უკრაინაში შეჭრის პირველ კვირებში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სიკვდილით დასაჯეს ან განახორციელეს თავდასხმები ადამიანებზე, რამაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა გამოიწვია, - ამის შესახებ უკრაინაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მატილდა ბოგნერმა განაცხადა.
გაერო-მ ადამიანის უფლებათა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ ხოცავდნენ რუსი ჯარისკაცები მშვიდობიან მოქალაქეებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში 2022 წლის 24 თებერვლიდან 6 აპრილამდე პერიოდში.
ანგარიშის თანახმად, კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ბუჩაში, რომელიც 5-დან 30 მარტამდე რუსეთის ჯარების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, მისიამ დააფიქსირა 73 მშვიდობიანი მოქალაქის (54 მამაკაცი, 16 ქალი, 2 ბიჭი და 1 გოგონა) მკვლელობა და მიმდინარეობს პროცესი დამატებით 105 სავარაუდო მკვლელობის დასადასტურებლად.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაერო-მ ამ დრომდე დოკუმენტურად დაადასტურა 441 მშვიდობიანი მოქალაქის (341 მამაკაცი, 72 ქალი, 20 ბიჭი და 8 გოგონა) ძალადობრივი სიკვდილის ფაქტი უკრაინის სამ ოლქში მხოლოდ რუსეთის შემოჭრის საწყის 6 კვირაში. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რეალური მაჩვენებლები, სავარაუდოდ, გაცილებით მაღალი იქნება, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა დამატებითი 198 მკვლელობის დასადასტურებლად, რომელიც მოხდა უკრაინის კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში.
„რუს ჯარისკაცებს მშვიდობიანი მოქალაქეები დაკავების ადგილებში მიჰყავდათ და შემდეგ ტყვეობაში სიკვდილით სჯიდნენ. ბევრი მსხვერპლის ცხედარს, რომელიც აღმოაჩინეს, ხელები შეკრული აქვს და თავში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები აქვს მიყენებული“, - აცხადებს ბოგნერი.