო ბაზირების საზენიტო კომპლექსის შექმნის იდეა დაიბადა. სწორედ ასე, გარკვეულწილად შვეიცარიულ Oerlikon-თან თანამშრომლობით შეიქმნა Spada Aspide, რომელსაც ასევე Skyguard Aspide ეწოდება. კომპლექსის სერიული წარმოება 1983 წელს დაიწყო და მალევე იტალიასთან ერთად 20-მდე ქვეყნის ცის სადარაჯოზე დადგა. უკრაინისთვის ამ კომპლექსის გადაცემა სურს ესპანეთს, რომელმაც Spada Aspide შეიარაღებაში 1985 წელს მიიღო“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით როგორ იცავენ უკრაინის ცას...

„ბატარეის სახით მოქმედი Spada-ს შემადგენლობაში შედის: აღმოჩენა-გაცილების ორკოორდინატიანი რადიოლოკაციური სადგური, მიზნის გაცილება-დასხივების რადიოლოკაციური სადგურები, მონაცემთა გადამუშავების (მართვის) ცენტრი, Aspide-1A ტიპის საზენიტო რაკეტები და 4-6 საზენიტო რაკეტის გამშვები დანადგარი. ყველა ჩამოთვლილი კომპონენტი თვითმავალ ან მისაბმელ შასიზე ბაზირებს. 220 კგ-იანი საზენიტო რაკეტის საბაზო ვარიანტი (საბრძოლო ნაწილი 33 კგ) მიზანს მაქსიმალურ 15 კმ-ის დისტანციასა და 6 კმ სიმაღლეზე სწვდება. Aspide-1A-ს ნახევრად აქტიური რადიოლოკაციური თავაკი აქვს, რაც აუცილებლად მიზნის გაცილება-დასხივებას რაკეტის მოხვედრამდე საჭიროებს (შესაბამისი ლოკატორები ყოველ გამშვებ დანადგარს აქვს). 1990-იან წლებში მწარმოებელმა კომპლექსს მოდერნიზაცია ჩაუტარა. ახალმა სარაკეტო საწვავმა ფრენის მანძილი 25 კმ-მდე გაზარდა. მართვის პუნქტში ციფრული მოწყობილობები დადგეს, ხოლო ბატარეის შემადგენლობაში ახალი რადიოლოკაციური სადგურის შეყვანით (RAC 3D) მიზნის აღმოჩენის სიშორემ 120 კმ შეადგინა“, - აღნიშნავს გამოცემა.

დღეისთვის ევროპაში ყველაზე ახალ საზენიტო კომპლექსად ითვლება გერმანული Deihl Defence-ის IRIS-T SML. ის გარკვეულწილად ნორვეგიული NASAMS-ის კონცეფციას იმეორებს – ორივე "ჰაერი-ჰაერი" კლასის რაკეტის გამოყენებაზეა დაფუძნებული. თუ სკანდინავიელებმა საკუთარი კომპლექსი ამერიკული AIM-120-ს `შემოაშენეს~, გერმანელებმა არჩევანი საკუთარი IRIS-T-ს სასარგებლოდ გააკეთეს. მუშაობა ერთდროულად ორი – ახლო (SLS) და საშუალო (SLM) მანძილებზე მოქმედ კომპლექსებზე პარალელურად მიდიოდა. პირველი მოდელით დაინტერესდა შვედეთი, რომელმაც 2019 წელს რვა ბატარეა მიიღო (ამ ვარიანტში გამშვებ მანქანაზე 4 რაკეტაა დაყენებული). თავად რაკეტა IRIS-T, ანუ რაკეტა ინფრაწითელი დამიზნების თავაკითა და ძრავის წევის ვექტორის მართვის სისტემით, ექვსი ქვეყნის (გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ნორვეგია, შვედეთი და კანადა/ესპანეთი) ძალისხმევით შეიქმნა. თითქმის 100%-იანი ვარაუდით შეიძლება ითქვას, რომ ახალი რაკეტის კონსტრუქციული თავისებურების ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა საბჭოურმა Р-73-მა, რომელიც ორი გერმანიის გაერთიანების შემდეგ ბერლინს უხვად დარჩა...“ - განაგრძობს გამოცემა.

„დღე არ გავა, რომ თურქეთიდან რაიმე ახალი სკანდალურ-სენსაციური ინფორმაცია არ მოვიდეს. ამ რამდენიმე კვირის წინ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი ანკარასთან ურთიერთობის გამწვავების შემთხვევაში საბერძნეთს მძიმე შედეგებით დაემუქრა: „საბერძნეთი გვემუქრება C-300-ებით. საბერძნეთო, შეხედეთ ისტორიას. თუ უფრო შორს წახვალთ, ფასი მძიმე იქნება, არ დაივიწყოთ იზმირი“, - განაცხადა ერდოღანმა. რამდენიმე დღით ადრე კი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი დაიბარეს ბოსფორის სრუტეში რუსეთის დროშით მოცურავე სატვირთო გემ Sparta II-ის გავლის გამო, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, სირიიდან რუსეთში C-300-ის სარაკეტო კომპლექსი გადაჰქონდა. უკრაინის ხელისუფლებამ თურქული მხარისგან ტვირთზე ოფიციალური ინფორმაცია მოითხოვა, როცა გემი ბოსფორის სრუტით შავ ზღვაში შევიდა. ფაქტია, რომ თურქეთი ცდილობს მაქსიმალური პოლიტიკურ-ეკონომიკური სარგებელი ნახოს რუსეთ-უკრაინის ომისგან“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით რეჯეფ ერდოღანი გლობალურ ლიდერობაზე ოცნებობს.

„ანკარა თანხმდება გაზის ფასის რუბლით გადახდაზე, განიხილავს რუსეთთან საბანკო კავშირის დაახლოებას და რუსული საგადასახადო სისტემა „მირ“-ის გამოყენებას, რაც თურქეთში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს ბარათით გადახდის საშუალებას მისცემს. რუსეთისათვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, ბოლო თვეებში თურქეთმა ნავთობის იმპორტი რუსეთიდან რამდენჯერმე გაზარდა. გარდა ამისა, ხერსონიდან რუსი ოკუპანტების მიერ მოპარული ხორბლით დატვირთული რამდენიმე გემი თურქეთში დაიცალა. ორივე შემთხვევაში თურქეთმა მსოფლიო ფასებზე გაცილებით იაფად შეიძინა ნავთობიც და ხორბალიც, აგვისტოს ბოლოს კი ქვეყნის ხელისუფლებამ 7 ოქტომბრიდან ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლისთვის საფასური 5-ჯერ გაზარდა _ განკარგულების თანახმად, 1 ტონაზე გადასახადმა 0.8-დან 4 დოლარამდე მოიმატა, რაც შემოსავალს 40 მლნ-დან 200 მლნ დოლარამდე გაზრდის. ასე ცდილობს თურქეთის ხელისუფლება მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსავლის გამონახვას. პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სურს მონაწილეობა და დარჩენილ პერიოდში ელექტორატის გულის მოგებას შეეცდება“, - აღნიშნავს გამოცემა.

„ერდოღანი პირველად პრეზიდენტი 2014 წელს გახდა, მეორედ - 2018 წელს და წესით და რიგით, მესამედ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონდეს. თუმცა, როგორც იტყვიან: თუ ძალიან გინდა, მაშინ შეიძლება. თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის პოლიტიკური გზა მართლაც უნიკალურია: სტამბოლის მერობიდან - ციხეში, თანაც აეკრძალა პოლიტიკური საქმიანობა; შემდეგ სპეციალურად მისთვის შეცვალეს კანონი და 2003 წლის 14 მარტიდან 2014 წლის 28 აგვისტომდე იყო თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის უმნიშვნელოვანეს პოსტზე. 2014 წლის აგვისტოდან დღემდე ქვეყნის პრეზიდენტია. ამ პერიოდში უკვე თვითონ შეცვალა თურქეთის კონსტიტუცია და ქვეყანაში, ფაქტობრივად, საპრეზიდენტო მმართველობა დააწესა. „მოსრა“ შიდა ოპოზიცია და დიდი თავსატეხი გაუჩინა ობამას, ტრამპსა და ბაიდენს. რუსეთის დიქტატორი ვლადიმირ პუტინიც კი იძულებულია ანგარიში გაუწიოს თურქეთის პრეზიდენტის აშკარა და ფარულ ამბიციებს არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ მთელ ახლო აღმოსავლეთში. რეჯეფ ერდოღანი ოცი წელია მართავს ქვეყანას და საინტერესოა, როგორ ახერხებს ხელისუფლების შენარჩუნებას?...“ - განაგრძობს გამოცემა.

„რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად დასავლეთის ქვეყნები უკრაინას მაქსიმალურად ეხმარებიან და თავდაცვისთვის აწვდიან არტილერიას, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მსუბუქ ჯავშანტექნიკასა თუ სხვა საშუალებებს, მაგრამ თავს იკავებენ ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების გადაცემისგან. ვაშინგტონი „აბრამსების“, ბონი „ლეოპარდებისა“ და „მარდერების“ კიევისთვის მიწოდებას არ ჩქარობს. თუმცა ნატოს წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების არმიების საბჭოური Т-72-ებისა და БМП-1/БМП-2-ებისგან განიარაღების შემდეგ, დასავლეთს ამ საკითხზე კიევისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღება მაინც მოუხდება. როგორც ცნობილია, აშშ-მა ძველი მოდიფიკაციის „აბრამსების“ მიწოდების მზადყოფნა გამოთქვა, ოღონდ უკრაინისგან მათი გამოყენება-ექსპლუატაციის უნარების დამტკიცების პირობით, რაც, თავის მხრივ, ეკიპაჟების მომზადებას, ტექნიკური მომსახურებისა და უზრუნველყოფის საკითხებს მოიცავს. უკრაინელი ტანკისტები მეათე თვეა მტერს ებრძვიან და წესით, „აბრამსების“ ათვისება არ უნდა გაუჭირდეთ. განსაზღვრული დრო, ალბათ, გამოყენების ტაქტიკის დახვეწას დასჭირდება და პირველ ეტაპზე ტანკების ტექნიკური მომსახურება-რემონტისთვის ამერიკელების დახმარება იქნება საჭირო“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით „აბრამსები“ რუსული ტანკების წინააღმდეგ.

„რა ძლიერი თუ სუსტი მხარეები აქვთ „აბრამსებს“ რუსეთის არმიის ყველაზე თანამედროვე Т-90M-ებთან, მოდერნიზებულ Т-80БВМ-ებსა და Т-72Б3M-ებთან დაპირისპირების შემთხვევაში? მხედველობაში მისაღებია, რომ „აბრამსი“, „ლეოპარდი“ თუ „ჩელენჯერი“ ერთნაირი იდეოლოგიით შექმნილი ტანკებია, ოღონდ სხვადასხვა სახის ძრავებითა და მეტ-ნაკლებად განსხვავებული ტექნიკური პარამეტრებით. რუსული ტანკები, პრაქტიკულად, ერთ ხაზს აგრძელებენ, რომელიც Т-72-ით დაიწყო. „აბრამსი“ სერიულად 1980-1996 წლებში მზადდებოდა და შემდგომ წლებში საწყისმა მოდელმა M1 Aბრამს-მა რამდენიმე მოდერნიზაცია გაიარა. ტანკის ბოლო, მოდერნიზებულ ვერსიად M1A2 SEPv4 ითვლება. თავიდან „აბრამსი“ 105 მმ-იანი კუთხვილიანი ქვემეხით იყო აღჭურვილი, ხოლო M1A1 მოდელის შემდგომ მისი ადგილი 120 მმ-იანმა გლუვლულიანმა ქვემეხმა დაიკავა. რუსული ტანკები ოდნავ დიდი კალიბრის 125 მმ-იანი ქვემეხებით არიან შეიარაღებული, რაც ძლიერი ჭურვებითა და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით სროლის საშუალებას იძლევა. რუსული ტანკებისგან განსხვავებით, „აბრამსს“, „ლეოპარდსა“ თუ სხვა დასავლურ ტანკს ქვემეხის ავტომატური დამტენი არა აქვთ და დამტენის მოვალეობას ეკიპაჟის მეოთხე წევრი ასრულებს“, - აღნიშნავს გამოცემა.

Т-72-ის ქვემეხი ავტომატური დამტენით წუთში 8 გასროლას აკეთებს და სროლის სწრაფი ტემპი ბრძოლაში მოწინააღმდეგეზე უპირატესობას აძლევს. ქვემეხის ხელით დატენაზე გადაყვანის შემთხვევაში სროლის ტემპი წუთში 1-2 გასროლამდე კლებულობს, მაგრამ ტანკის მოძრაობის დროს ამის გაკეთება შეუძლებლია და საბრძოლო მანქანა უნდა გაჩერდეს. ქვემეხის ავტომატური დატენის უპირატესობას აქარწყლებს კიდევ ის გარემოება, რომ გასროლების მიმწოდებელი ტრანსპორტიორი კოშკურაშია მოთავსებული და უშუალოდ ეკიპაჟთანაა შეხებაში, კოშკურაზე ტანკსაწინააღმდეგო ჭურვის მოხვედრის შემთხვევაში კი დიდია დეტონაციის ალბათობა, რასაც შეიძლება ტანკისა და ეკიპაჟის განადგურება მოჰყვეს. „აბრამსის“ შესახებ ცნობილია, რომ წუთში 4 გასროლას აკეთებს, რასაც დამტენის ფიზიკური მონაცემები და მომზადება განსაზღვრავს. მაგალითად, სატანკო ქვემეხის М830А1 ტიპის გასროლა 22,3 კგ-ს იწონის და დამტენმა ამფეთქის შეცვლის გათვალისწინებით სროლისთვის ჭურვი 7-8 წმ-ში უნდა მოამზადოს. „აბრამსში“ საბრძოლო მასალების კომპლექტი კოშკურის კიჩოს ჯავშნიან ნიშაში ინახება და საბრძოლო განყოფილებიდან ჯავშანკარითაა გამოყოფილი. ხანძრის შემთხვევაში დეტონაციის ასაცილებლად წვის პროდუქტები კოშკურის კიჩოში მოთავსებული ამოსაგდები პანელებიდან ატმოსფეროში გაედინება...” - განაგრძობს გამოცემა.

„„რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან რვა თვეზე მეტი გავიდა. რუსეთის არმია, რომელიც ბრძოლებში უმეტესად ვეღარ აღწევს წარმატებას, ძალისხმევას არ იშურებს უკრაინელი მოსახლეობის სიმტკიცის შესარყევად. თითქმის ყოველდღე იბომბება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ენერგოსისტემები, საცხოვრებელი სახლები... არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. როგორც სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალთან“ მოხალისე მეომარი იულია სისოვსკაია ამბობს, ქვეყანაში დაბრუნების მსურველი მაინც ბევრია“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ქალი ომის ქარცეცხლში.

„მშვიდობიანი მოსახლეობა თითქმის უშუქოდ და გათბობის გარეშე ცხოვრობს. უკრაინაში უკვე ტემპერატურა მინუსებს აჩვენებს, განსაკუთრებით ღამით ცივა და საჰაერო განგაშის დროს, სიბნელეში, ბავშვებისა და მოხუცების ბომბსაფრებში ჩაყვანა ძალიან რთულია. ამიტომ ხშირად შეხვდებით სადარბაზოებსა და ქუჩებში, სანთლის, ფარნებისა და განათებული ტელეფონების ფონზე ადამიანების ჯაჭვს, რომელსაც `სინათლის გზას~ ვუწოდებთ. ეს ჯაჭვი თავშესაფრისკენ მიეშურება. გამორთულია ქუჩისა და მაღაზიების გარე განათება, ლამპიონები, სარეკლამო ბანერები. თავიდან მიჭირდა ჩაბნელებული კიევის ნახვა, მაგრამ შევეჩვიეთ. ასე მგონია, ეს ზამთარი ჩვენი მოთმინების გამოცდა იქნება, რომელიც უნდა გადავიტანოთ, რათა მომავალი ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა მშვიდი, სტაბილური იყოს. ხერსონზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ რუსეთი ცდილობს ის ტერიტორიები მაინც შეინარჩუნოს, სადაც ახლა მისი ჯარები დგას. რუსული სამთავრობო მედია ცდილობს ისე წარმოაჩინოს ყველაფერი, თითქოს რუსეთს ხერსონი არ სჭირდებოდა და იმიტომ დათმო. სინამდვილეში უდიდესი ადამიანური და ტექნიკური დანაკარგი აქვს. გარდა ამისა, ის ყირიმს, იქიდან კი რუსეთს უკავშირდებოდა სახმელეთო გზით და ლოგიკურად, საკვანძო ადგილი იყო“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იულია სისოვსკაია.

„რუსული პროპაგანდა, რომელსაც უკვე არც სჭირდება დიდი დაგეგმარება და ფინანსები, რადგან ინერციით მიდის, მაინც თავისას აკეთებს - ხალხის ნაწილს სჯერა, რომ რუსეთს მართლა არაფერში სჭირდება ეს ოლქი, სადაც სექტემბერში რეფერენდუმი ჩაატარეს, ახალი ადმინისტრაცია შექმნეს და კოლაბორაციონისტებს ჩააბარეს. მანამდე კი სასწრაფოდ რუსეთის დროშის ფერებად გადაღებეს ყველაფერი, საბჭოთა კავშირის უროსა და ნამგლისსიმბოლიკიანი დროშები აღმართეს, რუბლი შემოიტანეს. „ნაცისტებს“, რომლებიც თურმე პარტიზანებს იფარებდნენ და ხელს უმართავდნენ, ესესელებივით დასდევდნენ, „ხალხისა და სახელმწიფოს ღალატის“ ბრალდებით ასამართლებდნენ. მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ფილტრაციის ბანაკებში გაატარეს და გერმანული საკონცენტრაციო ბანაკების რუსულ ანალოგებში გადაიყვანეს. უმრავლესობამ შვილებთან, მეუღლესთან, მშობლებთან კავშირი დაკარგა. არ იციან, რა ხდება უკრაინაში. ეუბნებიან, რომ მათ სახელმწიფოს არაფერში სჭირდება, ისინი მხოლოდ ნაცისტები არიან, საკუთარ ხალხს თავად ხოცავენ, რათა ამერიკას ტერიტორიები გაუთავისუფლონ. ასე რომ, ჯერ რუსეთში უნდა დამარცხდეს პუტინის პროპაგანდა და შემდეგ უფრო იოლად დამარცხდება რუსული არმია უკრაინაში..." - განაგრძობს იულია სისოვსკაია.

„ტამიშის ბრძოლა აფხაზეთის ომის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფრაგმენტია შეცდომებით, სირთულეებით, გმირობის ეპიზოდებითა თუ თავდადების მაგალითებით... 1993 წლის 2-10 ივლისს აქ ქართულმა მხარემ 250-მდე მებრძოლი დაკარგა, მიზეზი მოწინააღმდეგის მოულოდნელად გადმოსხმული 500-კაციანი დესანტი იყო. ტამიში აფხაზური სოფელია სოხუმსა და ოჩამჩირეს შორის. მთებიდან ზღვის მიმართულებით ჩამოდის მდინარე, რომლის მარჯვენა მხარეს (სოხუმისკენ) 2 ივლისს მე-11 ბრიგადა იდგა, დავით თევზაძის მეთაურობით, მარცხენა მხარეს კი, ოჩამჩირეში, 24-ე ბრიგადა. თავად ტამიში შედარებით დაუცველი იყო, განსაკუთრებით ზღვიდან, რადგან მანამდე მტერი ყოველთვის ხმელეთიდან უტევდა ჩვენს პოზიციებს და, შესაბამისად, საბრძოლო ტაქტიკაც ამაზე იყო აწყობილი. ვიცე-პოლკოვნიკ მურთაზ გაბიტაშვილს მაშინ სოფელ კინდღში ერთ-ერთი დანაყოფი ებარა და იხსენებს ბრძოლის უმძიმეს ეპიზოდებს, როცა მან წინა ხაზზე დაჭრილი ბრიგადის მეთაური დავით თევზაძე გადაარჩინა“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით ეპიზოდი ტამიშის ბრძოლიდან.

„გოჩა ყარყარაშვილის სახელობის ცალკეული სადაზვერვო ასეულის მეთაური ვიყავი. მოქანდაკე ვარ, მაგრამ აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, ყველაფერს თავი დავანებე და წავედი. მაშინ ასე მიმაჩნდა სწორად და ახლაც ასე ვფიქრობ. არის დრო, როდესაც შენი ქვეყნისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო, მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო გამოცდილება არა გაქვს. მაშინ უმრავლესობა ენთუზიაზმით, შიშველი ხელებით ვიბრძოდით, რადგან ასე მიგვაჩნდა სწორად. 1993 წლის ივლისის დამდეგი იყო. სოფელ ახალ კინდღში კოტეჯებში გვეძინა, ზღვის პირას. გამთენიის 4-5 საათი იქნებოდა, ყვირილი რომ გავიგონე. მეორე სართულზე ვიყავი, ხმა ქვემოდან ამოდიოდა - დავით თევზაძის ხმა იყო. ის იმ დროს ჩვენი ბრიგადის მეთაური იყო. ლაბრაში დესანტი შემოსულა, ჩვენებს მოუსწრიათ და შეგვატყობინეს. მალევე იმავე რაციით გატეხილი ქართულით ვიღაცას გადმოუცია, თქვენი აღსასრულის დღეც მოვიდაო. ადგილზე 25-მდე მებრძოლი მყავდა, დანარჩენები წინადღეს თბილისში გავუშვი და ჩვენც იმ დღეს ვაპირებდით გამოფრენას. საბრძოლო მასალა ავიღეთ და "შავნაბადას" ჯავშანტრანსპორტიორით სოფელ ლაბრისკენ წავედით. უკან სამი "ურალი" "შავნაბადას" მებრძოლებით გამოგვყვა“, - იხსენებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მურთაზ გაბიტაშვილი.

„ტამიშის „გაი“-ს ტეკს რომ მივუახლოვდით, ორი „ურალი“ გამოგვეყო და სოფელ ანუარხუსკენ აუხვიეს, სადაც თუ არ ვცდები, 105-ე სიმაღლე მთელ ტამიშს გადმოჰყურებს და იქიდან ლაბრაც ჩანს. სროლის ხმამ და დაბომბვამ იმატა. ჩვენები გაჩერებას მანიშნებდნენ, მაგრამ ჯავშანტრანსპორტიორის ძრავას დიდი ხმა აქვს და კარგად ვერ აღვიქვი, რა ხდებოდა ირგვლივ, თანაც ბრძანება მქონდა, ლაბრაში ჩვენებს უნდა დავხმარებოდით. მძღოლს ვუთხარი, არ გაჩერდე-მეთქი, და იმანაც ლიუკი დახურა. ალბათ, 80 კმ/სთ სიჩქარით მივქროდით და სოფლის ტერიტორიაზე ასევე შევვარდით. 22-23 წლის ვიყავი, ყველაფერს პატრიოტული სულისკვეთებით აღვიქვამდი და თითოეულ დასმულ ბრძანებასა თუ ამოცანას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი. მტერი დაიბნა, რადგან ვერ წარმოედგინა, როცა იქ მყოფი ჩვენი სხვადასხვა დანაყოფი ალყაში ჰყავდა და ლამის ბრძოლის მთელ არეალს აკონტროლებდა, ამ დროს ჯავშანტრანსპორტიორი და „ურალით“ სავსე მებრძოლები თუ გამოჩნდებოდნენ. პატარ-პატარა ჯგუფებს ვხედავდით, თუ როგორი გაკვირვებით გვაყოლებდნენ თვალს. ჩაცმულობა ლამის ერთნაირი გვქონდა და ჩვენც ხომ ლაბრამდე მტერს არ ველოდით. კილომეტრამდე გავიარეთ და რამდენჯერმე ყუმბარსატყორცნი გვესროლეს, მაგრამ ყველა აგვაცილეს. მივხვდით, თუ ვისთან გვქონდა საქმე და საპასუხო ცეცხლი გავუხსენით...” - განაგრძობს მურთაზ გაბიტაშვილი.

„ვინტორეზი“ საბჭოთა დროინდელი სნაიპერული შაშხანაა, განკუთვნილი ახლო მანძილზე ფარული მოქმედებისთვის, როდესაც 200-300 მ-დან, ფაქტობრივად, უხმაურო გასროლით მოწინააღმდეგის ზუსტი დაზიანება შეიძლება. ამ სტატიის ავტორს თავის დროზე გამოუცდია ეს იარაღი და მასზე საკუთარი აზრი აქვს. ეს თითქმის უხმაურო გასროლა მხოლოდ ინტეგრირებული მაყუჩის დამსახურებით კი არა, სპეციალური ვაზნის გამოყენებითაც მიიღწევა, რომელშიც შემცირებულია დენთის რაოდენობა და შესაბამისად, 9 მმ-იანი ტყვია ლულას ბგერამდელი სიჩქარით ტოვებს. ამით მნიშვნელოვნად მცირდება გასროლის ხმა, თუმცა სროლის მანძილიც. იმის გამო, რომ ამ ტყვიის მასა 16 გრამზე მეტია (შედარებისთვის `აკმ~-ის ავტომატის 7.62 მმ კალიბრის ტყვიის მასა ორჯერ ნაკლებია და მხოლოდ 8 გრამია), მოხვედრისას მიზანს გარანტირებულად აზიანებს. ცნობილმა გერმანულმა საიარაღო კონცერნმა Heckler-Koch-მა 2017 წელს წარმოადგინა ახალი ავტომატი/საიერიშო ავტომატური შაშხანა HK437 Sneaker-ი, რომელშიც გამოყენებულია სპეციალური ვაზნა.300 Blackout-ი”, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით გერმანული ავტომატი დივერსანტებისთვის / „ჰეკლერ-კოხის“ ახალი ავტომატი, რომელიც რუსული გე-ერ-უს „ვინტორეზის“ კონცეფციას იმეორებს...

„თუკი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის სნაიპერული "ვინტორეზისა" და მის ბაზაზე შექმნილი "ვალ"-ის ავტომატისთვის განკუთვნილი ახალი ვაზნა "კალაშნიკოვის" სტანდარტული 7.62 მმ კალიბრის ვაზნის ჰილზაში 9 მმ-იანი ტყვიის შეცვლით დამზადდა, "ჰეკლერ-კოხმა" NATO-ს სტანდარტულ 5.56 მმ კალიბრის ვაზნის ჰილზაში 7.62 მმ კალიბრის მძიმე, 14 გრამის მასის ტყვია მოათავსა. ამ სპეციალური ვაზნის გამოყენებისას ტყვია ავტომატის ლულას 310-315 მ/წმ-ში ანუ ატმოსფეროში ბგერის გავრცელებაზე ნაკლები სიჩქარით ტოვებს და თუკი ავტომატს თანამედროვე მაყუჩიც აქვს, მაშინ სპეცრაზმს ფარული მოქმედებისათვის კარგი წინა პირობა ექმნება. ოღონდ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი – ვინმემ შეიძლება ამ ახალი ვაზნის შეცდომით გამოყენება სცადოს M4 ტიპის საიერიშო ავტომატური კარაბინიდან. მაშინ ვაზნა მჭიდიდან სავაზნეში კი გადავა და საკეტიც დაიხურება, მაგრამ გასროლის მცდელობისას 7.62 მმ კალიბრის ტყვია, ბუნებრივია, ვერ გაეტევა 5.56 მმ კალიბრის ლულაში და შედეგიც სავალალო იქნება მსროლელისა და ახლოს მყოფთათვის, - აღნიშნავს გამოცემა.

„HK437 Sneaker-ის შემდგომი ბედი ბოლო რამდენიმე წელი გაურკვეველი იყო, რადგან ბუნდესვერმა კარგად ცნობილი HK G36-ის ჩასანაცვლებლად თანამედროვე HK433 კი არ აირჩია (რომლის მოდიფიკაციასაც წარმოადგენს HK437 Sneaker-ი), არამედ HK 416A8, რომლის საბაზო ვარიანტი HK416 ჯერ კიდევ ოცი წლის წინ შეიქმნა და შეთავაზებული იყო პენტაგონისთვის აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში M4 საიერიშო ავტომატური კარაბინებისა და M16 საიერიშო ავტომატური შაშხანების ჩასანაცვლებლად (აქედან მოდის მისი მისი დასახელებაც – HK416). მიუხედავად უდიდესი მცდელობისა, "ჰეკლერ-კოხმა" თავისი ავტომატების მიყიდვა მხოლოდ ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსისთვის შეძლო, ამერიკული სახმელეთო ძალები კი მაინც სამამულო წარმოების იარაღს ერთგულობენ. P.S. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ერთ-ერთი ფედერალური მიწის პოლიციამ "ჰეკლერ-კოხს" 400 ერთეული HK437 Sneaker-ი შეუკვეთა ამავე ფირმის ლეგენდარული 9 მმ-იანი MP5 ტიპის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების ჩასანაცვლებლად, ოღონდ ცოტა ძნელი ასახსნელია – რად უნდა გერმანელ პოლიციელს მაყუჩიანი და ბგერამდელი სიჩქარის თითქმის უხმაურო ავტომატური იარაღი, რომელიც უფრო მტრის ზურგში ფარულად მოქმედი დივერსანტების შესაიარაღებლადაა განკუთვნილი“, - დასძენს გამოცემა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა