ნინო ბურჯანაძე - „ოცნებას“ უნდა, იქამდე იყოს სააკაშვილი ციხეში, ვიდრე ის იმდენად არ დასუსტდება, რომ საერთოდ ვეღარ შეძლოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა

„ოცნებას“ უნდა, იქამდე იყოს სააკაშვილი ციხეში, ვიდრე ის იმდენად არ დასუსტდება, რომ საერთოდ ვეღარ შეძლოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ბურჯანაძის შეფასებით, მმართველ პარტიაში არ ესმით, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალება „უმძიმეს შედეგების მატარებელი იქნება“.

"ძალიან სამწუხაროა, რომ მთელი მედია, ყველა ოპოზიციური პარტია მიმართულია მხოლოდ იმაზე, რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში" და რა ხდება მიხეილ სააკაშვილის თავს. გეთანხმებით, უმნიშვნელოვანესი საკითხია, გადარჩეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და არ დადგეს ფატალური შედეგი, ეს უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქვეყნის იმიჯს დააზარალებს. ეს უნდა ესმოდეს "ქართულ ოცნებას". მაგრამ სხვა არანაკლები მნიშვნელობის პრობლემები აქვს ჩვენს ხალხს და ქვეყანას. ლამისაა დაცარიელდეს საქართველო ქართველებისგან, სიდუხჭირის და გაჭირვების გამო, ქართველები ყოველდღე გარბიან აქედან. ეს ფაქტი და ამის მიზეზები ნაკლებად მნიშვნელოვანი რატომ არის, ვიდრე ის თუ რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში"?!

არ მაინტერესებს და არც მსურს ვისაუბრო, ვის აირჩევენ "ნაციონალურ მოძრაობაში", ვინ იქნება თავმჯდომარე. ვფიქრობ, მე ამის განხილვაში არ უნდა შევიდე, მაგრამ თუ მაინცდამაინც აუცილებლად უნდა გიპასუხოთ ამ შეკითხვაზე, ვფიქრობ ვანო მერაბიშვილის აქტიურ პოლიტიკაში წამოწევა, ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. მე როგორ უნდა მომეწონოს ეს ფაქტი, როდესაც 26 მაისის ტრაგედია ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს მოხდა?!

არსებული ამოცანა იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად ძლიერი არ ყოფილიყო, რომ ხელისუფლებისთვის საფრთხე არ ყოფილიყო, მაგრამ მეორე მხრივ, არც ისეთი დასუსტებულიყო, რომ ბუად და საფრთხობელად ვეღარ გამოეყენებინა „ქართულ ოცნებას“. მგონია, რომ პოლიტიკაში არჩართულ ადამიანსაც ეს კარგად ესმის. „ოცნებას“ უნდა, რომ იქამდე იყოს სააკაშვილი ციხეში, ვიდრე ის იმდენად არ დასუსტდება, რომ საერთოდ ვეღარ შეძლოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა. ერთი რამ ამ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ სააკაშვილის გარდაცვალება ციხეში იქნება უმძიმესი შედეგების მატარებელი. დღევანდელი ქცევიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ „ოცნებაში“ ეს არ ესმით", - განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც მან ასევე აღნიშნა, თუ „ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვა“.

„ძალიან არ მიხარია, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავისი მხარდამჭერები. ნამდვილად მიმაჩნია, რომ არ არის ნორმალური, რომ ჩემს პარტიას ნაკლები მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ არის ეს რეალობა და ამ ხალხს რა უნდა ვუყოთ? ამ ხალხის იგნორირება ხომ არ შეიძლება? „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს რომ სხვანაირი პოლიტიკა წარემართა და 10 წლის განმავლობაში არამარტო ის ეძახა, რომ „რა ცუდი იყო "ნაციონალური მოძრაობა" და რა შეცდომები დაუშვა“ და ის კი არ დაემადლებინა ჩვენთვის, რომ ციხეებში რაც ხდებოდა აღარ ხდება, ამისთვის ახლა დითირამბებს ვერ ვუმღერებთ და ტაშს ვერ დავუკრავთ. ეს არის ნორმა კიდევ უკეთესად უნდა იყოს საქმე.

ბიძინა ივანიშვილი იმას კი არ უნდა გვეუბნებოდეს, რომ „უფრო გაგიიაფებთ ბილეთებს და წადით“, არამედ რეალურად უნდა შეცვლილიყო ქვეყანაში სიტუაცია. დღეს ობიექტურად გაცილებით ნაკლები მომხრე ეყოლებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო