ლევან ბეჟაშვილი - ის ადამიანებიც კი გამოთქვამდნენ შეშფოთებას, რომელთაც არ სჯეროდათ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესება - ხელისუფლების წარმომადგენლები კი ცინიკური განცხადებებით ცდილობდნენ, შეელამაზებინათ საზოგადოების შოკი

ის ადამიანებიც კი, რომლებსაც არ სჯეროდათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, აღშფოთებას

გამოთქვამდნენ , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, დღეს საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილის „რეალური მდგომარეობა“ დაინახა, ხელისუფლება კი შეეცადა „სათავისოდ შეელამაზებინა“ ადამიანების „შოკი“.

„სამწუხაროა, რომ დღეს საზოგადოებამ ხელისუფლებისგან კვლავ მოისმინა ცინიკური განცხადებები. ისინი ცდილობდნენ, შეელამაზებინათ სათავისოდ შოკი, რომელიც დღეს საზოგადოებამ ნახა. ის ადამიანებიც კი, რომლებსაც არ სჯეროდათ მიხიელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, აღშფოთებას გამოთქვამდნენ.

დღეს საზოგადოებამ იხილა მიხეილ სააკაშვილის რეალური ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის მდგომარეობა, რომელიც ასახული იყო სხვადასხვა სამედიცინო დასკვნებში.

ხელისუფლება თავისი განცხადებებით ცდილობს აჩვენოს თავისი სიმტკიცე და მკაცრი დამოკიდებულება საკითხის მიმართ, ეს მოსამართლის საჯაროდ გასაგონადაც ხდება. მოსამართლე, რომელიც განიხილავს ამ საქმეს, არ გამოირჩევა დამოუკიდებელი რეპუტაციით, ამიტომ ის, რომ აღნიშნული მოსამართლე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რთულია. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილს, საქმე ეხება თვალსაჩინო ფაქტებს, დასკვნებს, მოსამართლე მართლა დანაშაულზე უნდა წავიდეს, რომ ეს ფაქტები უგულებელყოს და მიიღოს არაობიექტური გადაწყვეტილება.

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად უკვე დაწყებულია საერთაშორისო კამპანია, ამის პირველი გამოძახილი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციები. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ამ რეზოლუციებს „ფარატინა ქაღალდებს“ ეძახის, მისი შედეგია უკრაინის პრეზიდენტის განცხადება, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადება. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მოითხოვენ სააკაშვილის გადაყვანას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე მივა სანქციებამდეც“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

კითხვაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გარდა კიდევ ვის შეიძლება ემუქრებოდეს სანქციები, ბეჟაშვილის თქმით, ივანიშვილი მარტო არ მოქმედებს, ყველა სახელისუფლო სტრუქტურაა ჩართული პროცესებში.

ამასთან, ბეჟაშვილმა ისაუბრა სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობის ნაწილზეც, მისი თქმით, პრეზიდენტმა, როგორც ევროპელმა პოლიტიკოსმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და მიიღოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება - „მიიღოს შეწყალების აქტი“.

„როდესაც საერთაშორისო საზოგადოება სანქციებს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ მიმართავს, ეს უკვე განსაზღვრავს იმას, რომ საქართველო არ არის პროდასავლური კურსის. ხელისუფლების წარმომადგენლების ნებისმიერი განცხადება არის ანტიდასავლური კამპანიის ნაწილი.

სანქციები შეეხება მმართველი პარტიის ხელმძღვანელსაც, პრემიერ-მინისტრს, იუსტიციის მინისტრს, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა გადალახოს შინაგანი ბრძოლა, რაც აქვს მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ზურაბიშვილმა ყველაზე კარგად იცის რა განწყობებია დღეს ევროპაში და როგორ ხდება ევროპაში გადაწყვეტილების მიღება. მან, როგორც ევროპელმა პოლიტიკოსმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, გადააბიჯოს თავის პიროვნულ დამოკიდებულებას და მიიღოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. ის ვერ იტყვის, რომ ამ თემასთან დაკავშირებით შესაბამისი კონსტიტუციური უფლებამოსილება არ გააჩნია. მას გააჩნია ერთმნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლებამოსილება, მას შეუძლია მიიღოს შეწყალების აქტი“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოწოდებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, რომ უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში.

ბეჟაშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობის ზომბირება ხდება, თითქოს „ბოროტი დასავლეთი“ აპირებს საქრათველოს ომში ჩართვას.

„ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება არის მორიგი ბოდვა. ეს განცხადება ჯდება ანტიდასავლურ კამპანიაში, თითქოს უკრაინის ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში გამოაგზავნა, იმისათვის, რომ უზრუნველყო საქართველოს ომში ჩართვა. ანუ უკრაინას, დასავლეთს, აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩართვა. მოსახლეობას ამ ბოდვას აჯერებენ. საქართველოს მოსახლეობის ზომბირება ხდება, თითქოს „ბოროტი დასავლეთი“ აპირებს საქართველოს ომში ჩართვას.

ადამიანი ჩამოვიდა, იმისთვის, რომ პირადი თავდადებით საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ პრორუსულ „ოცნებაში“ ცხოვრება შეუძლებელია. მიხეილ სააკაშვილის დღეს ამ მდგომარეობაში ყოფნა წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის საგარეო კურსთან“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

გარდა ამისა, ბეჟაშვილმა საპარლამენტო პროცესებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიციურმა ჯგუფებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას, რის საფუძველზე პარლამენტი გახდება ერთპარტიული.

მისი თქმით, ოპოზიციური ჯგუფების მიერ პარლამენტის დატოვება უნდა გახდეს მნიშვნელოვანი საპროტესტო ტალღის დასაწყისის საფუძველი.

„პოლიტიკურმა ჯგუფმა უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას, როდესაც პარლამენტის დატოვება იქნება ერთპარტიული პარლამენტის საფუძველი. ყველა უნდა გავიდეს პარლამენტიდან. ამ შემთხვევაში ერთპარტიულ პარლამენტს ექნება ის რეზონანსი, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება. ეს არ უნდა იყოს ორდღიანი ნიუსი. ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი საპროტესტო ტალღის დასაწყისის საფუძველი“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო