გიორგი ვაშაძე - პასუხი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტის რეზოლუციას გასცა, არის წამების ამსახველი ვიდეო - მივმართავ პრეზიდენტს, ევროკავშირმა დაგაკისრათ პასუხისმგებლობა - თქვენ რას აპირებთ?

პასუხი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტის რეზოლუციას გასცა, არის წამების ამსახველი ვიდეო , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ , „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გასაჯაროებას გამოეხმაურა.

გიორგი ვაშაძე მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც „ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის პირდაპირ ნახსენები“.

„სიტუაცია არის უმძიმესი, დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც სამწუხაროდ პირდაპირ და მკაფიოდ არის ნათქვამი ის, რომ საქართველო არ ადგას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აგვარიდოს ევროპულ ინტეგრაციას. პირველად, ევროკავშირის რეზოლუციაში პირდაპირ, მკაფიოდ ნათქვამია, პერსონალური სანქციების შესახებ ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვასთან მიმართებაში. ასევე პირველად ევროპარლამენტის რეზოლუციამ პირდაპირ და ცალსახად მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, რომ მან გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე ნიკა გვარამიასთან მიმართებით და მე მინდა მივმართო მას, პასუხი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტის რეზოლუციას გასცა, არის წამების ამსახველი ვიდეო და ეს ვიდეო არის დამონტაჟებული, მოიცავს სხვადასხვა პერიოდს წლის მანძილზე და პირდაპირ ასახავს, ერთი მხრივ რა მძიმე მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი და როგორ უნდათ, რომ ერთი ლუკმის ჭამის ფაქტი აქციონ რაღაცად.

მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, თქვენ სრულიად ევროკავშირმა მოგმართათ და დაგაკისრათ პასუხისმგებლობა, რომ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯი გადადგათ. „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა, ეს არის ფაქტი და შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს მკაფიო პოზიცია თქვენი მხრიდან. მოლოდინი, რომ სასამართლომ უნდა ქნას, ეს დამთავრდა და თქვენ რას აპირებთ? ეს გვაინტერესებს კონკრეტულად და მოგმართავთ, მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის პირდაპირ ნახსენები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, „ყველაფრის ტელევიზიით ყურების დრო აღარ არის“ და საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ აქვს უფლება არსებულ ვითარებას შეეგუოს.

„რაც შეეხება ჩვენ ქმედებებს, დღის განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია ოპოზიციონერ კოლეგებთან, აქტიურ ჯგუფებთან და პირდაპირ ვამბობთ, ყველაფრის ტელევიზიით ყურების დრო აღარ არის. „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის მოსპობა ტყვიის გარეშე. უნდათ, რომ დააბრალონ ეს უამრავ საკითხს და შემდგომ ამ ფაქტის წინაშე დაგვაყენონ. მე არ მგონია, რომ ჩვენ, რომელიმე საქართველოს მოქალაქეს, გვაქვს უფლება, ამ ფაქტს შევეგუოთ. მით უმეტეს, როცა ჩვენი ევროპელი პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებაზე გადის ევროპული პერსპექტივა იმიტომ, რომ ევროკავშირში ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიიღებენ სახელმწიფოს, რომელიც დღისით, მზისით, პირდაპირ ეთერში, ყველას თვალწინ კლავს ციხეში ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. ეს არის ძალიან კონკრეტული, თვალსაჩინო ფაქტი. დაბოლოს, კალაძე ამბობს, რომ თურმე მას ევროკავშირი არ აინტერესებს, ამას ვფიქრობ, ჩვენ ყველამ ერთად, ქართველმა ხალხმა უნდა გავცეთ პასუხი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო