უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი - მონაცემები არ გვაქვს, რაც ბელარუსიდან შემოჭრის საფრთხეს დაადასტურებდა

რაიმე მონაცემები არ გვაქვს, რაც ბელარუსიდან შემოჭრის საფრთხეს დაადასტურებდა,- ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

„არასწორი იქნებოდა ასეთი შესაძლებლობის [ბელარუსიდან შემოჭრის] გამორიცხვა, მაგრამ ასევე არასწორია იმის თქმა, რომ რაიმე მონაცემები გაგვაჩნია, რაც ამ საფრთხის არსებობას დაადასტურებდა”, - თქვა ბუდანოვმა.

მისი თქმით, რუსეთის ჯარები თავდასხმით წყობაში არ იმყოფებიან.

როგორც ბუდანოვმა აღნიშნა, რუსი ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი საწვრთნელი ბანაკები გადავსებულია ცოტა ხნის წინ მობილიზებული სამოქალაქო პირებით, რომლებიც წვრთნის გავლის შემდეგ საომრად დონბასში მიდიან.

ამავდროულად, მისივე თქმით, საწვრთნელ პოლიგონებზე მუშა მდგომარეობაში მყოფი ჯავშანტექნიკა არასაკმარისი რაოდენობითაა იერიშის განსახორციელებლად.

ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები უკრაინულ არმიაში პანიკის დათესვას ცდილობენ, როდესაც ჯარისკაცებით სავსე მატარებლებს ბელარუს-უკრაინის საზღვრისკენ აგზავნიან.

დაზვერვის მეთაურის თქმით, ცოტა ხნის წინ ბელარუსში რუსი ჯარისკაცებით დატვირთული მატარებელი უკრაინასთან საზღვართან ნახევარი დღით გაჩერდა, რის შემდეგაც, ყველა ჯარისკაცით ბორტზე, უკან მიტრიალდა.

ბუდანოვი იმიტაციის ასეთ ტაქტიკას “კარუსელად” მოიხსენიებს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება