საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ რუსთავში დამოუკიდებლობის სკვერი გაიხსნა. დამოუკიდებლობის სკვერი, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა გახსნეს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სივრცე, რომელსაც რუსთაველები „დიდების ხეივნის“ სახელით იცნობდნენ, მთლიანად რეაბილიტირებულია. განახლებული რეკრეაციული სივრცე 26 მაისის ახალი მონუმენტით იწყება.
სკვერში სრულად განახლდა მემორიალები, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე გლობალური მშვიდობისთვის ბრძოლებში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის მონუმენტები.
თავდაცვის მინისტრმა პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. ჯუანშერ ბურჭულაძემ მწუხარება გამოხატა უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის გამო და მათ ოჯახებს მიუსამძიმრა.
„რუსთავში, რეაბილიტირებულ დამოუკიდებლობის სკვერში, რომელიც ცნობილი იყო, როგორც „დიდების სკვერი“, დღეს პატივი მივაგეთ ჩვენს გმირებს. მინდა მადლობა გადავუხადო ქალაქ რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს, ამ სკვერის რეაბილიტაციისთვის. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, პატივი მივაგო და მივუსამძიმრო იმ დაღუპული ქართველების ოჯახებს, რომლებიც შეეწირნენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში. მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო და გამოვხატო დიდი გულისტკივილი. ჩვენი ხელისუფლება, არის ის ხელისუფლება, ვისაც ნამდვილად გული შესტკივა თითოეულ ქართველზე და მით უმეტეს, იმ ქართველებზე, ვინც რუსეთის აგრესიას ეწირება“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ.
რუსთავის მერიის ცნობით, სკვერის გახსნას, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან და რუსთავის მერთან ერთად, თავდაცვის ძალების მეთაური - გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე დაესწრნენ.
რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, გმირებისთვის პატივის მიგება და მათი ღვაწლით სიამაყე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქალაქისთვის, ასევე ქვეყნისთვის.
„პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო უკრაინაში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს, მათ შორის არის ჩვენი თანამოქალაქე და ეს ძალიან მძიმეა, როგორც ჩვენი ქალაქისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი გმირების სახელები ჩვენს გულებში ყოველთვის არის და გვინდა, რომ მათი სახელები, ქალაქში არ დაიკარგოს და ყველას ახსოვდეს. რეაბილიტირებული ეს სივრცე, დარწმუნებული ვარ რუსთაველებისთვის კიდევ უფრო ძვირფასი გახდება. ჩვენ მადლიერების გამოხატვა საქმით გვმართებს და ახალ თაობას უნდა ვაჩვენოთ, რომ გმირებისთვის პატივის მიგება და მათი ღვაწლით სიამაყე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქალაქისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ლაცაბიძემ.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა უკრაინაში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
,,მინდა პირველ რიგში სამძიმარი გამოვუცხადო უკრაინაში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს, მათგან ერთი მერაბ ალადაშვილი რუსთაველია. რუსთავში დღეს დამოუკიდებლობის სკვერი გავხსენით, სადაც განთავსებულია გმირთა მემორიალები და ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების სახელების უკვდავყოფა, ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის თავი გაწირა“, - განაცხადა დოხტურიშვილმა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის გიორგი ციბაძის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, რუსთავში 27 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.
„საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 63 მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს პროგრამა ,,განახლებული რეგიონები“. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, რუსთავში 27 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, განახლდა 22 შენობა და მოეწყო სამი სკვერი. წარმატებით დასრულდა და დღეს გაიხსნა დამოუკიდებლობის სკვერი, სადაც გმირთა მემორიალები მდებარეობს და ამ პროექტის განხორციელებით, აღნიშნულმა სივრცემ განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა“, - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, გმირთა მემორიალების ხეივანი, ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის და სამხედრო ორკესტრის თანხლებით გაიხსნა. დამოუკიდებლობის სკვერის სივრცე, 26 მაისის ახალი მონუმენტით იწყება და 9 ათას კვ/მ ფართობზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა, მეორე მსოფლიო ომში, ასევე სამშვიდობო მისიებში გარდაცვლილი ჯარისკაცებისა და 9 აპრილის მემორიალებია განთავსებული.
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა 13 სვეტისგან შემდგარი მონუმენტი, რომელიც ღამის საათებში სინათლის 13 სვეტს ქმნის, რუსთაველი არქიტექტორის, კობა ძლიერიშვილის ნამუშევარია, სამშვიდობო მისიებში და 9 აპრილის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ გმირთა მემორიალების ავტორი, კი ასევე რუსთაველი მოქანდაკე ვალერი ჯიქიაა.
განახლებულ სკვერში გმირთა მემორიალების გარდა, საფეხმავლო და ველობილიკი, მწვანე სივრცეები, გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და დასასვენებელი ზონებია მოწყობილი. რეკრეაციული სივრცე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტი, რუსთავის მერიის და მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 1 მლნ 354 439 ლარია“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.